კიმი რაიკონენი მიხაელ შუმახერის რეკორდს ემუქრება

AutoSharing Option
მონაკოს გრანპრიზე "ლოტუსის" ფინელმა პილოტმა კიმი რაიკონენმა სტაბილურობის მორიგი რეკორდი დაამყარა: 33 წლის ავტომრბოლელმა ზედიზედ 34-ე რბოლის დასრულება შეძლო.

ბოლოს კიმიმ ფინიშამდე 2009 წლის ზაფხულში ვერ მიაღწია, როცა "ფერარის" რიგებში ირიცხებოდა: იმ წლის 12 ივნისს რაიკონენი ავარიის გამო ჩამოსცილდა დისტანციას.

ამის შემდეგ მან რვა რბოლა ჩაატარა "ფერარის" რიგებში და 26 - "ლოტუსის" შემადგენლობაში, ყოველ ჯერზე მიაღწია ფინიშამდე და მხოლოდ სამჯერ ვერ შევიდა ქულათა ზონაში, აქედან 15-ჯერ პოდიუმზე ავიდა.

ასე რომ, მონაკოში კიმიმ დაამხო წინა რეკორდი - ზედიზედ 33 ფინიში, რომელიც
გერმანელ ნიკ ჰაიდფელდს ეკუთვნოდა. აქამდე რაიკონენი მხოლოდ ერთი რეკორდის მფლობელი იყო და იმასაც მიხაელ შუმახერთან იყოფდა: სეზონში სწრაფი წრეების რაოდენობა. შუმახერმა 2004 წელს 10 საუკეთესო წრე დააფიქსირა, რაიკონენმა კი, რომელიც მაშინ "მაკლარენის" ბოლიდით გამოდიოდა, 2005 წელს გაიმეორა ეს შედეგი.

თუმცა კანადაში, მომავალ სარბოლო უქმეებზე ფინელს აქვს შანსი, დაეწიოს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს ზედიზედ შედეგიანი ფინიშების რაოდენობით: თავის დროზე შუმახერი ზედიზედ 24 რბოლაში აგროვებდა ქულებს. მონაკოში მოპოვებულმა ერთადერთმა ქულამ რაიკონენს ანალოგიური სერია 23 რბოლამდე ააყვანინა და თუ სკანდინავიელი კანადის გრანპრიზე წარმატებით გამოვა, დაეწევა ლეგენდარულ შუმის.

მონაკოში არცთუ ისე წარმატებული გამოსვლის მიუხედავად, კიმის კვლავინდებურად მეორე ადგილი უკავია ჩემპიონატის პირად ჩათვლაში. მისი ჩამორჩენა ლიდერ სებასტიან ფეტელთან 21 ქულას უდრის.

რედ ბულში შემადგენლობა არ იციან
"რედ ბულის" შეფმა აღნიშნა, რომ გუნდი არ ჩქარობს 2014 წლისთვის შემადგენლობის გამოცხადებას. თუმცა ავსტრიული საჯინიბოს ხელმძღვანელმა მიანიშნა იმის შესახებ, რომ მარკ უებერთან კონტრაქტი, რომელსაც ვადა ამ სეზონის შემდეგ ეწურება, არ იქნება გაგრძელებული.

"ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შეიძლება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება შემდეგ სეზონში "რედ ბულის" წევრი, - მოჰყავს Autosport-ს ჰორნერის სიტყვები. - ყველასთვის ცნობილია, რომ მარკ უებერის კონტრაქტი მთავრდება, თუმცა ჩვენ არ ვჩქარობთ გადაწყვეტილების მიღებას. 2014 წლის სეზონისთვის შემადგენლობას მომავალ კვირას ნამდვილად არ დავასახელებთ".

ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უებერის ადგილი "რედ ბულში", შესაძლოა, "ტორო როსოს" ამჟამინდელმა პილოტმა დანიელ რიკიარდომ დაიკავოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფორმულა 1: "ფერარიც" უკანონოა?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული