ესპანეთის რალის მთავარი შედეგი ისაა, რომ დანი სორდომ ვერ შეძლო საშინაო ეტაპის მოგება. არადა, ესპანელისთვის ამ ეტაპს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა - "სიტროენის" მეორე ნომერი ძალიან ცუდ სეზონს ატარებს და თითქმის ყოველთვის თავისი ძირითადი კონკურენტის - სებასტიან ოჟიეს უკან რჩება. ახალგაზრდა ფრანგი იოლად ამარცხებს ესპანელს და უკვე წაართვა მომავალი სეზონისთვის ადგილი "სიტროენის" ძირითად გუნდში.
ამჯერად სორდომ მეორე ადგილის დაკავებაც ვერ შეძლო. მართალია, მასპინძელმა ბოლო ოთხი სპეცმონაკვეთიდან სამი მოიგო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა 2003 წლის ჩემპიონის პეტერ სოლბერგის დასამარცხებლად.
"ჩემპიონატის ყველა ამოცანა გადაჭრილია, ამიტომაც ყოველგვარი პრესინგის გარეშე ვიარე. სტარტიდანვე შევძელი შესანიშნავი ტემპის აკრეფა, ლიდერობა გავინაღდე და შემდეგ ოდნავ დავაგდე სიჩქარე", - განაცხადა ფინიშის შემდეგ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა.
ამ ეტაპზე საერთო ჩათვლაში მეორე ადგილის განაღდება შეეძლო ოჟიეს. ნიჭიერი ფრანგი ერთი პირობა მეორე პოზიციაზე იყო და ლოების გასწრება მოინდომა, მაგრამ გამარჯვების ნაცვლად ყველაფერი დაკარგა. ახლა ჩემპიონატში მეორე ადგილის ბედი ბოლო ეტაპზე - ბრიტანეთის რალიზე გაირკვევა. ოჟიეს საერთო ჩათვლაში ლატვალა წამოეწია. მართალია, 11-ქულიანი სხვაობა დიდია, მაგრამ ესპანეთის რალიმ დაგვანახა, რომ ფრანგს არაფერი აქვს გარანტირებული.
ცალკე ლაპარაკის თემაა კიმი რაიკონენი, რომლის შესახებაც უკვე ვწერდით - მან ეტაპის დაწყებამდე ისე დააზიანა თავისი მანქანა, რომ სტარტზე გასვლა ვერ შეძლო. რა თქმა უნდა, კიმი ყოველ ეტაპზე რაღაც ახალს სწავლობს, გამოცდილებას იძენს, მაგრამ ეტაპის სტარტამდე გამოთიშვა - მართლაც გასაოცარი ფიასკო იყო... ამასობაში, სეზონის ფინიშამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება - მალე ფინელი თავის საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, რასაც ავტოსპორტის სამყარო მოუთმენლად ელოდება.
XII ეტაპი. ესპანეთის რალი
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 3:32.59,7; 2. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - +35,3; 3. დანიელ სორდო (ესპანეთი, "სიტროენი") - +41,1; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - +1.19,5; 5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდი") - +6.32,9; 6. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "სიტროენი") - +8.17,6; 7. ხალიდ ალ-ქასიმი (საემიროები, "ფორდი") - +13.05,7; 8. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +13.11,2...
საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 251 ქულა; 2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 167; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - 156; 4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 151; 5. დანიელ სორდო (ესპანეთი, "სიტროენი") - 140; 6. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდი") - 114; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "სიტროენი") - 68; 8. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 37; 9. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, "ფორდი") - 36; 10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 21.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"