ოფიციალურად: მასა "უილიამსშია"

AutoSharing Option
ბრიტანულმა საჯინიბო "უილიამსმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომავალი სეზონიდან გუნდის საპრიზო პილოტები იქნებიან "ფერარიდან" დათხოვნილი ფელიპე მასა და ფინელი ვალტერი ბოტასი.

ეს განცხადება ადასტურებს იმასაც, რომ "უილიამსიდან" მიდიან ვენესუელელი პასტორ მალდონადო და მისი სპონსორი, სანავთობო კომპანია PDVSA.

"ჩვენ მოხარულები ვართ, დავადასტუროთ შემადგენლობა 2014 წლისთვის და მივესალმოთ ფელიპეს ჩვენს გუნდში",
- განაცხადა გუნდის შეფმა სერ ფრენს უილიამსმა.

ალონსო განაჩენის მოლოდინში
ფერნანდო ალონსო და "ფერარი” მხოლოდ 12 ნოემბერს შეიტყობენ - შეძლებს თუ არა ესპანელი პილოტი უახლოეს უქმეებზე აშშ-ის გრანპრიზე გამოსვლას.

ალონსომ უნდა გაიაროს
სამედიცინო შემოწმება, რომლის შედეგების მიხედვით, ექიმები მიიღებენ გადაწყვეტილებას - უნდა გაფრინდეს თუ არა ფერნანდო აშშ-ში. შეგახსენებთ, რომ ესპანელმა აბუ დაბის გრანპრიზე, ერთ-ერთ ეპიზოდში უდიდესი დატვირთვა მიიღო, რომელიც ხერხემალს გადაეცა და საქმე იქამდე მივიდა, რომ რბოლის შემდეგ ალონსომ დახმარებისთვის ექიმებს მიმართა.

როგორც "გაძეტა დელო სპორტის” ჟურნალისტი პინო ალიევი ვარაუდობს, თუ ექიმებს არ დააკმაყოფილებთ სამედიცინო კვლევის შედეგები, "სკუდერიაში” ალონსო, შესაძლოა, "მარუსიას” პილოტით, ჟიულ ბიანკით შეცვალონ. იმ სიტუაციაში, როცა იტალიური გუნდი "მერსედესთან” და "ლოტუსთან” იბრძვის კონსტრუქტორთა თასზე მეორე ადგილის მოსაპოვებლად, ახალგაზრდა ფრანგზე უდიდესი ზეწოლა მოვა.

მეორე მხრივ, "ფერარის” შეუძლია პედრო დე ლა როსას დახმარებას მიმართოს, რომელიც თავის დროზე "მაკლარენში” წარმატებით ცვლიდა ტრავმირებულ ხუან პაბლო მონტონიას.

თუმცა ეს არ არის ყველაზე მოსალოდნელი სცენარი, მით უმეტეს, რომ ესპანეთიდან და იტალიიდან დამაიმედებელი ცნობები მოდის: ალონსოს სიტუაცია ნორმალურია და ის მზად იქნება აშშ-ის გრანპრისთვის.

როგორც ალიევი წერს, "ფერარის” ხელმძღვანელობას არ მოეწონა ალონსოს მენეჯერის, ლუის გარსია აბადის საქციელი, როცა მან გაავრცელა ფოტო, რომელზეც ფერნანდო ყელზე კორსეტითაა გამოსახული. ეს ადასტურებს გარკვეულ სირთულეებს პილოტსა და გუნდს შორის ურთიერთობაში, რაზეც პრესა ზაფხულიდან მოყოლებული წერს.

მაგნუსენი "მაკლარენს" მიუახლოვდა
დანიელი პილოტი კევინ მაგნუსენი მთავარი პრეტენდენტია მომავალ სეზონში "მაკლარენში” სერხიო პერესის ადგილის დასაკავებლად, - იტყობინება "ავტოსპორტი”. გასულ კვირას მაგნუსენმა რამდენიმე შეხვედრა გამართა ბრიტანული საჯინიბოს ხელმძღვანელობასთან. არადა, აბუ დაბიმდე მექსიკელმა დამაჯერებლად ჩაატარა ბოლო რბოლები და ახლოს იყო ახალ კონტრაქტთან, მაგრამ აბუ დაბიში საკმაოდ მოკრძალებულმა გამოსვლამ ისევ წარმოშვა კითხვის ნიშნები მექსიკელის მომავალზე.

რბოლის შემდეგ, რომელზეც "მაკლარენში” დიდ იმედებს ამყარებდნენ, გუნდის შეფმა მარტინ უიტმარშმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ გუნდში იმედგაცრუებულნი არიან პერესის საბოლოო შედეგით. სავარაუდოდ, მთელი გასული კვირა "მაკლარენის” ხელმძღვანელობა მსჯელობდა მომავალი სეზონისთვის პილოტთა შემადგენლობაზე.

მართალია, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ რამდენიმე წყარო იმაზე მიუთითებს, რომ "მაკლარენი” ახალგაზრდა დანიელისთვის შანსის მიცემისკენ იხრება და ამ მომენტში ის მთავარი პრეტენდენტია საპრიზო პილოტის ადგილზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კიმი რაიკონენმა სეზონი დაამთავრა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული