დებიუტი მაისში იქნება

AutoSharing Option
უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ ცნობილმა ფინელმა პილოტმა კიმი რაიკონენმა ამერიკული ნასკარის სერიაში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება. ახლა ამასთან დაკავშირებით უფრო დაზუსტებული ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ირკვევა, ახალ სერიაში ფორმულა 1-ის ყოფილი ჩემპიონის დებიუტი მაისში შედგება - კიმი სარბოლო პიკაპის საჭეს მიუჯდება და Camping World Truck Series-ში მიიღებს მონაწილეობას.

"კიმი რაიკონენმა განაცხადი შემოიტანა, რომელიც უკვე მიღებულია: 20 მაისს ის პირველ ეტაპს ჩაატარებს სარბოლო პიკაპების სერიაში", - ამბობს ნასკარის ოფიციალური წარმომადგენელი.

2007 წლის ჩემპიონისთვის ეს იქნება ძალების პირველი მოსინჯვა კლასიკურ ამერიკულ დისციპლინაში. რბოლა
შარლოტის (ჩრდილოეთ კაროლინა) ოვალურ ავტოდრომზე ჩატარდება, სადაც ტრასის სიგრძე 2.4 კილომეტრს შეადგენს.

რაიკონენის ნასკარში გადასვლის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ პიკაპებით რბოლა ერთგვარი გარდამავალი ეტაპი იყოს ნასკარის უმაღლეს დივიზიონში (Sprint Cup) გადასასვლელად. როგორც უკვე ვწერდით, ფინელი არც თავის ამჟამინდელ საქმიანობაზე - რალის ჩემპიონატში გამოსვლაზე იტყვის უარს: მას 2011 წელს კონტრაქტის მიხედვით რვა ეტაპზე გამოსვლა უწევს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული