პოულის მფლობელმა როსბერგმა დამაჯერებელი სტარტი აიღო და თავიდანვე დაიწყო უპირატესობის გაზრდა კონკურენტებზე. ამ დროს კი მისმა მთავარმა კონკურენტმა ჰემილტონმა ერთბაშად ექვსი პოზიცია დათმო და მერვე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
ნიკომ პიტსტოპების პირველი ტალღის შემდეგ, სამწამიანი უპირატესობა მიიღო მაქს ფერსტაპენზე, რომელიც, თავის მხრივ, ოთხი წამით უსწრებდა სებასტიან ფეტელს. ჰემილტონმა ბოქსებში უფრო გვიან შესვლის ტაქტიკით გაუსწრო კიმი რაიკონენსა და დანიელ რიკარდოს,
პირველი პიტსტოპების შემდეგ, როსბერგმა უპირატესობის გაზრდა დაიწყო. შედეგად, გერმანელი აკონტროლებდა რბოლის მსვლელობას და მანქანის დაზოგვის საშუალებაც ჰქონდა.
მეორე და მესამე ადგილებზე, ერთმანეთთან ძალიან ახლოს ფერსტაპენი და ფეტელი მოძრაობდნენ და პოზიციურ ბრძოლას აწარმოებდნენ. სებასტიანი მაქსზე ოდნავ სწრაფი იყო, მაგრამ შეტევას მაინც ვერ ამზადებდა. ამავდროულად, ამ წყვილს ძალიან სწრაფად ეწეოდა ჰემილტონი - 22 წრის შემდეგ, ბრიტანელს უკვე 12 წამი აშორებდა პოდიუმამდე, რბოლის ეკვატორზე კი ეს მანძილი 10 წამამდე შემცირდა.
ამასობაში, მეორე პიტსტოპების დრო მოვიდა. ყველა ლიდერმა "ჰარდის" ტიპის საბურავი აირჩია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფინიშამდე ისინი გაჩერებას აღარ აპირებდნენ. ყველაზე გვიან ბოქსებში ფეტელი და ჰემილტონი შევიდნენ. როცა ლუისმა მექანიკოსებს მიაშურა, მისი ჩამორჩენა ფეტელთან სამი წამი იყო, საბურავების შეცვლის შემდეგ კი ბრიტანელი უკვე მესამე ადგილზე იმყოფებოდა.
ჰემილტონი მესამე ადგილით დაკმაყოფილებას არ აპირებდა და ფერსტაპენთან ჩამორჩენის გაბათილება დაიწყო, თან ამას ძალიან სწრაფად აკეთებდა - რამდენიმე წრეში, ლუისმა ექვსი წამი მოუგო ჰოლანდიელს. 45-ე წრეზე კი მათ შორის სხვაობა უკვე წამზე ნაკლები იყო.
ჰემილტონს უკვე შეეძლო შეტევაზე გასვლა, მაგრამ ფერსტაპენი ახერხებდა თავის დაცვას. ლუისს ბოლო იერიში ბოლოსწინა წრეზე ჰქონდა და თითქოს წარმატებისთვისაც უნდა მიეღწია, მაგრამ მაქსმა ხისტად დაბლოკა ჩემპიონი და ამ უკანასკნელს, ტრასის მოჭრა მოუწია.
ამ დუეტის ბრძოლით კარგად ისარგებლა როსბერგმა და მშვიდად მივიდა ფინიშზე. ეს იყო მისი პირველი მოგება იაპონიაში, რისი წყალობითაც, გერმანელმა 33 ქულამდე გაზარდა უპირატესობა საერთო ჩათვლაში. მისალოცად აქვს საქმე "მერსედესს" - მისი ორივე პილოტის პოდიუმზე ასვლის წყალობით, გერმანულმა საჯინიბომ სეზონის დასრულებამდე ოთხი ეტაპით ადრე გაინაღდა ზედიზედ მესამედ კონსტრუქტორთა თასი.
მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგი ეტაპი - აშშ-ის გრანპრის ორი კვირის შემდეგ, 23 ოქტომბერს გაიმართება.
იაპონიის გრანპრი (53 წრე, 307.471 კმ)
1(1). ნიკო როსბერგი (გერ) Mercedes 1:26.43,333 25
2(3). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ) Red Bull +4,978 18
3(2). ლუის ჰემილტონი (ბრიტ) Mercedes +5,776 15
4(6). სებასტიან ფეტელი (გერ) Ferrari +20,269 12
5(8). კიმი რაიკონენი (ფინ) Ferrari +28,370 10
6(4). დანიელ რიკარდო (ავსტრა) Red Bull +33,941 8
7(5). სერხიო პერესი (მექ) Force India +57,495 6
8(9). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ) Force India +59,177 4
9(12). ფელიპე მასა (ბრა) Williams +1.37,763 2
10(11). ვალტერი ბოტასი (ფინ) Williams +1.38,323 1
11(7). რომენი გროსჟანი (საფ) Haas +1.39,254
12(16). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ) Renault 1 წრე
13(13). დანიილ კვიატი (რუს) Toro Rosso 1 წრე
14(17). კევინ მაგნუსენი (დან) Renault 1 წრე
15(18). მარკუს ერიქსონი (შვედ) Sauber 1 წრე
16(15). ფერნანდო ალონსო (ესპ) McLaren 1 წრე
17(14). კარლოს საინსი (ესპ) Toro Rosso 1 წრე
18(22). ჯენსონ ბატონი (ბრიტ) McLaren 1 წრე
19(19). ფელიპე ნასრი (ბრა) Sauber 1 წრე
20(10). ესტებან გუტიერესი (მექ) Haas 1 წრე
21(20). ესტებან ოკონი (საფ) Manor 1 წრე
22(21). პასკალ ვერლიაინი (გერ) Manor 1 წრე
საერთო ჩათვლა
1. ნიკო როსბერგი 313 (9)
2. ლუის ჰემილტონი 280 (6)
3. დანიელ რიკარდო 212 (1)
4. კიმი რაიკონენი 170
4. მაქს ფერსტაპენი 165 (1)
4. სებასტიან ფეტელი 165
7. ვალტერი ბოტასი 81
8. სერხიო პერესი 80
9. ნიკო ჰიულკენბერგი 54
10. ფელიპე მასა 43
კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი 593
2. რედ ბული 385
3. ფერარი 335
4. ფორს ინდია 134
5. უილიამსი 124
6. მაკლარენი 62
7. ტორო როსო 47
8. ჰაასი 28
9. რენო 8
10. მანორი 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"