ფორმულა 1: საინტერესო სტატისტიკა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მე-14 ეტაპის - იაპონიის გრან-პრის შემდეგ, ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი შემოგვთავაზა...

კვალიფიკაცია
- ნიკო როსბერგმა კარიერაში მე-17 პოული მოიპოვა, რითაც საერთო რეიტინგში მე-16 ადგილზე მყოფ ჯეკი სტიუარტს გაუთანაბრდა. "მერსედესისთვის" ეს არის 48-ე პოული, აგრეთვე მე-40 მოგებული კვალიფიკაცია ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში.

- ლუის ჰემილტონმა კარიერაში 85-ედ აიღო სტარტი პირველი რიგიდან. ის ამ მაჩვენებლით მხოლოდ მიხაელ შუმახერს (116), აირტონ სენასა (87) და ალენ პროსტს (86) ჩამორჩება.

- ვალტერი ბოტასმა მეათედ აიღო სტარტი მესამე პოზიციიდან - ეს ყველაზე პოპულარული სასტარტო ადგილია ფინელისთვის.

- პირველად 2011 წლის შემდეგ, "ფერარიმ" სასტარტო ბილიკის მეორე ხაზიდან აიღო სტარტი.

- პირველად 2006 წლის შემდეგ, "მაკლარენის" ვერც ერთმა პილოტმა ვერ შეძლო კვალიფიკაციის პირველ ათეულში შესვლა. 2006 წელს, რაიკონენი მე-11 იყო, დე ლა როსა - მე-13.

- ჯენსონ ბატონმა ზედიზედ 60 რბოლა ჩაატარა პოულის გარეშე და პირველად "სუზუკაზე" პირველი ათეულის მიღმა იყო სასტარტო ბილიკზე.

რბოლა
- ლუის ჰემილტონმა კარიერაში 41-ე გამარჯვება მოიპოვა და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა აირტონ სენას. აქედან 20 ეტაპი ბრიტანელმა "მერსედესში" გადასვლის შემდეგ მოიგო. ლუისისთვის სუზუკაზე მოგება - მერვეა სეზონში. ყველა პილოტი, რომელიც სეზონის განმავლობაში რვა ეტაპის მოგებას ახერხებდა, იმ წელს მსოფლიოს ჩემპიონი ხდებოდა.

- ლუის ჰემილტონი კარიერაში მეოთხმოცედ ლიდერობდა რბოლაში. მეორედ ბოლო სამ რბოლაში (მონცაში და სუზუკაზე), ის სტარტიდან ფინიშამდე ლიდერი იყო, მაგრამ ამ ეტაპებს შორის - სინგაპურში ბრიტანელი ერთხელაც არ ყოფილა პირველ ადგილზე.

- ნიკო როსბერგი გახდა პირველი მრბოლელი ფორმულა 1-ის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 180 გრან-პრიზე აიღო სტარტი. მან კარიერაში მეხუთედ ვერ შეძლო რბოლის მოგება პოულიდან სტარტის შემდეგ, როცა მისი თანაგუნდელი მეორე ადგილიდან იწყებდა ეტაპს - ასეთ სიტუაციაში მან მხოლოდ ოთხჯერ მოიგო ცხრა შემთხვევიდან.

- სებასტიან ფეტელი ზედიზედ მეშვიდედ ავიდა პოდიუმზე იაპონიაში. ეს მეათე პოდიუმია გერმანელისთვის ამ სეზონში, შარშანდელი ოთხის წინააღმდეგ.

- ნიკო ჰიულკენბერგის მეექვსე ადგილი საუკეთესო შედეგია "ფორს ინდიასთვის" სუზუკაზე.

- მაქს ფერსტაპენი პირველი ჰოლანდიელია, ვინც იაპონიის გრან-პრიზე ქულები აიღო.

- ფერნანდო ალონსომ გაიმეორა თავისი უარესი შედეგი სუზუკაზე - როგორც 2001 წელს, ახლაც მე-11 ადგილზე გავიდა. მაშინ ესპანელი "მინარდის" წევრი იყო.

- პირველად 1990 წლის შემდეგ (როცა აირტონ სენა ალენ პროსტს პირველ წრეზე შეეჯახა, გერჰარდ ბერგერი კი მეორე წრეზე გამოეთიშა რბოლას), "მაკლარენის" ვერც ერთი პილოტი ვერ მოხვდა სუზუკაზე პირველ ათეულში.

- პირველად 2006 წლის შემდეგ, "რედ ბულის" ვერც ერთმა პილოტმა ვერ აიღო ქულა სუზუკაზე. 2006 წელს, რობერტ დორნბოსმა მე-13 ადგილი დაიკავა, დევიდ კულტჰარდი კი ტექნიკური პრობლემის გამო ვერ მივიდა ფინიშთან. აქამდე, ავსტრიული გუნდი ზედიზედ 31 რბოლაში იღებდა ქულებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული