კიმიმ მოგება დაიწყო

AutoSharing Option

გერმანიის რალი პროგნოზისამებრ დასრულდა - ლეგენდარულმა სებასტიან ლოებმა არავის დაანება პირველობა და საერთო ჩათვლაში ლიდერობა განიმტკიცა. ფრანგმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი მაღალი კლასი, მთელი დისტანცია უშეცდომოდ გაიარა და კონკურენტებს შანსი არ დაუტოვა. სებასტიან მაშინაც კი ყველაზე სწრაფი იყო, როცა სრული დატვირთვით არ ამუშავებდა მანქანას და მოსახვევებში სიფრთხილეს ინარჩუნებდა. ეტყობა შემთხვევითი არ იყო, როცა ერთ-ერთ კომენტარში ფრანგს სათვალავი აერია და საკუთარი თავი შვიდგზის ჩემპიონად მოიხსენია. ახლა სეზონის დასრულებამდე ოთხი რბოლა რჩება, ლოები კი უახლოეს მდევარ სებასტიან ოჟიეს 58 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის

ერთადერთი ინტრიგა შემდეგში მდგომარერობს - ფინიშამდე რამდენი ეტაპით ადრე გაინაღდებს მეშვიდე ტიტულს ფრანგი რალისტი. შესაძლოა, ეს მომდევნო რბოლაში მოხდეს.

გერმანიის რალის კიდევ ერთი გმირი ჰყავდა - ფინელი კიმი რაიკონენი, რომელმაც კარიერაში პირველად მოიგო სპეცმონაკვეთი. ფორმულა 1-ის ყოფილმა ჩემპიონმა ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ საერთო ჯამში, დებიუტანტისთვის მეშვიდე ადგილი ურიგო შედეგი არ არის, მით უმეტეს, რომ მას მხოლოდ გამოცდილმა რალისტებმა გაუსწრეს, დანარჩენებს კი კიმმა დიდი უპირატესობით აჯობა.
"წელს ჩემი მიზანი გამოცდილების მიღებაა. უნდა გავაცნობიერო, რას ნიშნავს რალის პილოტობა. ბევრს ეგონა, რომ ფორმულა 1-ში მიღებული გამოცდილება ასფალტის რალიზე გამოსვლაში დამეხმარებოდა, მაგრამ ეს სულ სხვა რბოლაა. საფარი მუდმივად იცვლება და ამას შეჩვევა სჭირდება. საერთო ჯამში, გერმანიაში კიდევ ერთი პოზიტიური მომენტი მქონდა. ძალიან მესიამოვნა სპეცმონაკვეთის მოგება", - განაცხადა ფინიშის შემდეგ რაიკონენმა.

IX ეტაპი. გერმანიის რალი
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 3:59.38,3; 2. დანიელ სორდო (ესპანეთი, "სიტროენი") - +51,3; 3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - +2.13,3; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - +2.33,9; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - +6.47,7; 6. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "სიტროენი") - +8.46,7; 7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - +8.50,5; 8. ხალიდ ალ-ქასიმი (საემიროები, "ფორდი") - +17.36,5; 9. მარკ ვან ელდიკი (ჰოლანდია. "სუბარუ") - +17.53,0; 10. პატრიკ სანდელი (შვედეთი, "შკოდა") - +17.58,8...

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 191 ქულა; 2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 133; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - 117; 4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 100; 5. დანიელ სორდო (ესპანეთი, "სიტროენი") - 95; 6. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდი") - 86; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "სიტროენი") - 56; 8. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, "ფორდი") - 26; 9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 25; 10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 21.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული