რა თქმა უნდა, მექსიკელი კმაყოფილი ვერ დარჩებოდა "მაკლარენის" გადაწყვეტილებით და ეს მის განცხადებებშიც იგრძნობოდა.
"რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რადგან გუნდმა გადაწყვეტილება ძალიან გვიან მიიღო. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ვიპოვი კარიერის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტს.
არ ვაპირებ ფორმულა 1-ში დარჩენას რიგით პილოტად. თუ კარიერის
მიზანია ისეთი გუნდის პოვნა, რომელიც რბოლებში გამარჯვების შანსს მომცემს", - ამბობს პერესი.
სერხიომ ისიც აღნიშნა, რომ "მაკლარენის" ხელმძღვანელობას არ დაუსახელებია პილოტის დათხოვნის მიზეზები.
"სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ზუსტი მიზეზი. რა თქმა უნდა, ამას არ ველოდი, მაგრამ ასეთია ცხოვრება. თუ ამ სეზონს გადავხედავთ, მე მაქსიმალურად მონდომებული ვიყავი. როგორც ჩანს, "მაკლარენში" გუნდის ისტორიაში ყველაზე უარეს სეზონში მოვხვდი", - დაამატა მექსიკელმა.
პერესი ამ სეზონის წინ გადავიდა "მაკლარენში" "ზაუბერიდან" და ახლა, ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ეტაპით ადრე, 35 ქულით მე-12 ადგილზეა გენერალურ კლასიფიკაციაში.
* * *
14 ნოემბერს კი "მაკლარენმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გაისად ბრიტანელი ჯენსონ ბატონის პარტნიორი იქნება 21 წლის დანიელი კევინ მაგნუსენი.
ახალგაზრდა პილოტი წელს "ფორმულა-რენოს" ჩემპიონი გახდა. ის გახლავთ "მაკლარენის" ყოფილი პილოტის, იან მაგნუსენის ვაჟი. კევინს სჯერა, რომ გამოცდილ ბატონთან წყვილში მუშაობა სერიოზული პროგრესის საწინდარი იქნება.
"უზომოდ ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ დებიუტი მექნება ფორმულა 1-ში "მაკლარენის" შემადგენლობაში. უბრალოდ ვიტყვი: ეს საუკეთესო გუნდია.
ბავშვობიდან ყოველთვის ვოცნებობდი "მაკლარენში" გამოსვლაზე და ყოველდღე ვმუშაობდი იმაზე, რომ ამ მიზნისთვის მიმეღწია და გავმხდარიყავი სწორედ ამ გუნდის პილოტი.
ჯენსონის სახით, იდეალური პარტნიორი მეყოლება. ეჭვგარეშეა, რომ ის ძალიან სწრაფია, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან გამოცდილი. მისგან ბევრი რამ უნდა ვისწავლო. ის მსოფლიოს ჩემპიონია და იმედია, ერთხელ მეც მივაღწევ ტიტულამდე", - განაცხადა კევინ მაგნუსენმა.
"ლოტუსი" მიხაელ შუმახერს იწვევდა
ოფიციალურად დადასტურდა, რომ სეზონის დარჩენილ ორ რბოლაში "ლოტუსის" რიგებში ტრავმირებულ ფინელ კიმი რაიკონენს მისივე თანამემამულე ჰეიკი კოვალაინენი შეცვლის.
სანამ ეს ამბავი გაცხადდებოდა, საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა გერმანულმა ტაბლოიდმა "ბილდმა". კოვალაინენის ვარიანტის არჩევამდე, "ლოტუსის" შეფობამ ბოლო ორ რბოლაში მონაწილეობა შესთავაზა ლეგენდარულ გერმანელს, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერს.
მაგრამ შუმიმ, რომელმაც გასულ წელს დაასრულა კარიერა, არ მოისურვა სეზონის ბოლოს ორ რბოლაში გამოსვლა. სხვათა შორის, ორი დღის წინ, თავის სპონსორებთან შეხვედრისას, მიხაელმა განაცხადა, რომ წელს მას სხვა წინადადებებიც ჰქონდა.
"ბილდს" მოჰყავს შუმახერის მენეჯერის, საბინე კემის სიტყვები, რომელიც ირწმუნება, რომ მიხაელი კვლავაც კარგ ფორმაშია, მაგრამ მსგავსი პერსპექტივები არ შედის მის გეგმებში:
"გასაკვირი არაფერია იმაში, რომ მას კვლავ იწვევენ რბოლებში. დღეს ბევრი აკვირდება ნიკო როსბერგის გამოსვლას და ადარებს მის შედეგებს ლუის ჰემილტონის მონაცემებს და აქედან გამომდინარე, ბევრი უკვე სხვაგვარად აფასებს იმ სამ წელს, რომელიც მიხაელმა "მერსედესში" გაატარა. შუმახერი თანაბარი იყო ნიკოსთან, ნიკო კი ისევე სწრაფად მოძრაობს, როგორც ლუისი.
მიხაელს დღესაც შეუძლია ფორმულა 1-ში გამოსვლა, ის საკმაოდ კარგ ფორმაშია, მაგრამ ახლა მას სხვა ცხოვრება აქვს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კიმის ჰეიკი შეცვლის?