ჩემპიონი თითქმის გაირკვა

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის მორიგმა ეტაპმა პრაქტიკულად გაარკვია წლევანდელი ტიტულის მფლობელი - კეისი სტოუნერმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა და საერთო ჩათვლაში ლიდერობა გაიმყარა.

ესპანურ უქმეებზე პოული სწორედ სტოუნერმა მოიგო, მაგრამ სტარტის გმირი არა ავსტრალიელი, არამედ ამერიკელი ბენ სპისი აღმოჩნდა, რომელმაც ყველა ლიდერი ჩამოიცილა და პელოტონს სათავეში ჩაუდგა.

პირველივე წრიდან გამოეთიშა რბოლას ანდრეა დოვიციოზო - ერთ-ერთი მოსახვევის გავლისას ის ტრასის მიღმა აღმოჩნდა და ბრძოლა ვეღარ გააგრძელა, არადა, ბოლო ეტაპებზე ამ იტალიელს დაძაბული ბრძოლა ელის საერთო ჩათვლაში მესამე ადგილის შესანარჩუნებლად. რაც შეეხება ბენ სპისს, მისი
ლიდერობა ერთ წრესაც არ გაგრძელებულა - ამერიკელმა შეცდომა დაუშვა და ამით კარგად ისარგებლეს სტოუნერმა და პედროსამ, რომლებიც პირველ და მეორე ადგილზე გადავიდნენ.

საჭირო სივრცის მიღების შემდეგ კეისიმ უპირატესობის გაზრდა დაიწყო და ზედიზედ გადიოდა საუკეთესო წრეებს. პედროსა ცდილობდა თავისი თანაგუნდელისთვის ბრძოლა მოეხვია თავს, მაგრამ მისი მონდომება უშედეგო აღმოჩნდა.

მოკლედ, არაგონის გრანპრი მაინც და მაინც საინტერესო სანახავი არ აღმოჩნდა, სამაგიეროდ, მან თითქმის დაასახელა მიმდინარე სეზონის ლაურეატი. სტოუნერი 44 ქულას უგებს ლორენსოს და თუ ავსტრალიელი მოტომრბოლელის სტაბილურობას გავითვალისწინებთ, სასწაული უნდა მოხდეს, რომ ლორენსომ ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნოს.

ასეა თუ ისე, იაპონიის გრანპრი ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო იქნება. ალბათ, გახსოვთ, რომ ბევრი მოტომრბოლელი არ აპირებდა იქ ჩასვლას რადიაციული ფონის შიშით, მაგრამ ეს პრობლემა მოგვარდა. უფრო მეტიც - "ჰონდა" დამატებით ორ პილოტს გაიყვანს ტრასაზე, რათა მორალურად გაამხნევოს იაპონელი ხალხი.

ცნობისთვის, არაგონში გამარჯვება რიგით მე-100 იყო "ჰონდასთვის" მოტოგრანპრის ისტორიაში.
არაგონის გრან-პრი

1. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 42:17.427; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - +8.162; 3. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - +14.209; 4. მარკო სიმონჩელი (იტა, "ჰონდა") - +20.646; 5. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +27.739; 6. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "სუძუკი") - +30.373; 7. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +34.288; 8. ექტორ ბარბერა (ესპ, "დუკატი") - +37.305; 9. კელ კრატჩლოუ (აშშ, "იამაჰა") - +39.652; 10. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +39.832...

საერთო ჩათვლა
1. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 284 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 240; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 185; 4. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 170; 5. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - 146; 6. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 139; 7. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 114; 8. მარკო სიმონჩელი (იტა, "ჰონდა") - 106; 9. კოლინ ედვარდსი (აშშ, "იამაჰა") - 90; 10. ჰიროში აოიამა (იაპ, "ჰონდა") - 87...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული