ფორმულა 1. ბარსელონას ტესტები: პირველი დღე მასასია

AutoSharing Option
ტესტების ფინალური სერია ყოველთვის საინტერესოა. გუნდებმა ბარსელონაში გაუმჯობესებული ბოლიდები ჩაიყვანეს - მაქსიმალურად მიახლოებული იმას, რომლითაც ორი კვირის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ეტაპზე გავლენ.

საჯინიბოები მხოლოდ ყველაზე ინოვაციურ სიახლეებს შეინახავენ ბოლო მომენტისთვის, რათა მეტოქეებმა ვერ მოასწრონ მათი კოპირება. ამ კვირას ყველა გუნდი გეგმავს სარბოლო უქმეების იმიტაციის ჩატარებას - ვარჯიშებით, კვალიფიკაციითა და რბოლით, რაც საშუალებას მოგვცემს, სეზონის წინ ძალთა თანაფარდობის შესახებ გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ.

ხუთშაბათს რვა გუნდმა დაიწყო ტესტების ბოლო სერია. ტრასაზე არ ყოფილა "ფორს ინდია". ახალი VJM08 ბარსელონაში პარასკევს გამოჩნდება.

"მაკლარენში"
მხოლოდ ნახევარი დღე იმუშავეს - დილით ჯენსონ ბატონმა შვიდი წრე გაიარა, შემდეგ ბოქსებში დაბრუნდა, შესვენების შემდეგ კი გუნდმა დღის პროგრამის ნაადრევად დასრულების შესახებ გამოაცხადა ჰიდრავლიკის სისტემაში გაჟონვის გამო. გასული ტესტების განმავლობაში (ცხრა დღე) ახალმა "მაკლარენ ჰონდამ" მხოლოდ 2010 წრე გაიარა, რაც საშუალოდ დღეში თითქმის 20 წრეს უდრის.

სხვა გუნდებში დღის პირველი ნახევარი ძირითადი სისტემებისა და ახალი ელემენტების შემოწმებას მოანდომეს, შემდეგ კი გააგრძელეს სეზონის სტარტისთვის მზადების პროგრამა. "მერსედესმა" ასევე დაკარგა ნახევარი დღე. დილით ლუის ჰემილტონმა 48 წრე გაიარა, შემდეგ კი მანქანა მექანიკოსებს გადააბარა.

საჩემპიონო გუნდში ლაპარაკობდნენ მაქსიმალური საიმედოობის მიღწევაზე, მაგრამ ტექნიკური პრობლემები ხშირად ჩნდება. ტესტების დამთავრებამდე ერთი საათით ადრე გერმანულმა საჯინიბომ სამუშაოს ვადაზე ადრე დასრულების შესახებ გამოაცხადა.

ტესტები ორჯერ შეწყდა წითელი დროშების გამო. დილით დანიილ კვიატის "რედ ბული" გაჩერდა პიტ-ლეინზე - ის სწრაფად დააბრუნეს ბოქსებში და რუსი მალე ისევ გამოჩნდა ტრასაზე. მეორე სესიისას კი კარლოს საინსი გაჩერდა მეცხრე მოსახვევაში - მანქანის რემონტს დაახლოებით ორი საათი დასჭირდა.

"ტორო როსოში" STR10 ბევრი სიახლით აღჭურვეს, რითაც მაღალი სიჩქარისა და ეფექტურობის მიღწევა სცადეს. მათ შორის იყო ახალი მოკლე "ცხვირი", რომელიც ძალიან ჰგავს "უილიამსის" გადაწყვეტას.

"ზაუბერში" გაუმკლავდნენ პრობლემებს, რომლებიც გასულ კვირას შეიქმნა - მეორე სესიაში მარკუს ერიქსონმა წარმატებით ჩაატარა რბოლის იმიტაცია.

სერიოზული პრობლემების გარეშე იმუშავეს "რედ ბულმა", "უილიამსმა" და "ფერარიმ" - მათ სრულად შეასრულეს დაგეგმილი პროგრამა. საერთო ჯამში, დღემ მშვიდად და პროდუქტიულად ჩაიარა - როგორც უნდა ყოფილიყო ფინალურ ტესტებზე.

საუკეთესო დრო ისევ რბილი საბურავით დაფიქსირდა. დღისით ფელიპე მასამ Soft-ის რეზინით წრეების მოკლე სერია ჩაატარა და 2015 წლის ზამთრის ტესტებზე აბსოლუტურად საუკეთესო დრო აჩვენა - წუთი და 23.500 წამი. ბოლო წუთებზე ერიქსონი ტრასაზე SuperSoft-ით გავიდა, მაგრამ მასას დრო მაინც საუკეთესოდ დარჩა.

დღეს ტესტები გაგრძელდება. გუნდების უმრავლესობა, გარდა "რედ ბულისა" და სავარაუდოდ, "მაკლარენისა", პილოტებს შეცვლის.

I დღე
1. მასა (Williams) 1:23.500 (103 წრე)
2. ერიქსონი (Sauber) +0,776 (122)
3. ჰემილტონი (Mercedes) +1,381 (48)
4. კვიატი (Red Bull) +2.447 (75)
5. გროსჟანი (Lotus) +2,677 (75)
6. რაიკონენი (Ferrari) +2,827 (80)
7. საინსი (Toro Rosso) +3,462 (86)
8. ბატონი (McLaren) +7,979 (7)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული