გერმანიის გრანპრი: სებასტიან ფეტელი ისევ გაიქცა

AutoSharing Option
სტარტის წინ ყველა საუბარი "პირელის" საბურავებს უკავშირდებოდა. რა მდგომარეობაში იქნებოდნენ პილოტები ბრიტანეთის გრანპრის დროს შექმნილი პრობლემების შემდეგ, ისწავლა თუ არა "მერსედესმა" საბურავებთან მუშაობა და ა.შ. ამ კითხვებზე პასუხი ნიურბურგრინგის რბოლას უნდა გაეცა.

პოულის მფლობელ ლუის ჰემილტონს სუსტი რეაქცია ჰქონდა სასტარტო სიგნალზე და უკვე პირველ მოსახვევში მას გაუსწრეს სებასტიან ფეტელმა და მარკ უებერმა, რითაც ბრიტანელი მესამე პოზიციამდე ჩამოაქვეითეს. კიმი რაიკონენმა და რომენ გროსჟანმა შეინარჩუნეს ადგილი პირველ ხუთეულში, ფელიპე მასამ მეექვსე პოზიცია წაართვა დანიელ რიკარდოს, ფერნანდო ალონსომ კი შეინარჩუნა მერვე ადგილი.

რბოლაში
პირველი ინციდენტი უკვე მეოთხე წრეზე მოხდა - DRS-ის სისტემის ამოქმედების შემდეგ, პირველ მოსახვევში ტრასიდან გადავარდა მასა, რითაც მეექვსე პოზიციაზე დაბრუნდა რიკარდო, თუმცა ერთი წრის შემდეგ ავსტრალიელი პირველი ათეულიდან პირველი წავიდა პიტსტოპზე.

მეექვსე წრეზე "სოფტიდან" "მედიუმზე" გადავიდა ჰემილტონი. ერთი წრის შემდეგ ბრიტანელს მიბაძეს ფეტელმა და პერესმა. უკვე მერვე წრეზე პიტსტოპები შეასრულეს რაიკონენმა და უებერმა, თუმცა ამ უკანასკნელის საბურავზე მექანიკოსებმა ცუდად დაამაგრეს საბურავი, რითაც ავსტრალიელს მაღალი შედეგის მიღწევის შანსი მოუსპეს და კინაღამ დაასახიჩრეს პიტ-ლეინზე მყოფი ოპერატორი.

ამასობაში ლიდერი რომენ გროსჟანი გახდა, რომელიც ცხრა წამით უგებდა ალონსოს, ბატონსა და ჰიულკენბერგს, რომლებმაც "მედიუმით" აიღეს სტარტი. ამ ჯგუფის უკან იყო ფეტელი - გერმანელი ახალი საბურავებით დაეწია და გაუსწრო ჰიულკენბერგსა და ბატონს და ალონსოს გამოეკიდა. კიდევ უფრო უკან იყვნენ "მერსედესის" პილოტები. მათ შორის ერთ-ერთი - ჰემილტონი - აქტიურად უტევდა რაიკონენს.

მე-12 და მე-13 წრეებზე პიტსტოპები შეასრულეს ალონსომ და გროსჟანმა და თუ ესპანელი მეცხრე დაბრუნდა ტრასაზე, ფრანგი მესამეზე აღმოჩნდა, მალე გაასწრო ბატონს და მეორე ადგილზე გადავიდა - ის მხოლოდ ფეტელს ჩამორჩება.

მესამედი დისტანციის შემდეგ ფეტელსა და გროსჟანს შორის სხვაობა ორი წამი იყო, ამ წყვილს კი 10 წამით ჩამორჩებოდა რაიკონენი. კიდევ შვიდი წამით უკან იყო ალონსო. საბოლოოდ, პილოტებმა სწორედ ამ თანმიმდევრობით დაასრულეს რბოლა, თუმცა, სანამ ეს მოხდებოდა, ტრასაზე რამდენიმე საინტერესო მოვლენას ჰქონდა ადგილი. მაგალითად, 23-ე წრეზე დაიწვა ჟიულ ბიანკის "მარუსიას" საბურავი და ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გავიდა, რომლის დროსაც პილოტებმა მეორე პიტსტოპი შეასრულეს.

რესტარტი 30-ე წრეზე მისცეს და ფეტელმა შეინარჩუნა ლიდერობა - თითქმის წამით დაშორდა გროსჟანისა და რაიკონენის წყვილს, თუმცა დრო გადიოდა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვერაფრით ახერხებდა "ლოტუსის" პილოტებისგან უფრო შორს წასვლას.

რბოლის ბოლო ნაწილში ლიდერთა სამეულმა სხვადასხვა ტაქტიკა აირჩია. გროსჟანი და ფეტელი მე-40 და 41-ე წრეზე შევიდნენ მესამე პიტსტოპზე, რაიკონენმა კი ეს მომენტი მაქსიმალურად გაწელა. ფინელმა კიდევ ცხრა წრე იარა ძველი საბურავებით და ბოქსებში 49-ე წრეზე შევიდა, მაგრამ თანაგუნდელსა და ფეტელზე მოპოვებული 14-წამიანი უპირატესობა საკმარისი არ აღმოჩნდა ტრასაზე პირველ ადგილზე დასაბრუნებლად.

სამაგიეროდ, ახალი საბურავებით კიმიმ 54-ე წუთზე გაუსწრო გროსჟანს და მეორე ადგილზე გადავიდა. ფეტელთან ის ორ წამს აგებდა და დარჩენილი დრო გერმანელთან სხვაობის შემცირებას მოანდომა. ბოლო წრეზე DRS-ის ზონაში ფეტელზე შეტევა სცადა, მაგრამ ვეღარ მოასწრო. გროსჟანმა ბოლოს მოახერხა ალონსოს შეჩერება მესამე ადგილისთვის ბრძოლაში და სეზონში მეორე და კარიერაში მეხუთე პოდიუმი მოიპოვა.

სეზონში მეოთხე მოგებამ ფეტელს ალონსოსთან უპირატესობის 34 ქულამდე გაზრდის საშუალება მისცა. გარდა ამისა, ესპანელს მეორე ადგილისთვის ბრძოლაში რაიკონენი მიუახლოვდა - მათ შორის სხვაობა მხოლოდ შვიდი ქულაა.

მსოფლიოს ჩემპიონატის მე-10 ეტაპი სამი კვირის შემდეგ, ბუდაპეშტში გაიმართება.

გერმანიის გრანპრი. VIII ეტაპი
ნიურბურგრინგი (60 წრე, 308.623 კმ)
1(2). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 1:41.14,711 (3 პიტსტოპი)
2(4). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +1,008 (3)
3(5). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) +5,830 (3)
4(8). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +7,721 (3)
5(1). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) +26,927 (3)
6(9). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +27,996 (2)
7(3). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +37,562 (3)
8(13). სერხიო პერესი (მაკლარენი, მექსიკა) +38,306 (2)
9(11). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +46,821 (3)
10(10). ნიკო ჰიულკენბერგი (ზაუბერი, გერმანია) +49,892 (3)
11(12). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +53,771 (2)
12(6). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) +56,975 (3)
13(15). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) +57,738 (3)
14(14). ესტებან გუტიერესი (ზაუბერი, მექსიკა) +1.00,160 (3)
15(18). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) +1.01,929 (2)
16(17). ვალტერ ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) 1 წრე (2)
17(22). შარლ პიკი (კატერჰემი, საფრანგეთი) 1 წრე (3)
18(10). გიდო ვან დერ გარდე (კატერჰემი, ჰოლანდია) 1 წრე (3)
19(21). მაქს ჩილტონი (მარუსია, ბრიტანეთი) 1 წრე (4)
20(16). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) 37 წრე
21(19). ჟიულ ბიანკი (მარუსია, საფრანგეთი) 22 წრე
22(7). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) 4 წრე

საერთო ჩათვლა
1. ფეტელი - 157 (3 მოგება); 2. ალონსო - 123 (2); 3. რაიკონენი - 116 (1); 4. ჰემილტონი - 99; 5. უებერი - 93; 6. როსბერგი - 84 (2); 7. მასა - 57; 8. გროსჟანი - 41; 9. დი რესტა - 36; 10. ბატონი - 33; 11. სუტილი - 23; 12. პერესი - 16; 13. ვერნი - 13; 14. რიკარდო - 11; 15. ჰიულკენბერგი - 7.

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 250; 2. მერსედესი - 183; 3. ფერარი - 180; 4. ლოტუსი - 157; 5. ფორს ინდია - 59; 6. მაკლარენი - 49; 7. ტორო როსო - 24; 8. ზაუბერი - 7.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანიის გრან პრიზე მარკ უებერის ბოლიდის საბურავმა კინაღამ ადამიანი შეიწირა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფერარიმ ნორნალურად დაიწყო,მაგრამ აურია,წელსაც ფეტელი გახდება ჩემპიონი უდიდესი ალბათობით
jimmy jump
00:49 08-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული