ფავორიტები რენომეს ინარჩუნებენ

AutoSharing Option
პლაჟბურთის ტურნირის მეოთხედფინალური მატჩები ქალთა წყვილების შეხვედრებით გაიხსნა.

ცხადია, ამ ეტაპზე ყველა უძლიერესი იყრის თავს, თუმცა მათ შორისაც არსებობს მეტ-ნაკლებობა.

წესით, მე-3 და მე-7 ნომრად განთესილ წყვილებს შორის დიდი განსხვავება არ უნდა იყოს, თუმცა ეს ასე არ არის.

პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებული წყვილი, ამერიკელები მისტი მეი და კერი ველში ლონდონშიც ყველაზე უკეთ გამოიყურებიან.

მე-3 ნომრად განთესილნი სწორედ ისინი არიან, მათი მეტოქე კი ოლიმპიური თამაშების დებიუტანტები, იტალიელები მარტა მენეგატი და გრეტა ჩიკოლარი იყვნენ. ამერიკელების უპირატესობა კლასში იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ აშკარად მზარდმა
იტალიურმა წყვილმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. შესაბამისად, ტურნირის მთავარმა ფავორიტებმა ორ სეტში იოლად მოიგეს - 21:13, 21:13.

"ვგრძნობ, რომ მატჩიდან მატჩამდე ვუმატებთ. ოლიმპიადაზე ძალიან დიდი კონკურენციაა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდეგი თამაში ბევრად უფრო რთული იქნება" - თქვა ნამატჩევს კერი ველშმა.

მხოლოდ პირველ სეტში გაუჭირდა მეორე ნომრად განთესილ ჩინურ დუეტს სი ჟანგსა და ჩენ სუეს მე-15 ნომრად განთესილი ავსტრიელების, დების დორის და სტეფანი შვაიგერების დამარცხება - 21:18. მეორე სეტში ჩინელებმა მადაზე მოსული ავსტრიელების გატეხვა მაინც შეძლეს და 21:11 დაამარცხეს.

ნახევარფინალში ჩინური დუეტი ოლიმპიურ ჩემპიონებს მისტი მეისა და კერი ველშს დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული