ფორმულა 1: დიდ ცირკში ჯოჯოხეთი იწყება

AutoSharing Option
უახლოესი რვა კვირა - ყველაზე დატვირთული და დაძაბული იქნება ფორმულა 1-ის ისტორიაში სარეკორდო კალენდარში, რომელიც 21 რბოლისგან შედგება. ამ რვა კვირის განმავლობაში გაიმართება ექვსი ეტაპი და მხოლოდ ორი შაბათ-კვირა იქნება გამოსასვლელი.

ეს გადატვირთული პერიოდი ამ კვირას, კანადის გრანპრით დაიწყება. მონრეალის შემდეგ, ჩემპიონატის მონაწილეები გაემგზავრებიან ფორმულა 1-ის ისტორიაში ბაქოს პირველ რბოლაზე. ასეთი რთული მარშრუტის გამო, გუნდებს მოუწევთ რთული ლოჯისტიკური ამოცანის გადაწყვეტა. ამის შემდეგ, ისინი ევროპაში უნდა დაბრუნდნენ.

ორკვირიანი შესვენების შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით გაიმართება ეტაპები ავსტრიასა და ბრიტანეთში. მიმდევრობა შარშანაც ასეთი იყო,
თუმცა ამ ორ გრანპრის შორის არა ერთკვირიანი, არამედ ორკვირიანი პაუზა გაითვალისწინეს.

ჩვეულებრივ, გუნდები ზაფხულის არდადეგებზე უნგრეთის გრანპრის შემდეგ მიემგზავრებიან, მაგრამ წელს, სეზონის პირველ ნაწილს დაასრულებს გერმანიის გრანპრი, რომელიც 31 ივლისს გაიმართება - უნგრეთის ეტაპიდან ერთი კვირის თავზე.

სატრანსფერო ამბები დაწყებულია
ზაფხული ფორმულა 1-ში - ტრადიციული პერიოდია სატრანსფერო ჭორებისთვის. გასულ კვირას, იტალიურმა პრესამ დაწერა, რომ ვალტერი ბოტასი დარჩება "უილიამსში". ახლა კი ბრაზილიური გაზეთები წერენ, რომ ფელიპე მასამ, შესაძლოა, 2017 წელს კარიერა "რენოს" საქარხნო გუნდში გააგრძელოს. ფრანგულ საჯინიბოში ის ჯოლიონ პალმერს შეცვლის.

ცოტა ხნის წინ, ბრაზილიელმა პილოტმა დაადასტურა, რომ განიხილავს "უილიამსთან" კონტრაქტის გაგრძელების საკითხს, მაგრამ, პარალელურად, მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა გუნდებთან. ასე რომ, ჭორი "რენოში" სავარაუდო გადასვლაზე, სავსებით დამაჯერებლად ჟღერს.

მასა ფორმულა 1-ში მე-14 სეზონს ატარებს. იმისთვის, რომ გაიმეოროს კარიერის ხანგრძლივობის რეკორდი, რომელიც მიხაელ შუმახერსა და რუბენს ბარიკელოს ეკუთვნით, ის "დიდ ცირკში" კიდევ ხუთი წელი უნდა დარჩეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული