სებასტიან ფეტელი და ბავშვები

AutoSharing Option
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა უჩვეულო ინტერვიუ მისცა გაზეთ "ბილდს". "რედ ბულის" პილოტი ბავშვების - რვა წლის ფიონასა და ტიმის და შვიდი წლის ლუისის შეკითხვებს პასუხობდა.

- რას აკეთებთ იმ დროს, როცა ფორმულა 1-ში რბოლები არ ტარდება?
- მაგალითად, ვუყურებ ფეხბურთს, ვგულშემატკივრობ ფრანკფურტის "აინტრახტს". ეს იყო პირველი სტადიონი, რომელზეც მე და ჩემი მეგობრები ერთად წავედით.

- თამაშობთ ვიდეოთამაშებს, მაგალითად, Super Mario Kart-ს?
- დიახ, დროდადრო ამას ვაკეთებ. პილოტად ჯოშის ვირჩევ ხოლმე.

- მანქანაში მორჩილი მგზავრი ხართ თუ ყოველთვის წუწუნებთ?
-
სინამდვილეში, კარგი მგზავრი ვარ მაშინ, თუ ვიცი, რომ საიმედო ხელში ვიმყოფები. მაგრამ თუ ვფიქრობ, რომ ეს ასე არ არის, ამ შემთხვევაში მოფიქრებული მაქვს რამდენიმე მიზეზი იმისთვის, რომ მანქანიდან გადავიდე. მაგალითად, ვამბობ, რომ ცუდად ვარ.

- ოდესმე პოლიციას გაუჩერებიხართ?
- სამწუხაროდ, რამდენჯერმე იყო ასეთი შემთხვევა. ერთხელ სიმთვრალეზეც შემამოწმეს, რადგან პოლიციას უნდოდა გაეგო - ბევრი დავლიე თუ არა. მაგრამ მე ძალიან სწრაფად არ დავდივარ. სისულელე იქნებოდა მართვის მოწმობის გარეშე დარჩენა.

- რას აკეთებთ მაშინ, როცა რბოლის დროს ტუალეტში გინდებათ?
- გაჩერება არ შეიძლება. ასეთ შემთხვევაში, ყოველთვის ბოლო ვიქნები. არიან მრბოლელები, რომლებიც ამას პირდაპირ შარვალში აკეთებენ.

- რა საშინელებაა!..
- მაგრამ მე მათ რიცხვში არ შევდივარ. დღემდე ვახერხებ, "მშრალი" ამოვიდე ბოლიდიდან. საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ რბოლის წინ აუცილებლად უნდა შეხვიდე ტუალეტში.

- საფენებს რატომ არ იყენებთ?
- იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მანქანაში ვერ ჩავეტევი, რადგან იქ ძალიან ვიწრო სავარძელია.

- სპორტის რა სახეობებს მისდევთ?
- მომწონს ჩოგბურთის და ფეხბურთის თამაში, სირბილი, ველოსიპედით სეირნობა. ხანდახან აუზში ვცურავ, მაგრამ ეს საქმე დიდად არ მიყვარს, რადგან მოსაწყენად მეჩვენება. თან ცურვის დროს მუსიკას ვერ მოუსმენ.

- გყავთ შეყვარებული?
- დიახ, თან უკვე დიდი ხანია.

- რატომ მიდიან ფორმულა 1-ში მხოლოდ ბიჭები?
- კარგი კითხვაა. პრობლემა იმაშია, რომ ბავშვობაში ძალიან ცოტა გოგონას სურს რბოლა. არადა, კარიერა ძალიან პატარა მანქანებით იწყება. კარტინგში ბევრი გოგო არასოდეს მინახავს.

- პილოტის პროფესიის გარდა, კიდევ რა გსურდათ გამოსულიყავით?
- ბევრი სურვილი მქონდა: ფეხბურთელი, მეხანძრე... შემდეგ იყო ავტოსპორტი და საბედნიეროდ, ეს სურვილი ამისრულდა.

- ყოველთვის რატომ აჩვენებთ თითს სიხარულის გამოხატვისას?
- ეს შემთხვევით მოხდა! ხუთი წლის წინ ისე გამეხარდა პირველი მოგება, რომ თითი მაღლა ავწიე და ამით ვაჩვენე ყველას, რომ ეს ჩემი პირველი ტრიუმფი იყო. მას შემდეგ ეს ტრადიცია გახდა.

- ავტობანებზე რამდენად სწრაფად დადიხართ?
- ეს იმაზეა დამოკიდებული, რა სიჩქარეა ნებადართული. გერმანიაში თუ ავტობანი თავისუფალია, საშუალება გაქვს, სიჩქარეს მოუმატო, მაგრამ, ჩვეულებრივ, იქ სხვა ბევრი მანქანაა, ამიტომაც სწრაფად სვლა სახიფათოა. ამიტომაც გამოვდივარ ფორმულა 1-ში - ეს მოთხოვნა რომ დავიკმაყოფილო.

- რამდენი წლის იყავით, როცა კარტინგში მიხვედით?
- სამი ან ოთხი წლის. სახლთან პატარა ეზო გვქონდა და იქ ვერთობოდი. ეს იყო ძალიან პატარა და არც ისე სწრაფი კარტი. ამ დროს მამაჩემიც მუდმივად ჩემ გვერდით დარბოდა. პირველი რბოლა დაახლოებით 7-8 წლის ასაკში ჩავატარე. რეგულარულად დავდიოდი მიხაელ შუმახერის კარტოდრომზე და სხვა ბავშვებს ვეჯიბრებოდი. ასე რომ, უკვე ბავშვობაში ვისწავლე ის, რასაც ახლა ვიყენებ.

- სად ინახავთ თქვენს თასებსა და პრიზებს? ალბათ, ძალიან ბევრი ჯილდო გაქვთ...
- დღეს პრიზებისთვის ადგილი აღარ მყოფნის, მაგრამ ეს სასიამოვნო პრობლემაა. კარგია, როცა თასი უფრო მეტი გაქვს, ვიდრე ადგილი. უარესი იქნებოდა ბევრი ადგილი და არც ერთი თასი.

- რომელია თქვენი საყვარელი ტრასა?
- ასეთი რამდენიმეა, მაგრამ თუ ერთის არჩევას მთხოვთ, მაშინ სუზუკას დავასახელებდი. იქ ბევრი სწრაფი მოსახვევია, რომლის გავლა მეხუთე გადაცემით საათში 200 კილომეტრი სიჩქარით შეიძლება. ხან მარჯვნივ ვარდები, ხან მარცხნივ, მაგრამ ეს სამხიარულოა.

- გყავთ მეგობრები პილოტებს შორის?
- კარტინგიდან მოყოლებული, ძალიან ბევრ მრბოლელს ვიცნობ. ბუნებრივია, ჩვენ იქ დავმეგობრდით, თუმცა არც ერთი მათგანი ფორმულა 1-ში არ არის. ისინი ისეთი მანქანებით გამოდიან სარბოლო სერიებში, რომლებიც ჩვეულებრივ ავტოებს ჰგავს.

- ფორმულა 1-ში მეგობრები არ გყავთ?
- ყოველთვის მოიძებნება პილოტი, რომელთანაც სხვებზე უკეთ გრძნობ თავს. ალბათ, ეს ოდნავ ჰგავს სიტუაციას სკოლაში. მოსწავლეების ერთი ნაწილი მოგწონს, სხვები სულელებად მიგაჩნია. ნიკო ჰიულკენბერგი - კარგი ბიჭია. ასევე კარგი ურთიერთობა მქონდა ტიმო გლოკთან, მაგრამ ის ფორმულა 1-ში აღარ გამოდის. და მომწონს კიმი რაიკონენი. ის ფინეთიდანაა და ძალიან სასაცილოდ ლაპარაკობს.

- რა ღირს ფორმულა 1-ის მანქანა?
- ზუსტად თქმა რთულია, რადგან ეს მანქანა ძალიან ბევრი დეტალისგან შედგება. თუ ყველაფერს ერთად დავითვლით, ძალიან ძვირი გამოდის. ჩემი აზრით, დაახლოებით 2 მილიონი ევრო. კარგია, რომ რბოლის დროს იშვიათად ვამტვრევ მას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანიის გრანპრი: სებასტიან ფეტელი ისევ გაიქცა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული