როცა რისკი ჩვეულებრივი ამბავია: 2013 წლის ყველა ავარია ავტოსპორტში

AutoSharing Option
წლევანდელი სეზონი ფორმულა 1-ში უკვე აღინიშნა ორი სერიოზული ინციდენტით, რის გამოც ადამიანები დაზარალდნენ.

და აქ ლაპარაკია არა მრბოლელებზე, რომლებისთვისაც რისკი - მათი პროფესიის ერთი ჩვეულებრივი შემადგენელია ნაწილია და მის გარეშე შეუძლებელია ტრასაზე გასვლა (უფრო მეტიც, რისკი პუბლიკის გარკვეული ნაწილის მოთხოვნაც კი არის).

ლაპარაკია იმ ადამიანებზე, რომლებსაც სახეზე არ ვიცნობთ და არ ვიცით მათი სახელები. და ვიგებთ მხოლოდ მაშინ, როცა მათ თავს რაიმე საშინელება ხდება. ვგულისხმობთ მომსახურე პერსონალის მრავალრიცხოვან არმიას - დაწყებული გრანპრის მარშლებით და დამთავრებული გუნდების მექანიკოსებით, რომლებიც პიტ-ლეინზე მუშაობენ.

ეს ადამიანები, როგორც წესი, ავტოსპორტის ენთუზიასტები არიან. თითქმის ყოველთვის კადრს მიღმა რჩებიან, არადა, საბოლოო ჯამში, მრბოლელებზე არანაკლებ რისკავენ.

წლევანდელ სეზონში ჩვენ უკვე ორჯერ იძულებით გავიხსენეთ, რომ ავტოსპორტში მხოლოდ პილოტები, გუნდების ბოსები და გენიალური კონსტრუქტორები არ არიან.

მონრეალში, კანადის გრანპრის დროს დაიღუპა ერთ-ერთი მარშალი. იმ მომენტში, როცა ტრასიდან ესტებან გუტიერესის დამტვრეული მანქანის ევაკუაცია ხდებოდა, ერთ-ერთ მომსახურეს რაცია დაუვარდა. ნივთის ასაღებად დახრისას ფეხი დაუცდა და პირდაპირ ევაკუატორის საბურავებში ჩავარდა, რომლის მძღოლმა ვერ შეამჩნია სახიფათო სიტუაცია - მძიმე მანქანამ, უბრალოდ, გადაუარა წაქცეულს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

როცა დაზარალებული ვერტმფრენით საკრე-კერის ჰოსპიტალში მიიყვანეს, ის ჯერ ისევ ცოცხალი იყო, მაგრამ ტრავმატოლოგიის განყოფილების ქირურგთა ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და საბრალო საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა.

სულელური, ტრაგიკული შემთხვევითობა, რომლის პროგნოზირება შეუძლებელია.

* * *
ხოლო იმას, რაც დაახლოებით კვირანახევრის წინ "ნიურბურგრინგზე" მოხდა, გარკვეულწილად, შეიძლება ვუწოდოთ ავტოსპორტისთვის ჩვეულებრივი ინციდენტი. შეგახსენებთ, რომ მარკ უებერის პიტსტოპის დროს მექანიკოსებმა მოშვებული და დაუფიქსირებელი უკანა მარჯვენა საბურავით გაისტუმრეს ბოქსებიდან ავსტრალიელის "რედ ბული".

ბუნებრივია, აჩქარების მომენტში საბურავი მანქანას მოძვრა და გარკვეული ხანი სწრაფად მოძრაობის შემდეგ ინგლისელ ოპერატორს, პოლ ალენს მოხვდა, რომელიც კამერით მეზობელ ბოქსებში მუშაობდა.

ალენს გაუმართლა - 20-კილოგრამიანი საბურავი უფრო შეეხო, ვიდრე მოხვდა და ოპერატორი ტვინის შერყევით, გატეხილი ლავიწითა და ორი ნეკნით გადარჩა. არადა, შეიძლებოდა ყველაფერი უფრო სავალალოდ დასრულებულიყო, რადგან "მფრინავი" ბორბალი ფორმულა 1-ის ერთ-ერთი ნამდვილი კოშმარია.

2000 წელს, იტალიის გრანპრიზე მარშალი პაოლო გისლიმბერტი მაშინ დაიღუპა, როცა რბოლის პირველ წრეზე მომხდარი ავარიის შემდეგ საბურავი ბარიერს გადაევლო და მარშალს მოხვდა.

2001 წელს, ავსტრიის გრანპრიზე მეორე მარშალი ადგილზე დაიღუპა საბურავისგან მიღებული დარტყმის გამო. ამ შემთხვევაში მიზეზი გახდა რალფ შუმახერისა და ჟაკ ვილნევის ავარია.

ამ ავარიების შემდეგ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ტექნიკურმა კომისიამ გადაწყვიტა საბურავების სპეციალური სამაგრით (მავთულის ბაგირი) დაფიქსირება "სასიკვდილო ფრენების" თავიდან ასაცილებლად.

კითხვა: სად იყო ეს სპეციალური ბაგირი უებერის პიტსტოპის დროს? და რატომ ხდება დღემდე მომძვრალი საბურავების ინციდენტები ფორმულა 1-ში?

პასუხი მარტივია: ავარიის შედეგებისა და ტრასაზე შეჯახებების წინასწარმეტყველება შეუძლებელია. სიჩქარე და დარტყმის ძალა შეიძლება ისეთი იყოს, რომ მას ვერანაირმა ბაგირმა ვერ გაუძლოს. ხოლო საბურავი, რომელიც პიტსტოპის შემდეგ ძვრება მანქანას - ეს არის გუნდის დიდი სურვილი, გააკეთოს ყველაფერი, რათა მისმა პილოტმა მაქსიმალურად მაღალი შედეგი მოიტანოს.

თავად განსაჯეთ: "რედ ბულის" მექანიკოსებს საბურავების გამოსაცვლელად 2.5 წამი სჭირდებათ, ფორმულა 1-ში კი ბევრი რამ წამის მეასედებში წყდება და რაც უფრო სწრაფად იმუშავებს ბრიგადა, მით უკეთესი. აქედან მოდის გარდაუვალი შეცდომები, რომლის მიზეზი ყოველთვის არ არის ადამიანური ფაქტორი. ხანდახან, ასეთი სტრესის პირობებში, ტექნიკაც კი უარს ამბობს გამართულად მუშაობაზე.

ამიტომ, როგორც არ უნდა ცდილობდნენ სპეციალისტები მოვლენათა ყველა შესაძლო ვარიანტის გათვალისწინებასა და ასეთი შემთხვევებისგან თავის დაზღვევას, ავტოსპორტი ვერასოდეს გახდება ასი პროცენტით უსაფრთხო.

თუმცა გერმანიაში მომხდარმა ინციდენტმა ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციისა და ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობის სწრაფი რეაქცია გამოიწვია. "ნიურბურგრინგის" რბოლის დასრულების შემდეგ ბერნი ექლსტოუნმა განაცხადა, რომ ამიერიდან, კვალიფიკაციისა და რბოლების დროს, ყველა ოპერატორი მხოლოდ პიტ-უოლიდან აწარმოებს გადაღებებს. უშუალოდ ბოქსებსა და პიტლეინზე ყოფნის უფლება არავის ექნება.

ავტოსპორტის ფედერაცია კიდევ უფრო შორს წავიდა. პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა განაცხადა, რომ უნგრეთის გრანპრიდან მოყოლებული, ყველა, ვინც ბოქსებსა და პიტ-ლეინზე მუშაობს, ვალდებულია, თავზე ჩაფხუტი დაიხუროს.

გერმანული რბოლის შემდეგ "რედ ბული" 30 ათასი ევროთი დააჯარიმეს. გუნდის შიგნით კი, როგორც ავსტრიული საჯინიბოს მრჩეველმა ჰელმუტ მარკომ განაცხადა, მომხდარის დეტალური გამოძიება მიმდინარეობს:

"ჩვენ გვაქვს კამერები, რომლებიც ყველა პიტსტოპს იღებენ. რბოლის შემდეგ მილტონ-კეინსში, ჩვენს ბაზაზე გადაღებულ მასალას წამის მეასედებში განვიხილავთ".

სხვათა შორის, "რედ ბულის" წარმომადგენლებმა დაზარალებული ოპერატორი კლინიკაში მოინახულეს და მას გუნდის სარეკლამო პოსტერი აჩუქეს პილოტების, ინჟინრებისა და მექანიკოსების ავტოგრაფებით.

"პოლი ინარჩუნებს პოზიტიურ განწყობას და დარწმუნებულია იმაში, რომ ბუდაპეშტში თავის მოვალეობებს შეასრულებს, - განაცხადა ჰელმუტ მარკომ. - შეგვიძლია მასზე არ ვინერვიულოთ. მან შესანიშნავად იცის, რომ პიტ-ლეინზე მუშაობა რისკს ითვალისწინებს".

სწორედ ეს ბოლო ფრაზაა განმსაზღვრელი. ნებისმიერი, ვინც ასე თუ ისე დაკავშირებულია ფორმულა 1-თან, კარგად აცნობიერებს, რომ ეს სამუშაო რისკთან არის დაკავშირებული.

და, დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ არავის სურს ეს ფაქტორი ჩამოშორდეს ავტოსპორტს. ეს შეუძლებელიცაა. ავტოსპორტი უსაფრთხო მხოლოდ კომპიუტერულ თამაშებშია.

ავარიები 2013 წელს
7 ივლისი. ბოლიდიდან მომძვრალმა საბურავმა სერიოზულად დააზიანა ვიდეოოპერატორი გერმანიის გრანპრიზე.

30 ივნისი. პოლონეთის ქალაქ პოზნანში სარბოლო ავტომობილი მაყურებლებში შევარდა. ავარიის შედეგად 19-მა ადამიანმა მიიღო ტრავმა.

30 ივნისი. Lamborghini Blancpain Super Trofeo-ს სტარტზე ხუთი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა იტალიელი პილოტი ანდრეა მამე.

22 ივნისი. 55 წლის ავტომრბოლელი ვოლფ სილვესტრი გულის შეტევით დაიღუპა ნიურნბერგში VLN-ის ამტანობაზე რბოლის დროს.

22 ივნისი. დანიელი ალან სიმონსენი "ლე მანის 24 საათის" დროს ბარიერს შეეჯახა და დაიღუპა.

12 ივნისი. ამერიკის შტატ ნიუ ჯერსიში გამართული ავტოშოუს დროს დაიღუპა NASCAR-ის პილოტი ჯეისონ ლეფლერი.

9 ივნისი. ფორმულა 1-ში კანადის გრანპრის დროს ევაკუატორის ბორბლებში ჩავარდა და სასიკვდილო ტრავმები მიიღო ერთ-ერთმა მარშალმა.

25 მაისი. ლიტვის ქალაქ ვილნიუსში ავტორალის დროს, სარბოლო მანქანა მაყურებელთა ჯგუფში შევარდა. დაიღუპა ერთი ქალი გულშემატკივარი.

17 მარტი. ორი ადამიანი დაიღუპა ამერიკის ქალაქ მერისვილში California Sprint Car Civil War Series-ის საწვრთნელი რბოლის დროს. მართვადაკარგულმა მანქანამ ორი მაყურებელი გაიტანა.

10 მარტი. რიო-დე-ჟანეიროში (ბრაზილია) რბოლის დროს მანქანამ ბარიერი გაანგრია და მაყურებლებში შევარდა. ტრავმა მიიღო სამმა ადამიანმა.

20 თებერვალი. ფლორიდის შტატში, "დეიტონა 500"-ის (NASCAR-ის სერია) რბოლაში მომხდარი ავარიის შემდეგ, მანქანის ნამსხვრევებმა 33 მაყურებელი დააზიანა.

11 იანვარი. "დაკარის" რალი-რეიდის დროს, ჩილესა და პერუს საზღვარზე, თანმხლები მანქანა ტაქსის შეეჯახა. ორი ადამიანი დაიღუპა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მსოფლიოს უსწრაფესი მოტოციკლისტი რეკორდის გაუმჯობესებისას სასიკვდილოდ დაიმტვრა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული