რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი იორდანიაში გაიმართა და ეს რბოლა ლიდერებს შორის დროში მინიმალური სხვაობით შევა ისტორიაში: ფინიშზე პირველ და მეორე ადგილზე გასულ პილოტებს შორის სხვაობა ორი მეათედი (!) წამი იყო.
იორდანიის რალის ბოლო დღე სებასტიან ოჟიეს ნახევარწუთიანი ლიდერობით დაიწყო. "სიტროენის" ახალგაზრდა ფრანგს ტაქტიკური ბრძოლა არ დაუწყია და შაბათს პირველივე სპეცმონაკვეთზე უპირატესობის გაზრდას შეეცადა, მაგრამ პირიქით გამოუვიდა: თავისი ჰანდიკაპის თითქმის ნახევარი გაფლანგა და მას ძალიან მიუხლოვდნენ "ფორდის" წევრი იარი-მატი ლატვალა და თანაგუნდელი სებასტიან ლოები.
ამასობაში, პოდიუმის შანსი დაკარგა პეტერ სოლბერგმა.
კიმი რაიკონენისთვის ამ დღის დასაწყისმა კარგად ჩაიარა: ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა თავისი "სიტორენით" შეინარჩუნა მეექვსე ადგილი, არადა მეტიუ უილსონის "ფორდისგან" დიდ ზეწოლას გრძნობდა.
ოჟიეს არ გამოუვიდა მშვიდად გამარჯვების მოპოვება. ბოლოსწინა სპეცმონაკვეთზე ლიდერობა ლატვალამ მოიპოვა. ოჟიეს თქმით, დრო იმის გამო დაკარგა, რომ გზაზე შემთხვევით გაუთვალისწინებელი ბარიერი შეხვდა და მის გვერდის ავლას მოანდომა გარკვეული დრო.
პირველი ადგილის ბედი ბოლო, ე. წ. "სატელევიზიო" სპეცმონაკვეთზე გაირკვა. ოჟიეს "სიტროენმა" ძალიან მაღალი ტემპი აკრიფა, მოიგო რბოლის ბოლო სეგმენტი, მოიპოვა სამი ბონუს-ქულა და საბოლოოდ ორი მეათედი წამით აჯობა ლატვალას! ეს უკანასკნელი მეორეზე გავიდა, მსოფლიოს ჩემპიონ ლოებს კი გარკვეული ტექნიკური პრობლემები შეექმნა, ამიტომაც რისკზე არ წავიდა და მესამე პოზიციის შენარჩუნება ამჯობინა. ჰირვონენმა წინა დღის პრობლემების ფონზე, ამჯერად დამაჯერებელი გამოსვლა აჩვენა და მეოთხე ადგილი დაიკავა. ამაში მას პეტერ სოლბერგის ავარიაც დაეხმარა.
სოლბერგის გავარდნით შეიძლება რაიკონენსაც ეხეირა, მაგრამ კიმიმ გარანტირებული მეხუთე ადგილი დაკარგა. ბოლოსწინა სპეცმონაკვეთზე ფინელმა ქვაზე საბურავი დააზიანა და საბოლოოდ წინ უილსონი გაუშვა, თვითონ კი მეექვსე პოზიციით დაკმაყოფილდა.
რალის შემდეგი ეტაპი 6-8 მაისს სარდინიაზე გაიმართება.
IV ეტაპი. იორდანიის რალი
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 2:48.28,2; 2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - +0,2; 3. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - +27,7; 4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - +2.44,7; 5. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "ფორდი") - +5.44,9; 6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - +6.14,9; 7. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, "ფორდი") - +9.18,7; 8. ხალიდ ალ-ქასიმი (საემიროები, "ფორდი") - +9.43,7...
საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 74 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 72; 3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 69; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 66; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 31; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდ სტობარტი") - 28; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "ფორდი") - 22; 8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 18; 9. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, "ფორდი") - 12; 10. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 10...