პლაჟის ფრენბურთი: ამერიკელთა კრახი ლონდონში

AutoSharing Option
პლაჟის ფრენბურთელთა ტურნირში ქალთა შორის შეჯიბრებაში ნახევარფინალური წყვილები გამოვლინდა.

გათამაშების ფავორიტებმა, პირველ ნომრად განთესილმა ბრაზილიელებმა ლარისა ფრანკამ და ჯულიანა სილვამ ორ სეტში დაამარცხეს მე-8 ნომრად განთესილი გერმანელები სარა გოლერი და ლაურა ლუდვიგი - 21:10, 21:19.

"მეორე სეტში ძალიან ცუდად ვითამაშეთ. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. წინ კიდევ ორი მატჩი გვაქვს, თუმცა ფინალზე ჯერ არ ვფიქრობთ. ასეც უნდა იყოს, მისკენ მეთოდურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. მით უფრო, რომ ნახევარფინალში დღევანდელზე ბევრად ძლიერი მეტოქე გველოდება" - თქვა ჯულიანა სილვამ ნამატჩევს.

ბრაზილიური წყვილის მეტოქე ნახევარფინალში 2009
წლის მსოფლიოს ჩემპიონები, მე-4 ნომრად განთესილი ამერიკელები ეპრილ როსი და ჯენიფერ კისი იქნებიან, რომლებმაც მეოთხედფინალში მე-10 ნომრად განთესილი ჩეხები კრისტინა კოლოსოვა და მარკეტა სლუკოვა უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხეს - 2:0 (25:23, 21:18).

"ვფიქრობ, ცუდად არ გვითამაშია. ბოლოს და ბოლოს, ვერ გეტყვით, რა მოხდა, ასე რატომ გაგვიჭირდა. საბედნიეროდ, გავიმარჯვეთ, ნახევარფინალში ვართ და ძალიან მიხარია" - თქვა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ეპრილ როსმა.

სენსაციამდე ცოტა დააკლდა ვაჟთა შორის მე-9 ნომრად განთესილ პოლონელებს გრეგორ ფიჟალეკს და მარიუს პრუდელს, რომლებმაც ტურნირის ფავორიტებთან, პირველ ნომრად განთესილ ბრაზილიელებთან - ემანუელ რეხოსთან და ალისონ ჩერუტისთან პირველ სეტში 17:21 წაგების შემდეგ, მეორე სეტში 21:16 მოიგეს.

მესამე დასკვნით პარტიაში პოლონელები 13:11 იგებდნენ, თუმცა გამოცდილმა ბრაზილიელებმა მეტოქისთვის საკუთარი თამაშის თავს მოხვევა შეძლეს და 17:15 მოიგეს.

თუმცა ტურნირის ეს დღე სენსაციის გარეშე მაინც არ დასრულებულა. პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებულების, როჯერსისა და დალჰაუზერის კვალდაკვალ შინისაკენ გზას გაუყვა კიდევ ერთი ამერიკული წყვილი, მე-4 ნომრად განთესილი ჯაკობ გიბი და შონ როზენტალი, რომლებიც სამ სეტში დამარცხდნენ მე-17 ნომრად განთესილ ლატვიელებთან, მარტინს პლავნისა და იანის სმენდისთან - 21:19, 18:21, 11:15.
ლატვიელები ნახევარფინალში ბრაზილიურ დუეტს, ემანუელ-ალისონს დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული