ფორმულა 1. ესპანეთის გრანპრი: ბრავო მაქსი! ბრავო "რედ ბული"!

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში სეზონის ევროპული ნაწილი ესპანეთის გრანპრით დაიწყო. ეტაპის წინ, მთავარი განსახილველი თემა იყო როქი "რედ ბულსა" და "ტორო როსოს" შორის. როგორც იცით, მაქს ფერსტაპენმა "რედ ბულში" დანიილ კვიატის ადგილი დაიკავა და ავსტრიული საჯინიბოს ამ სვლამ სრულად გაამართლა.

კვალიფიკაცია ისევ "მერსედესის" პილოტებმა მოიგეს. ამჯერად, პირველი პოზიციიდან იღებდა სტარტს ლუის ჰემილტონი, მეორეზე იდგა - ნიკო როსბერგი. შაბათს, სიჩქარის მხრივ, მეორე იყო "რედ ბული", რომლის წევრებმა სასტარტა ბილიკზე მეორე რიგი დაიკავეს, მესამე რიგში კი "ფერარები" იდგნენ...

ჰემილტონმა
და როსბერგმა შესანიშნავი სტარტი აიღეს და კონკურეტებს არანაირი შანსი არ დაუტოვეს. პირველ მოსახვევში, ნიკომ მოულოდნელად წინ გასვლა შეძლო, მაგრამ ჰემილტონი არ დანებდა. მომდევნო სწორ მონაკვეთზე ლუისმა როსბერგის "ჰაერის ნაკადი" დაიჭირა და და მარჯვნივ გავიდა. გერმანელმაც არ მოისურვა დათმობა, მაქსიმალურად გადავიდა ტრასის კიდეზე და ბრიტანელი თითქმის გადააგდო ტრეკიდან. ჰემილტონი მოსრიალდა, უმართავი ბოლიდი როსბერგის მანქანას დაეჯახა და ორივესთვის რბოლა დასრულებული იყო.

ასე რომ, რბოლის მთავარმა ფავორიტებმა, ჯამში მხოლოდ სამი მოსახვევი გაიარეს. ეს პირველი ორმაგი გავარდნაა "მერსედესისთვის" ავსტრალიის 2011 წლის გრანპრის შემდეგ.

უსაფრთხოების მანქანას ლიდერის რანგში კვალში ჩაუდგა დანიელ რიკარდო, რომლის უკან იდგნენ მაქს ფერსტაპენი და კარლოს საინსი. ამ უკანასკნელს ბრწყინვალე სტარტი გამოუვიდა - მერვე ადგილიდან მესამეზე გადავიდა!

ამ სამეულს უკან მრისხანე მეტოქეები ჰყავდა: ორი "ფერარი". მაგრამ საინსი ასე იოლად არ დანებდა ფეტელს: გერმანელის პირველი შეტევა მეშვიდე წრეზე უშედეგოდ დასრულდა და მხოლოდ შემდეგ წრეზე შეძლო სებასტიანმა კარლოსის გასწრება.

ლიდერი რიკარდო ბოქსებში მე-12 წრეზე შევიდა და პირველად თავის კარიერაში, ფორმულა 1-ის რბოლას სათავეში ჩაუდგა ფერსტაპენი. მაგრამ მცირე ხნით: შემდეგ წრეზე ჰოლანდიელი ასევე წავიდა საბურავების შესაცვლელად.

პიტ-სტოპების პირველ სერიაზე "ფერარიმ" ვერ შეძლო "რედ ბულის" წევრების უკან ჩამოტოვება. თავისი პირველი პიტ-სტოპის შემდეგ, ფეტელი რიკარდოსა და ფერსტაპენის უკან დაბრუნდა ტრასაზე.

28-ე წრისთვის, ლიდერებს შორის არც პოზიციები იცვლებოდა და არც დროში სხვაობა: იგივე 1.2 წამს აგებდა ფერსტაპენი რიკარდოსთან, ფეტელი კი ფერსტაპენთან.

მაგრამ "რედ ბულში" აგრესიულ სტრატეგიაზე გადასვლა გადაწყვიტეს: 29-ე წრეზე რიკარდო მეორედ შევიდა პიტ-სტოპზე, მაგრამ უკვე Soft-ის კომპლექტისთვის. ფეტელს მაშინვე ჰქონდა რეაგირება: ასევე Soft და ფერსტაპენის გასწრების შესანიშნავი შანსი სტრატეგიის წყალობით! იმ მომენტში ცხადი გახდა, რომ "რედ ბულმა" და "ფერარიმ" სტრატეგიის გაყოფა გადაწყვიტეს: მაქსი და კიმი არ შევიდნენ ბოქსებში საბურავების ახალი კომპლექტისთვის.

ბოქსებში მეორე შესვლა ფერსტაპენს მხოლოდ 35-ე წრეზე ჰქონდა: ჰოლანდიელს Medium-ის საბურავები დაუყენეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის ბოქსებში აღარ შევიდოდა. თუმცა მაქსის წინაშე რთული ამოცანა იყო: საბურავების ერთი კომპლექტით უნდა გაევლო 31 წრე, რასაც ახალგაზრდა პილოტი შესანიშნავად გაუმკლავდა.

ყველაზე უცნაური გადაწყვეტილება "ფერარის" ჰქონდა: ფეტელმა მხოლოდ რვა წრე გაიარა Soft-ით და ბოქსებში წავიდა Medium-ის საბურავებისთვის. საბოლოოდ, ისე აღმოჩნდა, რომ ორი პიტ-სტოპის სტრატეგია უფრო მომგებიანი აღმოჩნდა და გამარჯვებისთვის ფერსტაპენმა და რაიკონენმა იბრძოლეს.

ფინიშამდე 20 წრით ადრე, ლიდერებს შორის ისევ უცვლელი იყო ყველაფერი, თუმცა შემდეგ, რიკარდო გაემართა ბოლო პიტ-სტოპზე, რის გამოც მეოთხე პოზიციამდე ჩამოქვეითდა, რაიკონენმა კი ერთ წამამდე შეამცირა სხვაობა ფერსტაპენთან.

რიკარდოს ფეტელის გასწრების მცდელობა 59-ე წრეზე ჰქონდა: ავსტრალიელმა შიდა ტრაექტორიით სცადა ბედი, მაგრამ სებასტიანმა ბრწყინვალე მანევრი შეასრულა და პოზიცია შეინარჩუნა. ბოლო წრეზე კი რიკარდოს საბურავი გაუსკდა და მეოთხედ მოუწია ბოქსებში შესვლა, მაგრამ შეინარჩუნა მეოთხე პოზიცია.

რაც შეეხება პირველი ადგილისთვის ბრძოლას, ბოლოს 15 წრის განმავლობაში, რაიკონენი თითქმის სულ კვალში ედგა ფერსტაპენს, მაგრამ ბარსელონას ტრასა გასწრებისთვის ნაკლებად მოსახერხებელია. შედეგად, 18 წლის ჰოლანდიელმა "რედ ბულის" მანქანით თავის პირველივე რბოლაში შეძლო გამარჯვების მოპოვება. ფერსტაპენი ფორმულა 1-ის ისტორიაში 106-ე და ყველაზე ახალგაზრდა პილოტი გახდა, ვისაც "დიდ ცირკში" ეტაპი აქვს მოგებული.

რაიკონენი მეორე ადგილზე გავიდა, ფეტელმა კი მესამე პოზიცია დაიკავა.

გენერალური კლასიფიკაციის ზედა ნაწილში გარკვეული ცვლილებები მოხდა, კერძოდ, ჰემილტონმა დაკარგა მეორე ადგილი და ოთხი ქულით ჩამორჩა რაიკონენს. შემდეგი ეტაპი მონაკოში გაიმართება.

ესპანეთის გრანპრი (66 წრე, 307.104 კმ)
1(9). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ) Red Bull 1:41.40,017 25
2(3). კიმი რაიკონენი (ფინ) Ferrari +0,616 18
3(7). სებასტიან ფეტელი (გერ) Ferrari +5,581 15
4(5). დანიელ რიკარდო (ავსტრა) Red Bull +43,950 12
5(2). ვალტერი ბოტასი (ფინ) Williams +45,271 10
6(11). კარლოს საინსი (ესპ) Toro Rosso +1.01,395 8
7(6). სერხიო პერესი (მექ) Force India +1.19,538 6
8(4). ფელიპე მასა (ბრა) Williams ++1.20,707 4
9(12). ჯენსონ ბატონი (ბრიტ) McLaren 1 წრე 2
10(8). დანიილ კვიატი (რუს) Toro Rosso 1 წრე 1

11(16). ესტებან გუტიერესი (მექ) Haas 1 წრე
12(22). მარკუს ერიქსონი (შვედ) Sauber 1 წრე
13(18). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ) Renault 1 წრე
14(17). კევინ მაგნუსენი (დან) Renault 1 წრე
15(19). ფელიპე ნასრი (ბრა) Sauber 1 წრე
16(20). პასკალ ვერლიაინი (გერ) Manor 1 წრე
17(21). რიო ჰარიანტო (ინდოენეზ) Manor 1 წრე

ფინიშზე ვერ მივიდნენ
18(15). რომენ გროსჟანი (საფ) Haas 56 წრე
19(14). ფერნანდო ალონსო (ესპ) McLaren 45 წრე
20(13). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ) Force India 20 წრე

21(1). ნიკო როსბერგი (გერ) Mercedes 0 წრე
22(10). ლუის ჰემილტონი (ბრიტ) Mercedes 0 წრე

საერთო ჩათვლა
1. ნიკო როსბერგი 100 (4)
2. კიმი რაიკონენი 61
3. ლუის ჰემილტონი 57
4. სებასტიან ფეტელი 48
4. დანიელ რიკარდო 48
6. მაქს ფერსტაპენი 38 (1)
7. ფელიპე მასა 36
8. ვალტერი ბოტასი 29
9. რომენ გროსჟანი 22
9. დანიილ კვიატი 22

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი 157
2. ფერარი 109
3. რედ ბული 94
4. უილიამსი 65
5. ტორო როსო 26
6. ჰაასი 22
7. ფორს ინდია 14
8. მაკლარენი 12
9. რენო 6

დამნაშავე არავინაა
რა თქმა უნდა, ესპანეთის გრანპრის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო - სტარტზე "მერსედესის" პილოტების შეჯახება. პირველ რიგში ვთქვათ ის, რომ რბოლის სტიუარდებმა განიხილეს ინციდენტი და გადაწყვიტეს, არავინ დაესაჯათ. დაახლოებით იგივე აზრზეა "მერსედესის" შეფი ტოტო ვოლფი:

"ორივე პილოტს ველაპარაკეთ. სიტუაცია რთულია, რადგან გუნდმა 43 ქულა დაკარგა იმ ძალისხმევის შემდეგ, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში გვქონდა. მაგრამ, თქვენ იცით, რომ ჩვენს პილოტებს ერთმანეთში ბრძოლის საშუალებას ვაძლევთ და ხანდახან, ასეთი რაღაცეები ხდება. არ გვინდა რომელიმე მათგანი დავადანაშაულოთ".

რაიკონენს ახალი კონტრაქტის შანსი აქვს
"ფერარის" დირექტორმა მაურიციო არივაბენემ განაცხადა, რომ თუ კიმი რაიკონენი ისევე გააგრძელებს გამოსვლას, როგორც ამას მიმდინარე სეზონში აკეთებს, აუცილებლად მიიღებს "სკუდერიასგან" ახალ კონტრაქტს.

ფინელის მიმდინარე ხელშეკრულება იტალიურ გუნდთან ამ სეზონის ბოლოს იწურება და კიმის ადგილზე ბევრი პილოტი აცხადებს პრეტენზიას. მაგრამ, წლევანდელ ჩემპიონატში რაიკონენი უკვე ორჯერ ავიდა პოდიუმზე და ესპანეთის გრანპრის წინ, არივაბენემ მიანიშნა, რომ მთლიანად კმაყოფილია ვეტერანი პილოტით.

"კიმის მომავალი მის ხელშია. ამ მომენტისთვის, ის გუნდის მიმართ ერთგულებას გვიჩვენებს და აღწევს იმ შედეგებს, რომელსაც მისგან ველოდით", - ამბობს "ფერარის" შეფი.
რაიკონენი ფორმულა 1-ის ყველაზე ასაკოვანი პილოტია და თუ ახალ კონტრაქტს გააფორმებს, მაშინ მინიმუმ 38 წლამდე დარჩება "დიდ ცირკში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული