შაბათს პოული ზედიზედ მესამედ მოიპოვა სებასტიან ფეტელმა. მასთან ერთად პირველი რიგიდან იღებდა სტარტს ლუის ჰემილტონი, რომელმაც გერმანელთან ორი მეათედი დათმო, ხოლო მესამეზე მარკ უებერი გავიდა, მაგრამ ის სასტარტო ბილიკზე ათი საფეხურით დააქვეითეს, რადგან სინგაპურის გრანპრიზე სეზონში მესამე გაფრთხილება მიიღო.
იონამის ტრასის სასტარტო სექტორის საინტერესო კონფიგურაცია რბოლის დაძაბულ
ფელიპემ ხელი შეუშალა ესტებან გუტიერესს, რომელმაც, თავის მხრივ, ჯენსონ ბატონის მანქანაზე წინა ანტიფრთა დააზიანა - ბრიტანელს პირველივე წრეზე მოუწია ბოქსებში შესვლა.
ფეტელმა შეძლო ლიდერობის შენარჩუნება, რომენ გროსჟანმა კი ჰემილტონთან დაძაბულ ბრძოლაში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. შემდეგ მოდიოდნენ ნიკო როსბერგი და ნიკო ჰიულკენბერგი: "ზაუბერის" პილოტი ყველაზე კარგად გაიერკვა მესამე მოსახვევში, არადა, მანამდე ორივე "ფერარისა" და გუტიერესის უკან მოძრაობდა.
ფერნანდო ალონსო გერმანელის უკან აღმოჩნდა. შემდეგ მოძრაობდა კიმი რაიკონენი, ხოლო პასტორ მალდონადომ მოახერხა მეათე ადგილზე გადასვლა.
ამჯერად არ განმეორდა სინგაპურის გრანპრის სურათი, რადგან ფეტელი დიდი მანძილით ვერ დაშორდა გროსჟანს, რომელიც, თავის მხრივ, ახლოს არ უშვებდა ორ "მერსედესს"; ჰიულკენბერგი კი ახერხებდა უკან ალონსოს შეკავებას. ფერნანდომ ვერაფერი დააკლო ნიკოს, თავად კი პიტსტოპების პირველი სერიის წინ გაატარა რაიკონენი. თუმცა საბურავების შეცვლის შემდეგ ესპანელმა დაიბრუნა დაკარგული პოზიცია.
ბოქსებში ყველანი საკმაოდ ადრე შევიდნენ, რადგან "სუპერსოფტის" საბურავმა ათ წრეზე მეტხანს ვერ გაძლო. პირველი პიტსტოპების შემდეგ ლიდერებს ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ, მხოლოდ ჰემილტონს შეექმნა პრობლემები: მის "მერსედესზე" ძალიან მალე გაცვდა საბურავები და როსბერგთან 10-წამიანი უპირატესობისგან არაფერი დარჩა.
ნიკო დაეწია თანაგუნდელს და სწორედ ამ მომენტში მოხდა ეპიზოდი, რომელიც სეზონის ყველა ვიდეომიმოხილვაში აუცილებლად შევა: როსბერგის "მერსედესზე", მოულოდნელად, წინა ანტიფრთის სამაგრი მოძვრა, სპოილერი მოირყა და ძალიან ეფექტურად წარმოშვა ნაპერწკლები ასფალტთან შეხებისას. გერმანელს სასწრაფოდ ბოქსებში შესვლა მოუწია.
როგორც კი მექანიკოსები მეორედ მოემსახურნენ პილოტებს (უებერმა გვიანი გაჩერების წყალობით, ჰიულკენბერგსა და ალონსოს გაუსწრო. ეს დუეტი რაიკონენმაც უკან ჩამოიტოვა), ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. ამის მიზეზი სერხიო პერესი გახდა: მის მანქანაზე საბურავი გამოვიდა მწყობრიდან და ტრასაზე ნამსხვრევები მიმოიფანტა.
ძალიან არ გაუმართლა უებერს, რომელიც ტრასაზე სწორედ მექსიკელის უკან აღმოჩნდა - ავსტრალიელს საბურავი გაუსკდა და ბოქსებში კიდევ ერთხელ შესვლა მოუწია.
პელოტონი შემჭიდროვდა, რის გამოც რესტარტზე რამდენიმე გასწრება ვიხილეთ, მათ შორის, საკმაოდ მოულოდნელი. ჰიულკენბერგმა, რომელიც უებერის იძულებითი პიტსტოპისა და როსბერგის პრობლემების გამო მეხუთე ადგილზე გადავიდა, ისარგებლა თავისი "ზაუბერის" შესანიშნავი სიჩქარით და ჰემილტონს გაუსწრო!
კიდევ ნახევარი წრის შემდეგ რაიკონენმა სასტარტო სწორ მონაკვეთზე დაძაბული ბრძოლისას უკან ჩამოიტოვა გროსჟანი.
უებერისთვის კი წარუმატებელი კვირა შესაბამისად დასრულდა: მარკი რბოლიდან გამოაგდო ადრიან სუტილმა, რომელმაც დაკარგა მანქანაზე კონტროლი. "რედ ბულთან" შეჯახება ძლიერი არ ყოფილა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა უებერის ბოლიდის აალებისთვის. ბოლი იმდენი იყო, რომ უსაფრთხოების მანქანას კიდევ ერთხელ მოუწია ტრასაზე გამოსვლა.
როცა ბოლი გაიფანტა, ფეტელი რაიკონენს უსაფრთხო მანძილით უსწრებდა, თავად კიმი კი არ აძლევდა გროსჟანს გასწრების საშუალებას, მიუხედავად იმისა, რომ რომენს რადიოთი ეუბნებოდნენ, რომ შეეძლო თანაგუნდელთან ბრძოლა.
ყველაზე საინტერესო ბრძოლა მეოთხე პოზიციისთვის გაჩაღდა. ჰემილტონი სწრაფი "მერსედესით" ძალიან ავიწროებდა ჰიულკენბერგს, რომლის ბოლიდზე საბურავები თითქმის ბოლომდე გაცვეთილი იყო. ერთხელ ლუისმა სწორ მონაკვეთზე გაუსწრო გერმანელს, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ "ზაუბერს" გაეაქტიურებინა DRS და ისევ წინ გასულიყო. ამის შემდეგ თავად ჰემილტონს მოუწია ალონსოს შეტევების მოგერიება.
მოკლედ, რბოლა საინტერესო გამოვიდა - გასწრებებითა და მოულოდნელი გმირებით. სტაბილური იყო მხოლოდ ერთი - გამარჯვებული. ფეტელმა ზედიზედ მეოთხე რბოლა მოიგო, სულ კი სეზონში მეშვიდე ეტაპზე გაიმარჯვა და უკვე 77 ქულით გაუსწრო ალონსოს.
საინტერესოა, რომ გერმანელმა რამდენიმე სტარტის გამოტოვებაც რომ გადაწყვიტოს, ესპანელი მას მხოლოდ ბოლოსწინა ეტაპისთვის - აშშ-ის გრანპრისთვის დაეწევა.
კორეის გრანპრი. XIV ეტაპი
იონამი (55 წრე, 308.630 კმ)
1(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 1:43.13,701 (2 პიტ სტოპი)
2(9). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +4,224 (2)
3(3). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) +4,927 (2)
4(7). ნიკო ჰიულკენბერგი (ზაუბერი, გერმანია) +24,114 (2)
5(2). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) +25,255 (2)
6(5). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +26,189 (2)
7(4). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +26,698 (2)
8(11). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +32,262 (2)
9(6). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +34,390 (2)
10(10). სერხიო პერესი (მაკლარენი, მექსიკა) +35,155 (2)
11(8). ესტებან გუტიერესი (ზაუბერი, მექსიკა) +35,990 (2)
12(17). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) +47,049 (2)
13(18). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) +50,013 (2)
14(19). შარლ პიკი (კატერჰემი, საფრანგეთი) +1.03,578 (2)
15(20). გიდო ვან დერ გარდე (კატერჰემი, ჰოლანდია) +1.04,501 (3)
16(22). ჟიულ ბიანკი (მარუსია, საფრანგეთი) +1.07,970 (2)
17(21). მაქს ჩილტონი (მარუსია, ბრიტანეთი) +1.12,898 (2)
18(16). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) 2 წრე (4)
19(12). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) 3 წრე (2)
20(14). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) 5 წრე (5)
21(13). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) 18 წრე
22(15). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) 30 წრე
საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 272 (8 მოგება); 2. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 195 (2); 3. კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) - 167 (1); 4. ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) - 161 (1); 5. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 130; 6. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 122 (2); 7. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 89; 8. რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) - 72; 9. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 58; 10. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 36; 11. ნიკო ჰიულკენბერგი (ზაუბერი, გერმანია) - 31; 12. ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) - 26; 13. სერხიო პერესი (მაკლარენი, მექსიკა) - 23; 14. დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) - 18; 15. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) - 13; 16. პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) - 1.
კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 402; 2. ფერარი - 284; 3. მერსედესი - 283; 4. ლოტუსი - 239; 5. მაკლარენი - 81; 6. ფორს ინდია - 62; 7. ტორო როსო - 31; 7. ზაუბერი - 31; 9. უილიამსი - 1.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლუის ჰემილტონმა დუბლით დაიწყო