"მერსედესმა" და "ფერარიმ" მჭიდრო ბრძოლა გამართეს და პოული ლუის ჰემილტონმა მოიპოვა, რომელმაც ხუთი მეასედი წამით აჯობა სებასტიან ფეტელს, ვალტერი ბოტასმა კი კიმი რაიკონენზე ექვსი მეასედი წამით სწრაფად გაიარა წრე. შემდეგ მოდიოდნენ "რედ ბულის" პილოტები. სასიამოვნო მოულოდნელობა იყო სასტარტო ბილიკზე ფერნანდო ალონსოს მეშვიდე პოზიცია...
* * *
ჰემილტონისა და ფეტელის დუელი პირველი მეტრებიდან დაიწყო. სებასტიანმა უფრო დამაჯერებლად დაიწყო და უკვე
ფეტელი მალე 2.5 წამით დაშორდა ჰემილტონს და ამის შემდეგ დაიწყეს მათ ერთ ტემპში მოძრაობა. ბოტასი ლიდერებთან ნახევარ წამს აგებდა და მალე ჩამორჩა თანაგუნდელს ექვსი წამით. თავად ფინელი არანაირ ზეწოლას არ გრძნობდა - ის რიკარდოს ხუთ წამს უგებდა.
* * *
"პირელი" ესპანეთის გრანპრიზე ორ პიტსტოპს ვარაუდობდა და პირველი სერია უკვე მე-13 წრეზე დაიწყო. ლიდერთაგან პირველმა საბურავები ფეტელმა შეცვალა - მან ახალი "სოფტი" მიიღო და მეოთხე პოზიციაზე დაბრუნდა ტრასაზე - რიკარდოს, ჰემილტონისა და ბოტასის უკან. გერმანელი მალე გაუმკლავდა "რედ ბულის" პილოტს და "მერსედესის" წევრებს გამოეკიდა. სებმა ტრასის რეკორდი განაახლა და ლუისს წრეზე ორ წამს უგებდა.
"მერსედესი" აშკარად აყოვნებდა პიტსტოპს, რადგან იმედი ჰქონდა, რომ ერთი გაჩერების ტაქტიკას გამოიყენებდა ფეტელის ორი წინააღმდეგ. მე-20 წრისთვის ლუისსა და სებასტიანს შორის სხვაობა 15 წამამდე დავიდა და 21-ე წრეზე ჰემილტონმა მექანიკოსებისკენ შეუხვია. გაჩერების შემდეგ, ბრიტანელი რვა წამს აგებდა ფეტელთან.
სებასტიანი ბოტასის უკან შეყოვნდა და აშკარად კარგავდა ტემპს. ფინელმა ოთხი წრე "ატარა" გერმანელი, სანამ პირველ მოსახვევში არ გაუშვა პირველ პოზიციაზე. მალე ბოტასმა მეორე ადგილიც დაკარგა და ის ჰემილტონს გადაულოცა. ამ დროისთვის, ლუისმა გაანახევრა ფეტელთან ჩამორჩენა.
* * *
35-ე წრეზე მოხდა კონტაქტი ფელიპე მასასა და სტოფელ ვანდორნს შორის. შეჯახება სერიოზული არ ჩანდა, მაგრამ მსაჯებმა ვირტუალური უსაფრთხოების მანქანის რეჟიმი გამოაცხადეს. სწორედ ამ დროს, მოულოდნელად, ჰემილტონმა მეორე პიტსტოპზე შეუხვია. ფინიშამდე 29 წრით ადრე, ბრიტანელი ტრასაზე ახალი "სოფტით" დაბრუნდა. რბოლაში რესტარტი გამოაცხადეს და შემდეგ მომენტში, ბოქსებში მეორე პიტსტოპზე შევიდა ფეტელი. ტრასაზე დაბრუნებული გერმანელი ჰემილტონის გვერდით აღმოჩნდა. სებასტიანმა მოიგერია ბრიტანელის შეტევები, მაგრამ მას უფრო ხისტი "მედიუმი" ჰქონდა, ასე რომ, ლუისისგან შეტევები ისევ მოსალოდნელი იყო.
ერთი წრის შემდეგ, ჰემილტონმა პირველ მოსახვევში შეტევა სცადა, მაგრამ ფეტელი მას მომზადებული შეხვდა. იმ მომენტისთვის, რბოლას გამოეთიშა ვალტერი ბოტასი - ფინელის მანქანაზე ძრავა დაიწვა და მესამე ადგილი დანიელ რიკარდოსთან გადავიდა.
რამდენიმე წრე ლუისი კვალში ედგა ფეტელს. 43-ე წრეზე, ჰემილტონი ბრწყინვალედ გამოვიდა ბოლო მოსახვევიდან და პილოტებმა გვერდიგვერდ გაიარეს სასტარტო სწორი მონაკვეთი. დამუხრუჭების წინ, სები მარცხნივ დაცულ ტრაექტორიაზე გადავიდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა: ჰემილტონმა გარე ტრაექტორიზე ძალიან სწრაფად ჩაიარა და დამაჯერებლად გავიდა წინ.
* * *
20 წრის განმავლობაში, ფეტელი უშედეგოდ ცდილობდა ჰემილტონის დაწევას. ლუისი მშვიდად მივიდა პირველ ადგილზე და სეზონში მეორე, კარიერაში კი 55-ე რბოლა მოიგო. ფეტელმა კი მეორე ადგილი დაიკავა და გააგრძელა სერია - სეზონში ხუთი რბოლიდან ხუთი პოდიუმი. სამეულში შევიდა დანიელ რიკარდო, რომელსაც ჰემილტონმა კინაღამ წრეზე გაუსწრო.
გენერალური კლასიფიკაციის ლიდერი ისევ ფეტელია, მაგრამ ლუისი მასთან მხოლოდ ექვს ქულას აგებს. ბოტასმა და რაიკონენმა შეინარჩუნეს მესამე და მეოთხე ადგილები, მაგრამ ლიდერთან, შესაბამისად, 41 და 55 ქულას აგებენ. რაც შეეხება კონსტრუქტორთა თასს, "მერსედესმა" "ფერარისთან" უპირატესობა რვა ქულამდე გაზარდა.
შემდეგი ეტაპი - მონაკოს გრანპრი ორი კვირის შემდეგ გაიმართება.
რბოლის სტენოგრამა
- სტარტზე ფეტელმა ჰემილტონს გაუსწრო და რბოლას ჩაუდგა სათავეში. რაიკონენი ბოტასთან კონტაქტის შემდეგ, ფერსტაპენის მანქანას შეეხო - კიმი და მაქსი გატეხილი დაკიდებით გამოეთიშნენ ბრძოლას. მასა ალონსოს მანქანას შეეხო და ის ტრასიდან გადააგდო. ესპანელი მე-11 ადგილამდე ჩამოვიდა, მასა კი ბოქსებში გაემართა გახვრეტილი საბურავით.
- პირველი ათეული ორი წრის შემდეგ: ფეტელი - ჰემილტონი - ბოტასი - რიკარდო - პერესი - ოკონი - ჰიულკენბერგი - მაგნუსენი - საინსი - გროსჟანი.
- ფეტელი სწრაფად გაექცა ჰემილტონს 2.5 წამით. შემდეგ ტემპი სტაბილური გახდა.
- მე-15 წრეზე ფეტელმა პირველი პიტსტოპი შეასრულა. ტრასაზე დაბრუნებული, ის რიკარდოს უკან აღმოჩნდა, მაგრამ მალე გაასწრო მეტოქეს და რამდენიმე საუკეთესო წრე დააფიქსირა.
- ჰემილტონი 21-ე წრეზე შევიდა ბოქსებში და "მედიუმზე" გადავიდა.
- ფეტელი დაეწია ლიდერ ბოტასს, რომელსაც ჯერ არ ჰქონდა შეცვლილი საბურავები და რამდენჯერმე შეტევა სცადა ფინელზე, მაგრამ ბოტასმა შეინარჩუნა პოზიცია. ამ დუეტს უკნიდან ჰემილტონი მიუახლოვდა.
- 25-ე წრეზე ფეტელმა მაინც გაუსწრო ბოტასს. 26-ე წრეზე ფინელი ჰემილტონმაც ჩამოიტოვა უკან. 27-ე წრეზე, ვალტერიმაც შეასრულა პირველი პიტსტოპი.
- ფეტელი უფრო რბილი საბურავით, რამდენიმე მეათედი წამით უფრო სწრაფად გადიოდა წრეებს, ვიდრე ჰემილტონი და თანდათან ცილდებოდა ბრიტანელს.
- პირველი ათეული 36-ე წრეზე: ფეტელი - ჰემილტონი - ბოტასი - რიკარდო - პერესი - ოკონი - ჰიულკენბერგი - ვერლაინი - საინსი - მაგნუსენი.
- 36-ე წრეზე ჰემილტონმა შეცვალა საბურავები და "სოფტზე" გადავიდა. ჰემილტონი ტრასაზე მეორე პოზიციაზე დაბრუნდა - ფეტელთან 23 წამის ჩამორჩენით და ტემპი გაზარდა.
- "ფერარიმ" სწრაფად პიტსტოპით უპასუხა კონკურენტს. გერმანელს "მედიუმი" ერგო. ტრასაზე დაბრუნებული ფეტელი ჰემილტონთან ერთად შევიდა პირველ მოსახვევში - მოხდა კონტაქტი უკანა საბურავებს შორის. სებასტიანი პირველ ადგილზე დარჩა.
- 39-ე წრეზე ბოტასი გამოეთიშა ბრძოლას. ის მეხუთე მოსახვევთან უსაფრთხოების ზონაში გაჩერდა - ძალისმიერმა აგრეგატმა ვერ გაუძლო ზედიზედ ხუთ რბოლას.
- ჰემილტონი ამცირებდა ჩამორჩენას ფეტელთან და შესატევ მანძილამდე მიუახლოვდა ბრიტანელს. ლიდერებმა ტემპს მოუმატეს და საუკეთესო წრეები გაცვალეს. და 43-ე წრეზე, ლუისმა უფრო რბილი საბურავებისა და DRS-ის სისტემის წყალობით, გაუსწრო ფეტელს და რბოლის ლიდერი გახდა. "შანსი არ მქონდა", - თქვა სებასტიანმა.
- პირველი ათეული 45-ე წრეზე: ჰემილტონი - ფეტელი - რიკარდო - პერესი - ოკონი - ჰიულკენბერგი - ვერლაინი - საინსი - მაგნუსენი - კვიატი.
- ჰემილტონი ფეტელს დაშორდა იმ მანძილით, რომ გერმანელი DRS-ის სისტემით შეტევას ვერ შეძლებდა. ბრიტანელმა შეძლო ფინიშამდე სიტუაციის გაკონტროლება.
ლუის ჰემილტონმა რბოლის შემდეგ აღიარა, რომ სებასტიან ფეტელთან დაძაბული ბრძოლისგან უდიდესი სიამოვნება მიიღო.
"გუნდმა დაუჯერებელი სამუშაო ჩაატარა. აი, ასეთი უნდა იყოს რბოლები. სებასტიანი ძალიან სწრაფი იყო. ერთი ტემპი გვქონდა.
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი სტარტზე რა არ გამოვიდა - ყველაფერი სწორად გავაკეთე, მაგრამ ჩემმა საბურავებმა ისრიალეს.
ეს იყო რთული რბოლა, რომლის დროსაც, ორი კილოგრამი დავიკელი, მაგრამ კისერი წესრიგში მაქვს.
მთლიანად გამოფიტული ვარ ამ ავტომობილების სიჩქარისა და ფეტელის დაუჯერებელი პილოტაჟის გამო. ასეთ პილოტებთან ბრძოლა - ნამდვილი პრივილეგიაა".
ესპანეთის გრანპრი
ბარსელონა. 66 წრე, 307.104 კმ
1(1). ლუის ჰემილტონი (ბრიტ, მერსედესი) 1:35.56.497
2(2). სებასტიან ფეტელი (გერ, ფერარი) +3,490
3(6). დანიელ რიკარდო (ავსტრა, რედ ბული) +1.15,820
4(8). სერხიო პერესი (მექ, ფორს ინდია) 1 წრე
5(10). ესტებან ოკონი (საფ, ფორს ინდია) 1 წრე
6(13). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ, რენო) 1 წრე
7(12). კარლო საინსი (ესპ, ტორო როსო) 1 წრე
8(15). პასკალ ვერლაინი (გერ, ზაუბერი) 1 წრე
9(19). დანიილ კვიატი (რუს, ტორო როსო) 1 წრე
10(14). რომენ გროსჟანი (საფ, ჰაასი) 1 წრე
11(16). მარკუს ერიქსონი (შვედ, ზაუბერი) 2 წრე
12(7). ფერნანდო ალონსო (ესპ, მაკლარენი) 2 წრე
13(9). ფელიპე მასა (ბრა, უილიამსი) 2 წრე
14(11). კევინ მაგნუსენი (დან, ჰაასი) 2 წრე
15(17). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ, რენო) 2 წრე
16(18). ლენს სტროლი (კან, უილიამსი) 2 წრე
ფინიშზე ვერ მივიდნენ
17(3). ვალტერი ბოტასი (ფინ, მერსედესი) 39 წრე
18(20). სტოფელ ვარნდორნი (ბელ, მაკლარენი) 34 წრე
19(4). კიმი რაიკონენი (ფინ, ფერარი) 1 წრე
20(5). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ, რედ ბული) 1 წრე
საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი - 104 (2 მოგება)
2. ლუის ჰემილტონი - 98 (2)
3. ვალტერი ბოტასი - 63 (1)
4. კიმი რაიკონენი - 49
5. დანიელ რიკარდო - 37
6. მაქს ფერსტაპენი - 35
7. სერხიო პერესი - 34
8. ესტებან ოკონი - 19
9. ფელიპე მასა - 18
10. კარლოს საინსი - 17
11. ნიკო ჰიულკენბერგი - 14
12. რომენ გროსჟანი - 5
13. კევინ მაგნუსენი - 4
13. პასკალ ვერლაინი - 4
13. დანიილ კვიატი - 4
კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 161
2. ფერარი - 153
3. რედ ბული - 72
4. ფორს ინდია - 53
5. ტორო როსი - 21
6. უილიამსი - 18
7. რენო - 14
8. ჰაასი - 9
9. ზაუბერი - 4
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"