ფერნანდო ალონსოს ტიტულის აღარ სჯერა

AutoSharing Option
"ფერარის" ესპანელ პილოტს, ფერნანდო ალონსოს არ სჯერა, რომ ამ სეზონში კიდევ შეძლებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

პირინეელის ჩამორჩენა ლიდერ სებასტიან ფეტელთან 77 ქულას შეადგენს. ამასთან, გერმანელს შეუძლია უკვე უახლოეს გრანპრიზე გახდეს ჩემპიონი. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სებასტიანი მოიგებს იაპონიის გრანპრის, ალონსო კი მერვე ადგილზე ქვემოთ დაასრულებს რბოლას.

"თუ ვინმე ამ მომენტისთვის გადახედავს ფორმულა 1-ში ძალთა გადანაწილებას და მას ეტყვიან, რომ ალონსო კვლავაც იბრძვის ჩემპიონის ტიტულისთვის, ის უპასუხებს: "ეს სასწაულია! ასეთი რამ შესაძლებელია?"- ამბობს ალონსო "ეკიპთან" კომენტარში. - მაგრამ ჩვენ ამ სასწაულით
ვცხოვრობთ უკვე 15 რბოლაა და იმედი გვაქვს, ოპტიმიზმს დარჩენილ ხუთ რბოლაშიც შევინარჩუნებთ.

კორეის გრანპრის წინ ზედიზედ სამი მეორე ადგილი მოვიპოვე და ეს არ მიუთითებს ჩვენს რეალურ პოტენციალზე. სინამდვილეში უნდა ვყოფილიყავით მესამე, მეოთხე ან მეხუთე ადგილზე. და აი, ამ სასწაულების შემდეგ კორეაში მეექვსე ადგილი გვქონდა.

ვფიქრობ, იაპონიაში სადღაც ამ შედეგებს შორის საშუალოს ვაჩვენებთ. რეალისტები უნდა ვიყოთ: "ფერარის" კვალიფიკაციაში მე-5-მე-
8 ადგილების იმედი უნდა ჰქონდეს, მაგრამ აქცენტი უნდა ვიქონიოთ სარბოლო ტემპზე. თუ კარგ სტრატეგიას ავირჩევთ და საბურავებს გავუფრთხილდებით, მაშინ შევძლებთ სამეულში მოხვედრას".

ლუისი სებას შესახებ
"მერსედესის" ბრიტანელმა პილოტმა ლუის ჰემილტონმა გადაწყვიტა, ნათელი მოჰფინოს თავის ურთიერთობას სებასტიან ფეტელთან. "ტვიტერში" თავის გვერდზე ლუისმა დაწერა, რომ გერმანელი "დიად ჩემპიონად" მიაჩნია და მისი წინა გამონათქვამები "რედ ბულის" პილოტის მისამართით არაკორექტულად იყო ინტერპრეტირებული.

კორეის გრანპრის შემდეგ "რედ ბულის" შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ ფეტელი შედის ფორმულა 1-ის უდიადეს პილოტთა რიცხვში და ის უნდა დავაყენოთ მიხაელ შუმახერისა და ხუან-მანუელ ფანხიოს გვერდით, რომლებსაც ზედიზედ ოთხჯერ აქვთ მოგებული ჩემპიონობაო.

როცა ჰემილტონს სთხოვეს ჰორნერის განცხადების კომენტირება, მან უპასუხა: "ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ვის აქვს უფლება განსაზღვროს, ვინ არის რეალურად საუკეთესო?"

გარდა ამისა, ჰემილტონმა აღნიშნა, რომ ფეტელის მუდმივი გამარჯვებები ჩემპიონატს მოსაწყენსა და იოლად პროგნოზირებადს ხდის. მისი აზრით, ასეთი ფორმულა 1 ნაკლებად აინტერესებთ მაყურებლებს.

თუმცა თავის "ტვიტერზე" ბრიტანელმა პატივისცემა გამოხატა ფეტელის მიღწევებისადმი. ლუისის თქმით, სებასტიანი სავსებით იმსახურებს თავის გამარჯვებებსა და ტიტულებს.

"ბევრმა წაიკითხა ჩემი კომენტარები სებასტიან ფეტელის მისამართით, -
წერს ჰემილტონი. - მიმაჩნია, რომ განმარტება უნდა მივცე ჩემს სიტყვებს. სებასტიანი დიადი ჩემპიონია! და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის შესანიშნავი ადამიანია, მხიარული და მოკრძალებული. მან დაიმსახურა ეს წარმატება.

მე აღფრთოვანებული ვარ მისი შრომისუნარიანობით, სტაბილურად და უშეცდომოდ მუშაობით. ეს ჭეშმარიტი ჩემპიონის თვისებებია. იმის მიუხედავად, რას ვ
ფიქრობთ თქვენ და მე მის მანქანაზე, საერთო ჯამში, ის შესანიშნავად ართმევს თავს თავის სამუშაოს. მოხარული ვარ, რომ ერთ ეპოქაში გამოვდივარ ისეთი შესანიშნავი პილოტის გვერდით, როგორიც სებასტიანია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კორეის გრანპრი: ეს უკვე საინტერესო აღარ არის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული