მიმდინარე სეზონში მთავარი ინტრიგა კვლავაც ჩემპიონობისთვის ბრძოლაა. ერთი კვირის წინ, ბელგიაში ნიკო როსბერგს კონკურენტები არ ჰყოლია და მან დამაჯერებლად მოიგო რბოლა, რითაც 10 ქულამდე შეამცირა სხვაობა ლუის ჰემილტონთან. თავად ბრიტანელმა თითქმის შეუძლებელი შეძლო - 21-ე ადგილიდან აიღო სტარტი და პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდა. ასე რომ, ბელგიური ეტაპის მთავარ გმირად სწორედ ჰემილტონი მოინათლა და არა როსბერგი.
სხვათა შორის, ნიკომ ამ სეზონში ექვსი რბოლა მოიგო და ექვსივე
იტალიაში "მერსედესის" პილოტები თანაბარ პირობებში იქნებიან და მათ შორის დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი. ამ მომენტისთვის, ლუისი ნიკოს ცხრა ქულას უგებს და როგორც როსბერგმა თქვა, ყოველი რბოლა ფინალივით იქნება.
* * *
იტალიის გრანპრი "ფერარის" საშინაო რბოლაა და გუნდმა სწორედ აქ უნდა აჩვენოს კრიზისიდან გამოსვლის ნიშნები. "სკუდერიას" სინგაპურის შარშანდელი გრანპრის შემდეგ არ მოუგია - პაუზა თითქმის ერთი წელს უდრის, მონცაზე კი ექვსი წელია არ ჰქონია ტრიუმფი. საერთოდაც, "ფერარი" უკვე ზედიზედ ოთხი რბოლაა პოდიუმზეც ვერ ხვდება. ამიტომაც, საშინაო ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის.
* * *
მომავალი რბოლის მესამე ინტრიგაა "რედ ბულის" თინეიჯერის მაქს ფერსტაპენის გამოსვლა. ბელგიაში თავისი აგრესიული მანევრების გამო, ჰოლანდიელმა ბევრის კრიტიკა დაიმსახურა, გუნდის ბოსმა კრისტიან ჰორნერმა კი განაცხადა, რომ მაქსმა სწორი დასკვნები უნდა გააკეთოს.
ფერსტაპენი ყოველი ახალი რბოლის შემდეგ, სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. თან ეს ყურადღება უფრო სკანდალებით არის გამოწვეული. სხვათა შორის, ბელგიური ეტაპის შემდეგ, მაქსმა უარი თქვა ბრალის აღიარებაზე. საინტერესოა, კრიტიკის შემდეგ, ფერსტაპენი გააგრძელებს თავის აგრესიულ მანევრებს თუ საზოგადოების ზეწოლით, უფრო აკურატული გახდება...
მონცას ტრასა
სიგრძე: 5793 მ
წრეების რიცხვი: 53
რბოლის დისტანცია: 306 კმ
DRS-ის ზონა: ორი
ტრასის რეკორდი: 1:21.046 (ბარიკელო, "ფერარი", 2004)
ყველაზე მეტი მოგება: 5 - მ. შუმახერი
უქმეების განრიგი
2 სექტემბერი, 12:00 - I პრაქტიკა
2 სექტემბერი, 14:00 - II პრაქტიკა
3 სექტემბერი, 13:00 - III პრაქტიკა
3 სექტემბერი, 16:00 - კვალიფიკაცია
4 სექტემბერი, 16:00 - რბოლა
საერთო ჩათვლა
1. ლუის ჰემილტონი 232 (6)
2. ნიკო როსბერგი 223 (6)
3. დანიელ რიკარდო 151
4. სებასტიან ფეტელი 128
5. კიმი რაიკონენი 124
6. მაქს ფერსტაპენი 115 (1)
7. ვალტერი ბოტასი 62
8. სერხიო პერესი 58
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"