დევიდ კულტჰარდი: "ფერარი" ფერნანდო ალონსოს დაკარგავს

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტს დევიდ კულტჰარდს მიჩნია, რომ თუ "ფერარი" უახლოეს პერიოდში არ შეცვლის სიტუაციას, რომელშიც ეს გუნდი ბოლო წლებში იმყოფებდა და არ შესთავაზებს თავის პილოტს ფერნანდო ალონსოს საჩემპიონო ბოლიდს, პილოტი, შესაძლოა, სხვა გუნდში გადასვლაზე დაფიქრდეს.

"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გასულ წელს, როცა "ფერარი" უფრო უარეს მდგომარეობაში იყო, მეტად სჯეროდა ტიტულზე საკუთარი შანსების, ვიდრე ამ სეზონში. ნამდვილად ასეა, რადგან გასულ სეზონში ის ლიდერობდა ჩემპიონატში, ახლა - არა.

"სკუდერიაში" არ ნებდებიან, მაგრამ ფორმულა 1-ში ყველამ იცის, რამდენად რთულია კონკურენტებთან სხვაობის შემცირება,
განსაკუთრებით მაშინ, როცა ებრძვი შენზე სწრაფ მანქანას.

ჩვეულებრივ, ალონსო პოზიტიურად ლაპარაკობს ჩემპიონატში თავის შანსებზე, მაგრამ მისი კომენტარი გერმანიის გრანპრის შემდეგ საგულისხმო იყო. მან "ფერარიზე" ილაპარაკა: "მათ რაღაც უნდა მოიმოქმედონონ, თანაც დაუყოვნებლივ". ეს სიტყვები მაგიდაზე მუშტის დარტყმას ჰგავს.

დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ალონსომ ბოლოჯერ მოიგო ჩემპიონატი და ეს იმიტომ არ ხდება, რომ ის არ აჩვენებს საჩემპიონო დონეს. ის ყოველთვის კარგ ფორმაშია.

თუ დღევანდელი სიტუაცია კიდევ გაგრძელდება, მაშინ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რამდენად დიდხანს დარჩება ალონსო "ფერარიში". წელს ის 32 წლის გახდება. მას დაახლოებით ხუთი წელი დარჩა მაღალ დონეზე გამოსასვლელად. და თუ "ფერარი" ვერ შეძლებს ძალიან მალე ყველაფრის სწორად კეთებას, ის დაფიქრდება ამ გუნდში თავის მომავალზე
", - ამბობს კულტჰარდი BBC-თან კომენტარში.

რა ხდება ფორმულა 1-ის ბაზარზე?
ცნობილი ექსპერტი და კომენტატორი ჯეიმს ალენი საკუთარ ბლოგზე საუბრობს 2013 წლის სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდების შემადგენლობებში მოსალოდნელ ცვლილებებზე....

"წელს, მარკ უებერმა ადრეულად გამოაცხადა "რედ ბულიდან" წასვლის შესახებ და ამით პროცესი დაიძრა. პილოტების მენეჯერები გააქტიურდნენ, მოლაპარაკებებს აწარმოებენ გუნდებთან და ცდილობენ თავიანთი შეგირდებისთვის საუკეთესო ვარიანტების მოძებნას.

ცნობილია, რომ იმ ვაკანსიაზე, რომელიც მარკის წასვლის შემდეგ "რედ ბულში" გაჩნდება, კიმი რაიკონენი და "ტორო როსოს" ორი პილოტი - ჟან-ერიკ ვერნი და დანიელ რიკარდო აცხადებენ პრეტენზიას. გერმანიის გრანპრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სებასტიან ფეტელმა კვლავ თბილად ილაპარაკა კიმიზე. შესაძლოა, საქმე იმაში იყოს, რომ მან უკვე იცის - სწორედ რაიკონენი გახდება მისი თანაგუნდელი. თუმცა თავად ფინელი და რიკარდო უქმეების მსვლელობისას აცხადებდნენ, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

"ლოტუსში" ძალიან უნდოდათ ნიკო ჰიულკენბერგის ხელში ჩაგდება - მოლაპარაკებები დღესაც გრძელდება. მაგრამ, თუ რაიკონენი დარჩება "ლოტუსში", საინტერესოა, შენარჩუნდება თუ არა გუნდის მხრიდან ჰიულკენბერგის კონტრაქტის მიმართ ინტერესი. თუ ისინი გუნდში რომენ გროსჟანის დატოვებას გადაწყვეტენ. გერმანიაში რომენმა ძალიან კარგი უქმეები ჩაატარა, მაგრამ, სეზონის მსვლელობისას ქულების იმ რაოდენობის 35 პროცენტი მოაგროვა, რაც კიმის აქვს მოპოვებული. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას ორ რბოლაში სთხოვეს პარტნიორის წინ გაშვება.

ჰიულკენბერგი საკმაოდ სტაბილურია, ის ყოველთვის მაღალ შეფასებას იღებდა იმ გუნდებიდან, რომლებშიც ადრე გამოდიოდა, მაგრამ, ახლა, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა "ზაუბერში" წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების გამო. შვეიცარიულ გუნდს ფული არ აქვს და გასულ უქმეებზე პადოკში ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ თუ ნიკო წასვლას გადაწყვეტს, "ზაუბერი" მზად არის გაანთავისუფლოს გერმანელი კონტრაქტისგან.

სეზონი რთულად ვითარდება ფელიპე მასასთვის, ხოლო იმის გამო, რომ კონტრაქტებზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, ბევრი სვამს კითხვას - მისცემს თუ არა "ფერარი" ფელიპეს კიდევ ერთ შანსს თუ ეს სეზონი ბოლო იქნება ბრაზილიელისთვის "სკუდერიაში". "ზაუბერი" ყოველთვის მიიჩნეოდა "ფერარის" "ფილიალად", იტალიური საჯინიბო ასევე ყურადღებით აკვირდება ჰიულკენბერგის გამოსვლას, თუმცა ნიკოს არაერთხელ უთქვამს, რომ არ აპირებს ლოდინს -, როდის გაჩნდება "ფერარიში" ვაკანსია.

"ლოტუსის" მხრიდან ჰიულკენბერგისადმი ინტერესი ზრდის გერმანელის შანსებს, მომავალ სეზონში კონტრაქტი გააფორმოს რომელიმე ძლიერ გუნდთან, თუ, რა თქმა უნდა, მას დარჩენილ რბოლებში ყველაფერი წესრიგში ექნება"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანიის გრანპრი: სებასტიან ფეტელი ისევ გაიქცა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული