გუნდებმა ვერ შეძლეს თავისუფალი პრაქტიკისას რბოლისთვის წესიერად მომზადება, რადგან პარასკევს მათ ხელი შეუშალა ტრასაზე დაღვრილმა დიზელის საწვავმა და წვიმამ, შაბათს კი კარლოს საინსის სერიოზულმა ავარიამ. საბედნიეროდ, ესპანელი ტრავმებს გადაურჩა. შაბათს, კარლოსმა საავადმყოფო დატოვა, გუშინ კი სტარტზე გავიდა.
პოული ნიკო როსბერმა მოიგო. გერმანელი დომინირებდა საკვალიფიკაციო რბოლაში და სამი მეათედით აჯობა თანაგუნდელ ლუის ჰემილტონის. "მერსედესის" პილოტებმა სასტარტო ბილიკის პირველი რიგი დაიკავეს, მეორეზე იდგნენ - ვალტერი
* * *
რბოლის სტარტი საინტერესო გამოვიდა. ნიკო როსბერგმა და ლუის ჰემილტონმა შეინარჩუნეს საკუთარი პოზიციები, მესამე ადგილზე კი კიმი რაიკონენი გადავიდა. ფინელმა შეძლო სებასტიან ფეტელისა და ვალტერი ბოტასის უკან ჩამოტოვება. მათ უკან კი პირველი ავარია მოხდა.
ნიკო ჰიულკენბერგმა სიჩქარე ვერ გათვალა, მოსრიალდა და სწორედ ამ დროს, მას მარკუს ერიქსონი შეეჯახა. პილოტებმა ვერ შეძლეს რბოლის გაგრძელება. ამავე ავარიაში დაზარალდნენ მაქს ფერსტაპენი და რომენ გროსჟანი, თუმცა ისინი ბრძოლაში დაბრუნდნენ.
როგორც კი უსაფრთხოების მანქანამ ტრასა დატოვა, ბოტასმა შესანიშნავი მანევრის წყალობით რაიკონენს გაუსწრო და მესამე ადგილი დაიბრუნა.
ამასობაში, პრობლემები შეექმნა ნიკო როსბერგს. მის ბოლიდზე აქსელერატორის სატერფული გატყდა. მერვე წრისთვის გერმანელმა ძალიან შეანელა სვლა, წინ გაუშვა ჯერ ჰემილტონი, შემდეგ ბოტასი და ბოქსებში დაბრუნდა. როგორც ჩანს, ამით გერმანელის საჩემპიონო ამბიციებს საბოლოოდ დაესვა წერტილი.
უსაფრთხოების მანქანა მეორედ ტრასაზე მე-12 წრეზე გამოვიდა, როცა სერიოზულ ავარიაში მოხვდა რომენ გროსჟანი. მისი ბოლიდი მესამე მოსახვევში მოცურდა და ფრანგი ბარიერს შეეჯახა. საბედნიეროდ, პილოტი ტრავმას გადაურჩა.
ამ მომენტისთვის, პირველი რვა ადგილი შემდეგ პილოტებს ეკავათ: ჰემილტონი, ბოტასი, რაიკონენი, ფეტელი, კვიატი, ნასრი, მასა და მალდონადო. არც ერთ მათგანს პიტსტოპი არ ჰქონდა შესრულებული.
მეორე რესტარტი წარმატებული გამოდგა ფეტელისთვის: დაძაბულ ბრძოლაში მეორე ცდიდან მან შეძლო რაიკონენის გასწრება. 26-ე წრისთვის, სებასტიანი ბოტასს დაეწია, თუმცა ფინელმა ბოქსებში შეუხვია. ტრასაზე დაბრუნების შემდეგ, ბოტასი ტრაფიკში მოხვდა, რისი წყალობითაც, ფეტელმა მეორე პოზიცია მოიპოვა.
იგივეს გაკეთება ვერ შეძლო რაიკონენმა, თუმცა უკვე 36-ე წრეზე კიმის თანამემამულის გასწრების პირველი მცდელობა ჰქონდა უფრო ახალი საბურავებით.
იმ დროს, როცა ფინელები მეხუთე ადგილისთვის ერთმანეთში ურთიერთობას არკვევდნენ, მათ წინ პერესი და რიკარდო მოძრაობდნენ, რომლებმაც საბურავები ჯერ კიდევ უსაფრთხოების მანქანის მეორე რეჟიმისას შეცვალეს.
ფინიშამდე ექვსი წრით ადრე, წინა მურხუჭების პრობლემა შეექმნა კარლოს საინსს: ქულათა ზონაში მყოფი ესპანელი ორჯერ გადავიდა ტრაექტორიიდან. მეორე მოცურება ფატალური გამოდგა და საინსმა რბოლა დაასრულა.
დასანანი გამოვარდნა ჰქონდა რიკარდოს ფინიშამდე ოთხი წრით ადრე. როგორც ჩანს, ავსტრალიელის ბოლიდზე დაკიდების ელემენტი დაზიანდა.
სანამ ჰემილტონი და ფეტელს კომფორტულად ასრულებდნენ რბოლას პირველ და მეორე ადგილებზე, მესამე პოზიციისთვის ფანტასტიკური რბოლა წარიმართა. ბოლოსწინა წრეზე, პერესმა მაინც გაუშვა წინ ბოტასი და რაიკონენი, რადგან მექსიკელის "ფორს ინდიაზე" საბურავები თითქმის მთლიანად გაცვეთილი იყო. ბოლო წრეზე კიმი ვაბანკზე წავიდა და ბოტასის გასწრება სცადა, მაგრამ შეცდომა დაუშვა, რითაც "უილიამსი" ბრძოლას გამოთიშა, თავად კი მეხუთე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
რუსეთის გრან-პრის შემდეგ, ლუის ჰემილტონმა 66 ქულამდე გაზარდა უპირატესობა უახლოეს მდევართან. უახლოესი მდევარი კი უკვე სებასტიან ფეტელი გახლავთ, რომელმაც შვიდი ქულით ჩამოიცილა ნიკო როსბერგი.
ლუისისთვის ეს იყო კარიერაში 42-ე გამარჯვება, რითაც გაუსწრო ლეგენდარულ ბრაზილიელს აირტონ სენას და დაეწია ფეტელს. ახლა, ბრიტანელს შემდეგ რბოლაში ფეტელზე 11 ქულით და როსბერგზე ორი ქულით მეტის აღება სჭირდება იმისთვის, რომ ვადაზე ადრე გაიფორმოს კარიერაში მესამე ჩემპიონობა.
შემდეგი რბოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში 25 ოქტომბერს გაიმართება. ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ეტაპია დარჩენილი.
"ველოდი სტარტზე დაძაბულ ბრძოლას ნიკო როსბერგთან. და მართლაც, პირველ მეტრებზე ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ცუდია, რომ ერთი მანქანა დავკარგეთ და ნიკოს ვერ შეძლო მოგებისთვის ბრძოლას.
ეს განსაკუთრებული მომენტია ჩემთვის - გავასწარი აირტონ სენას მოგებების რაოდენობით", - განაცხადა ჰემილტონმა ფინიშის შემდეგ.
* * *
რბოლის შემდეგ, სტიუარდებმა განიხილეს რაიკონენისა და ბოტასის ინციდენტი, რომელშიც დამნაშავედ კიმი მონათლეს და მას 30-წამიანი ჯარიმა მისცეს. შედეგად, საბოლოო ოქმში რაიკონენი მერვე ადგილამდე დაქვეითდა, მეხუთეზე გადავიდა დანიილ კვიატი, მეექვსეზე ფელიპე ნასრი, მეშვიდეზე - პასტორ მალდონადო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონსტურქტორთა თასზე "მერსედესმა" ვადაზე ადრე გაიფორმა პირველობა.
გარდა ამისა, "მაკლარენის" პილოტი ფერნანდო ალონსო ხუთი წამით დააჯარიმეს მე-16 მოსახვევში ტრასის ფარგლების დაუცველობის გამო. ამან ესპანელს მეათე ადგილი და ერთი ქულა დააკარგვინა. ფერნანდოს ადგილი მაქს ფერსტაპენმა დაიკავა.
სოჭი (53 წრე, 309.745 კმ)
1(2). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) 1:37.11,024 (1 პიტსტოპი)
2(4). სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) +5,953 (1)
3(7). სერხიო პერესი (ფორს ინდია, მექსიკა) +28,918 (1)
4(15). ფელიპე მასა (უილიამსი, ბრაზილია) +38,831 (1)
5(11). დანიილ კვიატი (რედ ბული, რუსეთი) +47,566 (1)
6(12). ფელიპე ნასრი (ზაუბერი, ბრაზილია) +56,508 (1)
7(14). პასტორ მალდონადო (ლოტუსი, ვენესუელა) +1.01,088 (1)
8(5). კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) +1.12,358 (1)
9(13). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +1.19,467 (1)
10(9). მაქს ფერსტაპენი (ტორო როსო, ჰოლანდია) +1.28,424 (2)
11(19). ფერნანდო ალონსო (მაკლარენი, იტალია) +1.31,210 (1)
12(3). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) 1 წრე (1)
13(18). რობერტო მერი (მანორი, ესპანეთი) 1 წრე (1)
14(17). უილ სტივენსი (მანორი, ბრიტანეთი) 2 წრე (2)
15(10). დანიელ რიკარდო (რედ ბული, ავსტრალია) 6 წრე
16(20). კარლოს საინსი (ტორო როსო, ესპანეთი) 7 წრე
17(8). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) 41 წრე
18(1). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 45 წრე
19(16). მარკუს ერიქსონი (ზაუბერი, შვედეთი) 53 წრე
20(6). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) 53 წრე
კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 531; 2. ფერარი - 359; 3. უილიამსი - 220; 4. რედ ბული - 149; 5. ფორს ინდია - 92; 6. ლოტუსი - 66; 7. ტორო როსო - 45; 8. ზაუბერი - 34; 9. მაკლარენი - 19.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"