სტარტს, რომლის წინაც დაძაბულობამ პიკს მიაღწია, ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია, თუმცა, ტიტულის პრეტენდენტებს ეს არ ეხებოდათ - მათ შეინარჩუნეს სასტარტო პოზიციები. პირველი მოსახვევის შემდეგ, მაქს ფერსტაპენი მოცურდა და ბოლო ადგილზე ჩამოქვეითდა.
შემდეგმა რამდენიმე წრემ მშვიდად ჩაიარა. ჰემილტონი თანდათან დაშორდა როსბერგს, რომელიც, თავის მხრივ, სტაბილურად ზრდიდა ჰანდიკაპს რაიკონენთან, რაც შეეხება ფერსტაპენს, ის ერთი მეორეს მიყოლებით
პიტსტოპების პირველი სერია მეშვიდე წრიდან დაიწყო. ლიდერთაგან პირველი ახალი საბურავებისთვის ჰემილტონი წავიდა, როსბერგი კი ერთი წრის შემდეგ გაჩერდა.
საინტერესოა, რომ ორივეს პიტსტოპი ოდნავ გაიწელა - ორივე შემთხვევაში, "მერსედესის" მექანიკოსებს ლოდინი მოუწიათ, სანამ "ფერარის" პილოტები პიტლეინზე გაივლიდნენ. მაგრამ, თუ ამას ლუისის შემთხვევაში არანაირი გავლენა არ ჰქონია, ნიკო ტრეკზე ფერსტაპენის უკან დაბრუნდა. როსბერგი ასე იოლად არ აპირებდა ჰოლანდიელისთვის პოზიციის დათმობას, მაგრამ არც მოვლენათა ფორსირებას ჩქარობდა.
მე-13 წრეზე, დაკიდების მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, დისტანციას ჩამოშორდა ჯენსონ ბატონი და ასე ნაღვლიანად დასრულდა მისი კარიერა ფორმულა 1-ში.
ამასობაში, მე-20 წრისთვის ლიდერთა ჯგუფში ბრძოლა ოდნავ გამოცოცხლდა. როსბერგი კვალში ედგა ფერსტაპენს, მაგრამ გასწრება მხოლოდ მაშინ გაბედა, როცა ამის შესახებ გუნდმა მიუთითა. მერვე მოსახვევის წინ, დამუხრუჭებისას გერმანელი შეტევაზე წავიდა, ფერსტაპენმა, როგორც ჩვევია, ბოლომდე იბრძოლა და საქმე კინაღამ კონტაქტამდე მივიდა, მაგრამ, საბოლოოდ, ჩემპიონატის ლიდერმა გატეხა ჰოლანდიელის წინააღმდეგობა.
ნიკომ თავისუფლება იგრძნო და რამდენიმე საუკეთესო წრე აჩვენა, რითაც სხვაობა ჰემილტონთან 3.5 წამამდე შეამცირა. მაგრამ მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო მდევრების უკან ჩამოტოვება, მით უმეტეს, რომ ფერსტაპენი ერთი პიტსტოპის ტაქტიკაზე წავიდა. ჰოლანდიელი ახალი საბურავებისთვის 22-ე წრეზე შევიდა ბოქსებში და ფინიშამდე აღარ გაჩერებულა.
ჰემილტონმა მეორე პიტსტოპი 28-ე წრეზე შეასრულა. როსბერგმა ეს ერთი წრის შემდეგ გააკეთა. გერმანელი ტრასაზე მეორე პოზიციაზე დაბრუნდა და ფერსტაპენს 3.3 წამს უგებდა.
ლიდერი სებასტიან ფეტელი გახდა - "ფერარიში" გადაწყვიტეს მაქსიმალურად გაეწელათ მეორე პიტსტოპი, რომელიც 37-ე წრეზე განხორციელდა. ფინალური მონაკვეთისთვის გერმანელის მანქანა "ულტრასოფტის" საბურავებით აღიჭურვა.
ფინიშამდე 15 წრით ადრე, პირველ ათეულში ასეთი სიტუაცია იყო: ჰემილტონი, როსბერგი (+1.4 წამი), ფერსტაპენი (+4,9), რიკარდო (+5,5), რაიკონენი (+13,1), ფეტელი (+18,1), ჰიულკენბერგი (+35,1), პერესი (+36,5), ალონსო (+41,3), მასა (+47,9)...
საუკეთესო წრეების სერიის შემდეგ, ფეტელი რაიკონენს დაეწია და იოლად გაუსწრო მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში. სებასტიანი ლიდერებსაც კი წრეზე ორ წამს უგებდა, მაგრამ საკითხავი ის იყო, რამდენ ხანს გაუძლებდა ულტარბილი საბურავები.
46-ე წრეზე ფეტელი ძალიან იოლად გაცდა რიკარდოს და მისი შემდეგი სამიზნე ფერსტაპენი გახდა. ამან მხოლოდ დაუმატა ინტრიგა რბოლას, რადგან ჰემილტონი სრული ძალით არ მოძრაობდა და ცდილობდა როსბერგის შეყოვნებას. ლიდერებს შორის სხვაობა 0.7-1 წამში მერყეობდა.
ფინიშამდე ხუთი წრით ადრე, ჰანდიკაპი პირველ ოთხეულში 3.5 წამამდე დავიდა და სწრაფად მცირდებოდა, ამასთან, ფეტელმა ფერსტაპენს გაუსწრო და მესამე ადგილზე გადავიდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ "მერსედესის" ტექნიკური დირექტორი პადი ლოუ ჰემილტონთან კავშირზე გავიდა და ტემპის მომატება სთხოვა. რაღაც მომენტში, ლუისმა მართლაც მოუმატა, მაგრამ მალე ისევ დააგდო სიჩქარე, იმის იმედად, რომ როსბერგს მდევრები შეუტევდნენ.
ბოლოსწინა წრეზე, ფეტელმა მართლაც შეუტია როსბერგს, მაგრამ გასწრება ვერ შეძლო. დაძაბულობა ბოლო მოსახვევამდე იყო შენარჩუნებული, რადგან ფერსტაპენიც ძალიან ახლოს იყო ნიკოსთან, მეოთხე ადგილი კი ამ უკანასკნელს არ ჰყოფნიდა ჩემპიონობისთვის. მაგრამ, სტატუს-ქვო შენარჩუნდა: ჰემილტონმა პირველი ადგილი დაიკავა, როსბერგი კი მეორე იყო და ამან ჩემპიონის ტიტული მოუტანა. გერმანელი რიგით 33-ე ჩემპიონია ფორმულა 1-ის ისტორიაში.
აბუ დაბის გრანპრი (55 წრე, 305.355 კმ)
1(1). ლუის ჰემილტონი (ბრიტ) Mercedes 55 კპუგრვ 25
2(2). ნიკო როსბერგი (გერ) Mercedes +0,439 18
3(7). სებასტიან ფეტელი (გერ) Ferrari +0,843 15
4(3). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ) Red Bull +1,685 12
5(4). დანიელ რიკარდო (ავსტრა) Red Bull +5,315 10
6(6). კიმი რაიკონენი (ფინ) Ferrari +18,816 8
7(5). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ) Force India +50,114 6
8(12). სერხიო პერესი (მექ) Force India +58,776 4
9(9). ფელიპე მასა (ბრა) Williams +59,436 2
10(11). ფერნანდო ალონსო (ესპ) McLaren +59,896 1
11(22). რომენი გროსჟანი (საფ) Haas +1.16,777
12(17). ესტებან გუტიერესი (მექ) Haas +1.35,113
13(20). ესტებან ოკონი (საფ) Manor 1 წრე
14(16). პასკალ ვერლიაინი (გერ) Manor 1 წრე
15(15). მარკუს ერიქსონი (შვედ) Sauber 1 წრე
16(19). ფელიპე ნასრი (ბრა) Sauber 1 წრე
17(21). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ) Renault 1 წრე
ფინიშზე ვერ მივიდნენ
18(10). კარლოს საინსი (ესპ) Toro Rosso 41 წრე
19(18). დანიილ კვიატი (რუს) Toro Rosso 14 წრე
20(13). ჯენსონ ბატონი (ბრიტ) McLaren 12 წრე
21(8). ვალტერი ბოტასი (ფინ) Williams 6 წრე
22(14). კევინ მაგნუსენი (დან) Renault 5 წრე
კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი 765
2. რედ ბული 468
3. ფერარი 398
4. ფორს ინდია 173
5. უილიამსი 138
6. მაკლარენი 76
7. ტორო როსო 63
8. ჰაასი 29
9. რენო 8
10. ზაუბერი 2
11. მანორი 1
* პირველად ისტორიაში, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ვერ მოიგო პილოტმა (ლუის ჰემილტონი), რომელმაც სეზონში 10 გრანპრიში გაიმარჯვა.
* ნიკო როსბერგი თავისი მამის - კეკე როსბერგის ჩემპიონობიდან 34 წლის თავზე გახდა საუკეთესო.
* როსბერგი მეორე პილოტია დეიმონ ჰილის შემდეგ, რომლის მამაც ფორმულა 1-ის ჩემპიონი იყო. საინტერესოა, რომ ჰილიც მამის ტრიუმფიდან 34 წლის შემდეგ გახდა ჩემპიონი.
* გუშინ, აბუ დაბის პოდიუმზე ასულ პილოტებს ერთად რვა საჩემპიონო ტიტული აქვთ მოპოვებული.
* "ფორს ინდიამ" კონსტრუქტორთა თასზე მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც საუკეთესო შედეგია მის ისტორიაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"