თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: პიონჩანგში შეხვედრამდე!

AutoSharing Option
ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშები, როგორც იტყვიან, ისტორიის კუთვნილება კი გახდა, მაგრამ გარდა წმინდა სპორტული შედეგებისა, მომავალი სოჭში გამართულ ამ ოლიმპიადას მზადებისა და ჩატარების იმ მძიმე ფონზე მოიხსენიებს, რომელიც მთელი ამ პროცესის თანმდევი იყო და მოსალოდნელი საფრთხის შიშსაც შეიცავდა გარკვეულწილად...

ბუნებრივია, უპირველესად, ყველამ საკუთარ გულში განიცადა თამაშების მშვიდობიანი დასრულების გამო კმაყოფილება. ესტაფეტა სოჭმა კორეულ პიონჩანგს გადასცა. სწორედ იქ გაიმართება მომავალი თამაშები ოთხი წლის შემდეგ.

სოჭში ოლიმპიადა, ფაქტობრივად, დამთავრდა, მაგრამ მრავალმხრივი შეფასებები დიდხანს გაგრძელდება; პასუხი კითხვებსაც გაეცემა, როგორც იტყვიან, დასკვნები დაიდება.

პირუთვნელად
ეს პროცედურა, რაკი საკუთარ პრობლემებს თავად უნდა ჩავუღრმავდეთ, ჩვენც გასავლელი გვექნება. ბოლოს და ბოლოს, ჩვენთვისაც ხომ უნდა დადგეს ზამთრის ოლიმპიადაზე ღირსეულად წარდგომის დრო.

სოჭში გამართული ოლიმპიადის ბოლო სამი დღე, საზოგადოდ, უკანასკნელი იმედი იყო ოლიმპიური მედლების მებრძოლებისთვისაც და მანამდე ხელმოცარულებისთვისაც.

ჩვენც ჩვენი საზრუნავი გვქონდა, მაგრამ ჯერ ქალთა სლალომში ნინო წიკლაურმა პირველსავე ცდაზე ვერ ჩაამთავრა დისტანცია და ასპარეზობას გამოეთიშა, მეორე დღეს კი, ვაჟთა იმავე პროგრამაში, ასევე პირველ ცდაზე, გაიზიარა ნინოს ბედი ალექსი ბენიაიძემ. აქ მონაწილე 116 სპორტსმენიდან პირველი დაშვება 43-ე შედეგით (52.59) დაასრულა იასონ აბრამაშვილმა. ცხადია, მეორე ცდაზე იასონს დიდი სურვილი ჰქონდა, გაეუმჯობესებინა შედეგი ორი დაშვების ჯამში. გარკვეულწილად, ეს შეძლო კიდეც ჩვენმა სამთო-მოთხილამურემ - საბოლოოდ 22-ე ადგილზე გავიდა, რაც წლევანდელ ოლიმპიადაზე და, საერთოდაც, საქართველოს სპორტსმენებიდან საუკეთესო შედეგია ამ პროგრამაში.

22-ე ადგილი, მაშინ, როცა ასპარეზობა დაამთავრა დაახლოებით მხოლოდ მესამედმა - 42-მა მონაწილემ, სპორტსმენების მეათედ წამებთან თავდაუზოგავ ბრძოლაზეც მიგვანიშნებს და ამ ბრძოლაში ჩვენმა ოლიმპიელმა, ვფიქრობთ, შესაძლებლობის მაქსიმუმი ჩააქსოვა ტაქტიკური თვალსაზრისით.

- შემეძლო, უფრო სწრაფად მესრიალა, მაგრამ ეს იქნებოდა დაკავშირებული ტრასიდან გამოვარდნის რისკთან. მე კი მინდოდა, ფინიშთან აუცილებლად მივსულიყავი. ამიტომ ზომიერი ტაქტიკა ავირჩიე. ვინც გარისკა, ეს მათი არჩევანი იყო და ხომ ნახეთ, ხელი რამდენს მოეცარა. მათ შორის იყვნენ ფავორიტებიც, - გვითხრა იასონ აბრამაშვილმა 23 თებერვალს ოლიმპიურ პარკში შეხვედრისას.

კითხვაზე, მართლა იყო თუ არა ტრასა ხელოვნურად გართულებული მეორე დაშვებისას, ჩვენმა სპორტსმენმა ეჭვი დაგვიდასტურა.

განგვიმარტა, რომ ერთგან, ყველაზე რთულ მოსახვევში კარი მეორისგან, ნაცვლად 9 მეტრისა, 6-7 მეტრით იყო დაშორებული.

"ჩვენ ეს არ ვიცოდით და ვინც მაღალი სისწრაფე თავიდანვე აკრიფა, დაისაჯა კიდეც. ტრასა კოსტელიჩმა დააყენა, მათ შორის კი, ეს მოულოდნელი დაბრკოლება მაღალ სისწრაფეში ვინც დაძლია, იყო კოსტელიჩის შვილიც, რომელიც, როგორც ჩანს, მშობელმა ავარჯიშა კიდეც ასეთი სიტუაციისთვის".

23 თებერვალს, ოლიმპიადის ბოლო დღეს, 14 საათზე საქართველოს დელეგაციას ოლიმპიურ პარკში შეხვედრა გაუმართა ქართულმა დიასპორამ. საღამოს კი სოჭის ოლიმპიურ სტადიონზე ზამთრის XXII ოლიმპიადა საზეიმოდ დაიხურა.

ჩვენი დელეგაცია ადლერიდან პირდაპირი საჰაერო რეისით, 24 თებერვალს დაბრუნდება თბილისში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: სასწაული არ ხდება [VIDEO]

თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: დღეს გადაწყდება ყველაფერი
ნინო წიკლაური: არც კმაყოფილი ვარ, არც უკმაყოფილო [PHOTO]

თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: ოლიმპიური დეკადის გადასახედიდან
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: რა შეეშალა სოკ-ის მაღალჩინოსანს აფხაზეთთან დაკავშირებით

თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: დიდებული სანახაობა და ჭირვეული ლიფტები
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: ნოდარ ქუმარიტაშვილს გაიხსენებენ [PHOTO]
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: გაიხარეთ, კოლექციონერებო!
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: ჩაკეტილი თამაშები
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: ფიფქ(რ)ები თეთრ ოლიმპიადაზე
მორიგი კურიოზი სოჭიდან - წარწერა "ლელოს" რედაქტორის აკრედიტაციაზე
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: სასტუმროს ნომერი საშინლად დაბინძურებული დაგვხვდა

თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: 50 წუთი... ოლიმპიადამდე [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული