"ლუის ჰემილტონმა ძალიან მარტივად გაუსწრო ნიკო როსბერგს. სუზუკაზე პირველი წრე მთელი სეზონის ანარეკლი იყო. გერმანელი იძულებული გახდა პირველ მოსახვევში გაეშვა წინ ჰემილტონი, როგორც ეს მთელი საჩემპიონო რბოლის დროს ხდება", - წერს Daily Mail.
"ერთი წლის წინ, იაპონიაში ნიკო როსბერგმა პოული მოიპოვა, მაგრამ ის ჰემილტონმა წვიმის პირობებში დაამარცხა. ამჯერად, მზიანი
"დამაჯერებელმა პილოტაჟმა ჰემილტონს საშუალება მისცა 48 ქულამდე გაეზარდა უპირატესობა როსბერთან და 59 ქულამდე - ფეტელთან. ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ ხუთი რბოლა რჩება და იმის გათვალისწინებით, რომ "მერსედესი" გამარჯვების გეზს დაუბრუნდა, ეს უპირატესობა მიუღწეველი ჩანს" - წერია The Telegraph-ში.
* * *
ამასობაში, ფორმულა 1-ის სამყაროში შეთქმულების თეორიაზე ალაპარაკდნენ: ბერნი ექლსტოუნმა გასცა ბრძანება - რაც შეიძლება იშვიათად აჩვენონ კადრში "მერსედესები". რატომ? ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ "რედ ბულთან" თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო. მიუხედავად ამისა, პრესა მაინც ითხოვს პასუხს ფორმულა 1-ის უფროსობისგან.
"იაპონიის გრან-პრის არ გაიხსენებენ, როგორც შთამბეჭდავ სანახაობას. მაგრამ "მერსედესებს" შორის ნაკლები ბრძოლის ფონზეც კი, მათ ძალიან იშვიათად უჩვენებდნენ ეთერში. ბოლო ორი წელია, ლუის ჰემილტონსა და ნიკო როსბერგს შორის ბრძოლა მთავარი ფაქტორია და მაყურებლებს იმედი აქვთ, რომ მათ მოქმედებაზე გაამახვილებენ ყურადღებას და არა პელოტონის შუაში მიმდინარე მოვლენებზე, - აკრიტიკებს გერმანული Die Welt. - ჰემილტონის პიტსტოპიც კი იმ მომენტში აჩვენეს, როცა ლუისი ბოქსებს ტოვებდა. შემდეგ ჯერზე, ბრიტანელი ეკრანებზე ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ გამოჩნდა. ძალიან უცნაური სიტუაციაა - და, რა თქმა უნდა, არა შემთხვევითი. ტრანსლიაციის საერთო დრო იყო 88 წუთი და აქედან ექვსი წუთი დაეთმო "მერსედესს".
"შეთქმულების თეორია სწრაფად გავრცელდა მთელს პადოკში. თავისი შეშფოთება გამოთქვა შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით გერმანულმა ტელეარხმა RTL-მა, - წერს FOX Sports. - "რა თქმა უნდა, გვინდოდა ჩვენი მაყურებლისთვის რბოლის ლიდერის უფრო მეტი კადრის ჩვენება, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს საერთაშორისო სიგნალზე გავლენა და გადავცემთ იმას, რასაც გვაწვდიან", - განაცხადა ტელეარხის წარმომადგენელმა მატიას ბოლჰოფერმა".
თუმცა იტალიურ პრესას ამასთან დაკავშირებით უფრო სკეპტიკური მოსაზრება აქვს. "ფორმულა 1-ში შეთქმულებები მოდიდან არ გადადის. სინგაპურში ამბობდნენ - "მერსედესის" ჩავარდნა უკავშირდებოდა იმას, რომ გუნდს ცუდი საბურავები მისცეს, რათა დაესაჯათ ის მონცაში საბურავების არასწორი წნევის გამო. "პირელის" იმის შეხსენებაც კი დასჭირდა, რომ საბურავების კომპლექტებს გუნდებს შემთხვევითი სისტემით ურიგებენ, - წერს La Gazzetta dello Sport. - როცა ოფიციალურ ტელეტრანსლიაციაში ლიდერების ნაცვლად, პელოტონის შუაში მყოფი პილოტების ბრძოლას უჩვენებდნენ, დაირხა ჭორები, რომ ბერნი ექლსტოუნი სამაგიეროს უხდის "მერსედესს" "რედ ბულისთვის" ძრავების მიწოდებაზე უარის გამო".
* * *
დღეს, ფორმულა 1-ში მთავარი ინტრიგაა - "რედ ბულისთვის" ძრავების მიწოდება. "რენოსთან" ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ, დიტრიხ მატეშიცი მომავალი წლისთვის ძრავების გარეშე დარჩა, არადა, ავსტრიელ მილიარდერს სასტარტო ბილიკზე ოთხი მანქანა გამოჰყავს. "ფერარი" მზად არის უშველოს "რედ ბულს", ოღონდ მარანელოში არ აპირებენ თავიანთ პირდაპირ მოწინააღმდეგეს ახალი ძალისმიერი აგრეგატები შესთავაზონ და მხოლოდ შარშანდელ ვერსიას მიაწოდებენ.
"ფერარის" ხელმძღვანელს მაურიციო არივაბენეს, ისევე როგორც ჯეიმს ელისონსა და სებასტიან ფეტელს, არანირი სურვილი არ აქვთ ძრავები მიაწოდონ ძლიერ მოწინააღმდეგეს. სიტუაციის პარადოქსულობა იმაში მდგომარეობს, რომ გუნდის ტოპ-მენეჯმენტი, პრინციპში, წინააღმდეგი არ არის, "რედ ბულს" ახალი ძრავები მიჰყიდოს, - ამის შესახებ განაცხადა Fiat-ის ბოსმა სერჯო მარკიონემ", - წერს გერმანული Auto Motor und Sport.
"იაპონიის გრან-პრის მსვლელობისას ცხადი გახდა, რომ "რედ ბულს" მხოლოდ 2015 წლის განახლებული ძრავა შეხვდება. ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდება ეს - ლოჯისტიკურ პრობლემებს, ერთბაშად ორი კლიენტისთვის ძრავების მომზადების სირთულეს თუ "ფერარის" შიშს - მიაწოდოს ძრავა ასეთ კონკურენტუნარიან გუნდს, - წერს Motorsport.com. - თუმცა ავსტრიელებს აქვთ "ჯოკერი". მათ შეუძლიათ დაბლოკონ ცვლილებები წესებში, რათა "ფერარიმ" ვერ შეძლოს ძრავების გაუმჯობესება 2016 წლის სეზონის მსვლელობისას. მაგრამ ეს "სკუდერიასთან" ურთიერთობის არც ისე კარგი დასაწყისი იქნებოდა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"