ფორმულა 1: კიმი რაიკონენის ბედი გარკვეულია?

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მომავალი სატრანსფერო ბაზრისას მთავარი საკითხი "ფერარიში" კიმი რაიკონენის შემცვლელის ძიება იქნება.

ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ფინელი პილოტის კარიერა "სკუდერიაში" დასასრულს უახლოვდება. კიმი ბოლო 29 რბოლაში მხოლოდ სამჯერ მივიდა ფინიშთან თანაგუნდელზე ადრე. სამივე შემთხვევის გახსენება იოლია: 2014 წელს ბელგიაში, როცა ფერნანდო ალონსომ ხუთწამიანი ჯარიმა მიიღო; წელს ბაჰრეინში, როცა სებასტიან ფეტელმა შეცდომა დაუშვა და ცოტა ხნის წინ, კანადაში, როცა ფეტელმა პელოტონის ბოლოდან აიღო სტარტი და ერთი საფეხურით ჩამორჩა თანაგუნდელს. ეჭვი ფინელი პილოტის მომავლის შესახებ აღარ არსებობს.

ბოლო ინფორმაციით, რომელსაც
Corriere dello Sport-ი ავრცელებს, "ფერარიში" ახალ სეზონს დაიწყებს "უილიამსის" ფინელი პილოტი ვალტერი ბოტასი. იტალიური საჯინიბო უკვე მოელაპარაკა "უილიამსს" და პილოტის მენეჯერს, დიდიე კოტონს. ბოტასის ამჟამინდელი კონტრაქტი გაწყდება და ეს "ფერარის" 12 მილიონი ევრო დაუჯდება.

თუმცა ამასთან დაკავშირებით არანაირი ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა. ამასთან, იტალიელი ჟურნალისტები ელოდებიან, რომ მალე ფორმულა 1-ის სატრანსფერო ბაზარზე "დომინოს ეფექტი" ამოქმედდება.

კერძოდ, ბოტასის "ფერარიში" გადასვლა პელოტონის ოთხ სხვადასხვა გუნდში გამოიწვევს შემადგენლობის ცვლილებას. ერთ-ერთი გარიგება იქნება ბოტასის ნაცვლად "უილიამსში" ბრაზილიელი ფელიპე ნასრის მისვლა, რომელიც ამჟამად "ზაუბერში" გამოდის.

ერთ-ერთი პილოტი, რომელსაც ცვლილებები არ შეეხება, ბრაზილიელი ვეტერანი ფელიპე მასაა. როგორც გამოცემა Diario Motorsport-ი წერს, "უილიამსი" გამოიყენებს მასას კონტრაქტში არსებულ პუნქტს ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ.

სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, რადგან 2013 წელს სწორედ ამ გამოცემამ იწინასწარმეტყველა ფელიპეს გადასვლა "ფერარიდან" "უილიამსში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული