თავიდან პილოტების გუნდს შესამჩნევი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა ჰქონდა. პირველი დარტყმა პირველივე წუთზე ფელიპე მასამ შეასრულა. მე-9 წუთზე სახიფათო საჯარიმო შეასრულა ფერნანდო ალონსომ, მაგრამ "ვარსკვლავების" მეკარემ ქვედა კუთხიდან "გამოაძრო" ბურთი. შემდეგ გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი დაკარგა სერხიო პერესმა.
თანდათან ინიციატივა ალბერ II-ის
რამდენიმე წუთის შემდეგ მარკო სიმონემ მაინც გაიტანა მატჩში პირველი გოლი. ამჯერად ფეხბურთელმა ყველაფერი თავად გააკეთა - საჯარიმოს გარედან ზუსტად "ცხრიანში" გაარტყა ბურთი. 38-ე წუთზე ორამდე გაზარდა ანგარიში პოლ-ნოელ ეტორიმ - ახალგაზრდა მეკარემ, რომელიც "მონაკოს" აღზრდილია.
ავტომრბოლელების გუნდში გამოირჩეოდა GP2-ის სერიის პილოტი სტეფანო კოლეტი, რომელიც კარგად მუშაობდა მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე. 42-ე წუთზე პილოტებმა ერთი გოლი გაქვითეს - ჟიულ ბიანკიმ ზუსტი გადაცემით სერხიო პერესი გაიყვანა დასარტყმელად და მექსიკელმა არ ააცილა. შესვენებაზე გუნდები 2:1-ით გავიდნენ.
მეორე ტაიმის მეხუთე წუთზე ალბერ II-ის გუნდმა ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა - ძლიერი შორეული დარტყმით თავი გამოიჩინა "მონაკოს" ყოფილმა ფეხბურთელმა კამპიმ. პილოტების გუნდმა მეტოქეს შეცვლებით უპასუხა - მინდორზე გამოჩნდა პროფესიონალი ფეხბურთელი, "მონაკოს" აღზრდილი სიმონელი. მე-15 წუთზე სერხიო პერესი შეცვალა ახალგაზრდა პილოტმა ნათანიელ ბერტონმა. სულ მალე ფელიპე მასას ნაცვლად მოედანზე გავიდა კევინ ჩენკონი.
"ხმაურიანი" შეცვლა ჰქონდათ "მასპინძლებს" - შემადგენლობაში გამოჩნდა მმართველი დინასტიის წარმომადგენელი პიერ კაზირაგი. 28-ე წუთზე მან გოლის გატანის რეალური შანსი გაუშვა ხელიდან - კარიდან ორი-სამი მეტრის მოშორებით ბურთს ფეხი ააცილა.
მეორე ტაიმის 31-ე წუთზე სიმონელიმ ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა, მაგრამ ძელს მოახვედრა. ერთი წუთის შემდეგ ჯოკოვიჩის კარგი პასი კაზირაგიმ ვერ გამოიყენა. 36-ე წუთზე სიმონელიმ ერთი-ერთზე გაიყვანა გერმანელი ავტომრბოლელი მარო ენგელი, რომელმაც იოლად მოატყუა მეკარე და სხვაობა შეამცირა - 2:3.
ძირითადი დროის ბოლო წუთზე შესანიშნავი მომენტი შექმნა ენგელმა - გერმანელმა საჯარიმოს გარედან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ძელს გაარტყა. ერთი წუთის შემდეგ კი საფინალო სასტვენი გაისმა, რომელმაც ალბერ II-ის გუნდის გამარჯვება დააფიქსირა - 3:2.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კიმი რაიკონენი: ორი ვარიანტი 2014 წლისთვის