იმ დროს, როცა გუნდები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მომზადებულნი შეხვდნენ პირველ ოფიციალურ ტესტებს, რომელიც 28 იანვარს ხერესში დაიწყება, ფელიპე მასამ და ნიკო ჰიულკენბერგმა სრული გაურკვევლობა გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოუტანს მათ ახალი სეზონი.
"ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, - დაიჩივლა ბრაზილიელმა "უილიამსის" ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში. - თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ყველანი ერთ ნავში ვსხედვართ. სანამ ბოლიდის საჭეს არ მივუსხდებით, შეუძლებელია იმის გაგება,
მაგალითად, უნდა გავერკვეთ იმაში, როგორ მოვეპყრათ აქსელერატორის სატერფულს, რადგან გაიზარდა ძრავების ბრუნვის მომენტი. და კიდევ, უნდა გავარკვიოთ, რამდენად იმოქმედებს მანქანის მართვაზე უფრო მძლავრი ენერგიის რეკუპერაციის სისტემა.
2014 წლის მანქანებს უფრო მცირე მოჭიდების ძალა ექნებათ, ვიდრე მათ წინამორბედებს, განსაკუთრებით, სეზონის პირველ ნახევარში. რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევძლოთ ამ ყველაფერთან ადაპტირება".
ნიკო ჰიულკენბერგი, რომელმაც ფელიპეს მსგავსად, გუნდი შეიცვალა, ივარაუდა, რომ არასოდეს ყოფილა ახალი სეზონის წინ ასეთ გაურკვევლობაში.
"ამ მომენტში არავინ იცის, რას უნდა ველოდოთ ახალი მანქანებისგან და მთლიანად სეზონისგან, - აცხადებს გერმანელი. - არსებობს უამრავი კითხვა, რომელზეც პასუხს მხოლოდ ტრასაზე გასვლის შემდეგ შევიტყობთ. და სეზონის პირველი რბოლაც ვერ გაგვარკვევს ყველა საკითხში. უამრავი ინფორმაციის შეგროვება მოგვიწევს ჩემპიონატის მსვლელობისას.
არასოდეს ყოფილა ისეთი სიტუაცია, როცა პირველი წინასასეზონო ტესტების წინ არავინ იცოდა ჩემპიონატში ძალთა მოსალოდნელი გადანაწილება.
ეს აბსოლუტურად უნიკალური სიტუაციაა ყველა ჩვენგანისთვის - და შანსი საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენისთვის, მაგრამ, ამავდროულად, იზრდება შეცდომების ალბათობაც. ამიტომაც ყველაფრის უშეცდომოდ კეთებაა საჭირო".
"ფერარიმ" 25 იანვარი დანიშნა
"ფერარის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, მიბაძოს "მაკლარენს" და 2014 წლისთვის განკუთვნილი ბოლიდი ხერესის ტესტების დაწყებამდე წარადგინოს.
პრეზენტაცია 25 იანვრისთვის არის დანიშნული. საინტერესოა, რომ პირველად გუნდის ისტორიაში, ახალი მანქანის ინდექსს გულშემატკივრები აირჩევენ. კერძოდ, დღევანდელი დღიდან ქომაგებს შეეძლებათ, "ფერარის" ოფიციალურ გვერდზე ხმა მისცენ ინდექსის ხუთიდან ერთ ვარიანტს: F14 T, F14 Maranello, F14 Scuderia, F166 Turbo, F616. ხმების რაოდენობას 24 იანვარს შეაჯამებენ, რასაც მეორე დღეს მოჰყვება ახალი მანქანის პრეზენტაცია. წარდგენა შედგება სოციალურ ქსელებსა და "ფერარის" ოფიციალურ ვებგვერდზე.
ამ მომენტისთვის ფორმულა 1-ის გუნდების პრეზენტაციათა განრიგი ასეთია:
მაკლარენი - 24 იანვარი
ფერარი - 25 იანვარი
მერსედესი, კატერჰემი - 28 იანვარი
დანარჩენი გუნდები ახალ მანქანებს სეზონისწინა პირველი ტესტების დროს წარმოადგენენ, "ლოტუსი" კი ამას ბაჰრეინში, ტესტების მეორე სერიის წინ გააკეთებს.
ბერნი ნიურბურგრინგს ყიდულობს
ჩვენ არაერთხელ დავწერეთ იმ ფინანსური პრობლემების შესახებ, რომელსაც ბოლო პერიოდში გერმანიის ტრასა - "ნიურბურგრინგი" განიცდის. ერთი პირობა, გერმანიის გრანპრის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მაგრამ ბერნი ექლსტოუნმა შემხვედრი ნაბიჯები გადადგა ავტოდრომის მფლობელთა მიმართულებით და 2013 წელს რბოლა გაიმართა.
მიუხედავად ამისა, ფინანსური პრობლემები დღემდე რჩება და ტრასა გასაყიდად არის გატანილი. ორი დღის წინ გახდა ცნობილი, რომ "ნიურბურგრინგის" შეძენით თავად ბერნი ექლსტოუნია დაინტერესებული. ამის შესახებ მან გერმანულ პრესას განუცხადა.
"ჩვენ წინადადებით მივმართეთ ტრასის მფლობელებს და ახლა პასუხს ველოდებით. მიგვაჩნია, რომ შეგვიძლია ამ ტრასისთვის იმაზე მეტის გაკეთება, რაც აქამდე კეთდებოდა. გადაწყვეტილება უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა იქნეს მიღებული", - განაცხადა ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა. ამასთან, ავტოდრომის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს კომენტარისგან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფორმულა 1: ნომრები დარიგებულია