ესპანეთის გრანპრი ბარსელონასია

AutoSharing Option
ესპანური გაზეთი El Mundo იტყობინება, რომ 2014 წელს, ესპანეთის გრანპრი არა ვალენსიაში, არამედ ბარსელონაში გაიმართება. რბოლის ჩატარების სავარაუდო თარიღია - 11 მაისი.

ასე რომ, ევროპის გრანპრის ორგანიზატორების იმედებს რბოლის ვალენსიაში ჩატარების თაობაზე, ასრულება არ უწერია. როგორც გაზეთი წერს, არ გაფორმებულა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ესპანური ეტაპი ვალენსიასა და ბარსელონაში მონაცვლეობით უნდა ჩატარებულიყო. ახლა კი იტყობინებიან, რომ კატალონიაში უკვე ერთი თვეა დაიწყეს მზადება მომავალი სეზონის რბოლისთვის.

უფრო მეტიც, ივნისში ესპანეთის 2014 წლის გრანპრიზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. იმასაც წერენ, რომ ვალენსიელ
პრომოუტერებსაც აქვთ კონტრაქტი რბოლების ორგანიზატორებთან, მაგრამ, როგორც ცნობილია, მსგავსი ხელშეკრულებები ძალაში მაშინ შედის, როცა ეტაპი ჩემპიონატის კალენდარშია შეტანილი.

იმის გათვალისწინებით, რომ ავტოდრომების რიცხვი, რომლებიც მზად არიან ფორმულა 1-ის რბოლების მისაღებად, აშკარად აღემატება კალენდარში შესატანი ეტაპების რიცხვს, ესპანეთში ორი რბოლის ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ეს კიდევ უფრო ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც 2014 წლის კალენდარში ავსტრიის გრანპრი დააბრუნეს. ასევე, 2014 წელს უნდა გაიმართოს სადებიუტო რბოლები სოჭსა და ნიუ ჯერსიში.

ბოლოს, ვალენსიის გრანპრი 2012 წელს გაიმართა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის 2014 წლის კალენდარი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

იყიდება "ბენეტონი"
ბოლიდი Benetton B191, რომლითაც მიხაელ შუმახერმა 1991 წელს, იტალიაში თავისი პირველი რბოლა ჩაატარა "ბენეტონის" რიგებში და პირველი ქულები მოიპოვა ფორმულა 1-ში, აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს.

10 აგვისტოს, ბრიტანული აუქციონის - Coys-ის სახლი, რომელიც ძველი ავტომობილების რეალიზაციით სპეციალიზდება, უნიკალურ ავტომობილს ნიურბრუგრინგზე, Oldtimer Grand Prix-ის ფესტივალის დროს გაყიდის.

იტყობინებიან, რომ მანქანა შესანიშნავ მდგომარეობაშია და მისი სტარტზე გაყვანაც შეიძლება. Benetton B191 შექმნილია სახელგანთქმული კონსტრუქტორის რორი ბერნის მიერ. აღნიშნული ეკზემპლიარი Ford Cowsorth HB V8-ის ორიგინალური ძრავით არის აღჭურვილი, სრულად დაკომპლექტებულია, გააჩნია ტელემეტრიის სისტემა და მოყვება სათადარიგო საბურავების კომპლექტი.

ასევე მანქანას თან ერთვის მისი სპორტული ისტორიის შესახებ სრული ინფორმაცია. ბოლოს Benetton B191 ტრასაზე 2013 წელს გაიყვანეს, როცა ჰოკენჰაიმზე ჯიმ კლარკისადმი მიძღვნილი მემორიალური რბოლა გაიმართა. იქ 1991 წლის "ბენეტონი" პირველ სამეულში მოხვდა.

Benetton B191-ის სასტარტო ფასი ჯერჯერობით არ დაუსახელებიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუის ჰემილტონის იღბლიანი ათიანი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული