რალფი DTM-ში რჩება

AutoSharing Option
გერმანელმა რალფ შუმახერმა კიდევ ერთი წლით გააგრძელა კონტრაქტი კომპანია "მერსედესთან" და 2012 წელს მეხუთე სეზონს გაატარებს DTM-ის გერმანულ სერიაში.

რალფი ამ ჩემპიონატში თავდაპირველად ვერ ბრწყინავდა და პირველ სამ სეზონში მხოლოდ რამდენიმეჯერ შეძლო ქულების მოპოვება, მაგრამ წელს სიტუაცია გამოსწორდა - უმცროსმა შუმახერმა მესამე ადგილი დაიკავა ჰიოკენჰაიმში და მეორე იყო "რედ ბულ-რინგის" ტრასაზე.

"მომავალ წელს ძალაში შედის ახალი ტექნიკური რეგლამენტი, ხოლო სერიის ორ მონაწილეს - "მერსედესს" და "აუდის" დაემატება BMW. ასე რომ, DTM-ის ბრწყინვალე მომავალი აქვს, - დარწმუნებულია 36 წლის შუმახერი. -
ამიტომაც ვამაყობ იმით, რომ ვაგრძელებ ამ სერიაში კარიერას, თანაც გაისად Mercedes C-Coupe-ის განახლებული მოდელი მეყოლება".

* * *
ცნობილი ფრანგი ავტომრბოლი ჟან ალეზი აცხადებს, რომ არ აპირებს თავისი გეგმების შეცვლას და ისევ აქვს განზრახული "ინდი 500"-ის ლეგენდარულ რბოლაში გამოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ინდიკარის სერიაში დაიღუპა ბრიტანელი დენ უელდონი.

ცოტა ხნის წინ, 47 წლის ფრანგმა ჟურნალისტებს აუწყა, რომ შეეცდება მომავალი წლის რბოლამდე კვალიფიკაციის გავლას, არადა, აქამდე ალეზი არასოდეს გამოსულა ოვალურ ავტოდრომებზე.

"რატომ უნდა ვთქვა უარი საკუთარ გეგმებზე? ის, რაც ლას ვეგასში მოხდა, "ინდი 500"-ზე გამორიცხულია, რადგან უფრო იოლი ტრასაა. რაც მთავარია, "ინდიში" სრული ძალით არავინ დაქრის. ასეთი რამ მხოლოდ საკვალიფიკაციო რბოლებში ხდება, - ამბობს ალეზი "გაძეტა დელო სპორტთან" კომენტარში. - მე არ ვარ ექსპერტი, მაგრამ სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, ჯანპაოლო დალარას ვესაუბრე და მან დამიდასტურა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები".

სხვათა შორის იტალიელმა სარბოლო კონსტრუქტორმა განაცხადა, რომ დენ უელდონი ეხმარებოდა მის კომპანიას 2012 წლის ინდიკარის სერიისთვის განკუთვნილი მანქანის დახვეწაში, ამიტომაც ამ ბოლიდმა ასეთი ინდექსი მიიღო - DW01.

"დენი განსაკუთრებული ადამიანი იყო, კარგი პილოტი, შესანიშნავი პიროვნება, რომელიც ყველას უყვარდა, - განაცხადა დალარამ. - 2012 წელს ჩვენს მანქანას DW01 ერქმევა. ამით დენი ჩვენს გვერდით იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული