ბერნი ექსლსტოუნი: გაისად 20 რბოლა იქნება

AutoSharing Option
როგორც უკვე ვწერდით, სამშაბათს გამოცხადდა იმის შესახებ, რომ 2014 წელს, ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარში დაბრუნდება ავსტრიის გრანპრი, რომელიც "რედ ბულ რინგზე" გაიმართება.

ამ ამბავმა ავტოსპორტის ბევრი მოყვარული გაახარა, თუმცა ჯერ გაურკვეველია, რომელ ეტაპს შეცვლის სეზონის განრიგში ავსტრიის გრანპრი. უკვე დაიწყეს ლაპარაკი იმის შესახებ, რომ 2014 წელს, შესაძლოა, 21 ან 22 რბოლა ჩატარდეს, თუმცა გაზეთ Kleine Zeitung-თვის მიცემულ ინტერვიუში ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა განაცხადა, რომ მომავალ წელს, ეტაპების რიცხვი 20-ს არ გადააჭარბებს. არადა, გაისად დაგეგმილია ნიუ ჯერსისა და
სოჭის ეტაპების დებიუტი.

"ჩვენ 20 რბოლას ჩავატარებთ. ამის თქმა დანამდვილებით შეიძლება. ჯერ არ ვიცი, როგორ მოვაგვარებთ ამ პრობლემას. გირჩევთ, ამ შეკითხვით შემოდგომაზე მომმართოთ", - განაცხადა ექლსტოუნმა.

ამავე ინტერვიუში ბრიტანელმა ჩინოვნიკმა ისიც განაცხადა, რომ ავსტრიულ მხარესთან შვიდწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და შესაბამისად, ავსტრიის გრანპრი კალენდარში 2020 წლამდე დარჩება კალენდარში.

ამასთან დაკავშირებით, საინტერესო მოსაზრება გამოთქვა "მერსედესის" აღმასრულებელმა დირექტორმა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ნიკი ლაუდამ. ლეგენდარულ ავსტრიელს მიაჩნია, რომ ნიუ ჯერსიში აშშ-ის გრანპრი არ იქნება შეტანილი 2014 წლის კალენდარში. ლაუდას აზრით, ამერიკული ეტაპის ბედი მას შემდეგ გადაწყდა, რაც ავსტრიის გრანპრის დაბრუნების შესახებ გამოცხადდა.

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ნიუ ჯერსი უკვე ამოღებულია კალენდრიდან, - განაცხადა ლაუდამ ავსტრიული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში. - ეს რბოლა წელს ფინანსური პრობლემების გამო არ გაიმართა".

სხვათა შორის, გუშინ გაირკვა რუსეთის სადებიუტო ეტაპის თარიღი. სოჭის ოლიმპიურ პარკში გრანპრი 2014 წლის 19 ოქტომბერს გაიმართება. რუსული ეტაპის ორგანიზატორებს ბერნი ექლსტოუნთან 2020 წლამდე აქვთ გამფორმებული კონტრაქტი.

ზაუბერი "პილოტს" კარგავს?
უახლოეს უქმეებზე, უნგრეთის "ჰუნგაროგინგზე" მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი გაიმართება. ბუნებრივია, საავტომობილო პრესა ბუდაპეშტშია შეკრებილი და მთავარი განსახილველი საკითხია შვეიცარიული საჯინიბოს - "ზაუბერის" ფინანსური კრიზისი.

პირველ რიგში, ყველას აინტერესებს ამ გუნდის პილოტის ნიკო ჰიულკენბერგის მომავალი ბედი, რადგან გერმანელთან მიმართებაში მეტად კატეგორიული პროგნოზები ისმის.

ამბობენ, თითქოს უნგრეთის გრანპრი ბოლო იქნება ნიკოსთვის "ზაუბერის" შემადგენლობაში - ჰიულკენბერგი უბრალოდ გამოტოვებს სეზონის დარჩენილ ნაწილს და 2014 წლისთვის მოემზადება, რადგან მომავალ სეზონში მას ელის კონტრაქტი ერთ-ერთ ტოპ-გუნდთან - "ლოტუსთან" ან "ფერარისთან. თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც ჭორია.

შეგახსენებთ, რომ წინა ეტაპის - გერმანიის გრანპრის დღეებში აქტიურად განიხილებოდა სკანდალური ამბავი იმის შესახებ, რომ "ზაუბერი" ფინანსური პრობლემების გამო ჰიულკენბერგს ხელფასის გადახდას უგვიანებდა. ამით შვეიცარიულმა გუნდმა კონტარქტის პირობები დაარღვია და შესაბამისად, გერმანელი პილოტი ფორმალურად თავისუფლდებოდა გუნდის მიმართ ვალდებულებებისგან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სებასტიან ფეტელი და ბავშვები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული