ფორმულა 1: დიდ ცირკს ნიჭიერები აკლია

AutoSharing Option
"რედ ბულის" პილოტმა მარკ უებერმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს, მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე პილოტთა საშუალო დონე დაეცა. ავსტრალიელის აზრით, ამის მიზეზი ის არის, ნიჭიერ ავტომრბოლებს ფული არ გააჩნიათ. უებერი ამბობს, რომ ამან, შესაძლოა, "დიდი ცირკი" ცუდ შედეგებამდე მიიყვანოს.

"თავის დროზე, პოდიუმზე ადიოდნენ ისეთი ბიჭები, როგორებიც იყვნენ ედი ირვაინი და მიკა სალო, - ამბობს ავსტრალიელი პილოტი. - ფორმულა 1-ში გამოდიოდნენ პილოტები, რომლებიც ფორმულა 3000-ში იმარჯვებდნენ. დღესაც ბევრი ნიჭიერი ავტომრბოლი არსებობს, რომელთა უდიდესი ნაწილი ვერ ახერხებს ფორმულა 1-ში მოხვედრას. ეს ძალიან ნაღვლიანი სიტუაციაა.
მაგალითად, ფრეინსს შეგვიძლია უდიადესი ახალგაზრდა პილოტი ვუწოდოთ, მაგრამ მას ფული არ აქვს".

* * *
ამასობაში, ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი მზად არის მხარდაჭერა გამოუცხადოს ახალგაზრდა ბრაზილიელ პილოტს ფელიპე ნასრს. გაზეთ O Estado de San Paulo-ს მონაცემებით, GP2-ის სერიაში მოასპარეზე 20 წლის პილოტს, შესაძლოა, უკვე მომავალ სეზონში ჰქონდეს დებიუტი ფორმულა 1-ში.

"მზად ვარ მას ნებისმიერი რჩევა მივცე, - ამბობს ექლსტოუნი ტელარხ Globo-თან კომენტარში. - მე მჭირდება ბრაზილიელი პილოტი. ნასრზე გუნდების ხელმძღვანელებს ველაპარაკე და ყველა აღნიშნავს მის დიდ პროგრესს. თუმცა ფელიპეს უნდა ესმოდეს, რომ ავტოსპორტის მწვერვალი ახლოა, მაგრამ იქამდე მისვლა არც ისე იოლია. ამის გასაკეთებლად არა მხოლოდ კარგი შედეგები, არამედ ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო".

დღეისთვის, ფორმულა 1-ში მხოლოდ ერთი წარმომადგენელია ბრაზილიიდან - ფელიპე მასა "ფერარის" რიგებში ირიცხება. თუმცა იტალურ გუნდს ჯერ არ გაუხანგრძლივებია ამ პილოტთან კონტრაქტი მომავალი სეზონისთვის. ამასთან დაკავშირებით, გუშინ მასამ განაცხადა, რომ მისი კარიერა "სკუდერიაში" დამოკიდებულია იმ შედეგებზე, რომელსაც ის სეზონის მეორე ნახევარში აჩვენებს.

"უახლოესი რბოლის შედეგებმა უნდა გვიჩვენოს - დავრჩები თუ არა გუნდში, - ამბობს ფელიპე მასა. - კონტრაქტის გაგრძელების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ, ახლა, უფრო მნიშვნელოვანია შედეგები. კმაყოფილი ვარ იმ სიჩქარით, რომელსაც ამჟამად ვაჩვენებ. ეს ეხება კვალიფიკაციასაც და რბოლებსაც. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე არ მყოფნის, სტაბილურობაა. როცა ეს ნაკლი გასწორდება, შედეგებიც მოვა”.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული