ევროპის დომინირებით

AutoSharing Option
ამ დღეებში კატარის დედაქალაქ დოჰაში ფრენბურთში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირზე პლანეტის ყველა საუკეთესო გუნდი შეიკრიბა და გუშინ ნახევარფინალური ეტაპი გაიმართა.

მამაკაცთა ტურნირზე ევროპული ფინალი გაიმართება, თუმცა მოვლენათა ამგვარი განვითარებისთვის შეეძლო ხელი შეეშალა ბრაზილიურ "სან პაულუს", რომელიც სეტებში 2:1-ს უგებდა პოლონურ "იასტრჟებსკის" და მეოთხე სეტში 9:6 იყო დაწინაურებული, მაგრამ პოლონურმა კლუბმა შეძლო თამაშის ბედის შემოტრიალება და ჯერ მეოთხე სეტში 25:13 იმარჯვა, ბოლო პარტიაში - 15:13 და ფინალში გავიდა. ამ მატჩში საუკეთესო იყო მიხალ ლაშკო, რომელმაც "იასტრჟებსკის" 23 ქულა მოუტანა.

ასევე
ოთხსეტიანი იყო მეორე ნახევარფინალი, რომელშიც იტალიურმა "ტრენტინომ" ყაზანის "ზენიტი" დაამარცხა - 3:1. იტალიელებმა პირველი ორი სეტი რთულ ბრძოლაში მოიგეს, მესამეში 19:25 დამარცხდნენ, მაგრამ მეოთხე პარტიაში სრულად დომინირებდნენ მოედანზე და 25:14 გაანადგურეს რუსული კლუბი.

"ტრენტინო" საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო ორი გათამაშების ჩემპიონია. ამ გუნდს აღნიშნულ ტურნირზე 2009 წელს ჰქონდა დებიუტი და იქედან მოყოლებული დღემდე 14-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

* * *
ქალთა ტურნირშიც ევროპული ფინალი გაიმართება. ნახევარფინალში ბებერი კონტინენტის საუკეთესო კლუბები აშკარად დომინირებდნენ ოკეანისგაღმელი გუნდების წინააღმდეგ. თურქეთის "თურქ ტელეკომმა" შარშანდელ ფინალისტს - ბრაზილიურ "სოლისს" სამ სეტში აჯობა. მატჩის საბოლოო ანგარიშია - 25:19, 25:21 და 25:19.

კიდევ უფრო დიდი იყო მეორე ნახევარფინალში ბაქოს "რაბიტას" უპირატესობა დომინიკის რესპუბლიკის კლუბ "სანტო დომინგოზე". აზერბაიჯანელებმა პირველი ორი სეტი ერთნაირი ანგარიშით - 25:15 მოიგეს, ბოლო სეტში კი 25:8 გაანადგურეს მეტოქე. გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო იყო ნატაშა ოსმორკოვიჩი, რომელმაც 19 ქულა მიითვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული