თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: რაც ესპანეთმა დაკარგა, საფრანგეთმა იპოვა

AutoSharing Option
ყატარში ყველაზე მაღალი დონის საერთაშორისო ასპარეზობების მასპინძლობა რომ სახელმწიფოს სტრატეგიულ პრიორიტეტადაა მიჩნეული, ამ ქვეყნის დედაქალაქ დოჰაში ვაჟ ხელბურთელთა 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებითაც თვალნათლივ დადასტურდა.

ყველამ კარგად დაინახა და დარწმუნდა, რომ საფუძველს მოკლებული სულაც არ არის, ყატარი ამავე საუკუნის პირველ მეოთხედშივე მოგვევლინოს თანამედროვე სპორტის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ეპიცენტრად მსოფლიოში.

ამის აღიარება რომ ყველას მოუწევს უკვე ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისას, აქ ღრმად და შეუვალად არიან დარწმუნებულები.

რასაც ჩვენ აქ ვაკვირდებოდით სამი კვირის განმავლობაში, აშკარად შესამჩნევი იყო, რომ ორგანიზატორებს
არაფერი დაუშურებიათ ხელბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მაღალ დონეზე ჩასატარებლად.

მთლად იდეალურად სრულყოფილი არასდროს არაფერია, მაგრამ დავინახეთ ისიც, რომ მასპინძლები ნაბიჯ-ნაბიჯ, კრიტიკულად აანალიზებენ ყველაფერს და ერთთავად მცდელობას არ აკლებენ ორგანიზაციული ხარვეზების დაუყოვნებლივ და მაქსიმალურად გამოსასწორებლად.

წარმოიდგინეთ, ის მძღოლებიც კი, რომლებიც ზოგჯერ ჟურნალისტების დაუხმარებლად ვერ იკვლევდნენ გზას ქალაქში, ქალაქგარეთ თუ უდაბნოში გამავალ გზებსა და გზაჯვარედინებზე, იბნეოდნენ სპორტულ ობიექტებთან მისადგომ ლაბირინთებში, მალევე შეცვალეს უფრო გამოცდილი მძღოლებით.

შესაძლებელია, სხვა ჩემს უცხოელ კოლეგებს განსხვავებული ან იქნებ უფრო სასიამოვნოდ მაღალი შთაბეჭდილებაც დარჩათ ასპარეზობის საერთო დონეზე, ყველას თავისი აზრი აქვს და ეს ბუნებრივიცაა. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, საქართველოშიც არაერთი მაღალი რანგის ასპარეზობის მასპინძლობა მოგველის უახლოეს წლებში და უფრო ამიტომაც ვაკვირდებოდით ყველაფერს მომეტებული ინტერესით ჩვენი ქვეყნიდან ჩამოსულები.

და მაინც, ერთია რასაც ვხედავდით აქ და - სხვაა, რა შთაბეჭდილება დარჩათ ჩემპიონატის გარედან თვალყურის მადევნებლებს, როგორ აღიქმებოდა ყველაფერი მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც გადაიცემოდა ტელერეპორტაჟები, იგზავნებოდა მიმოხილვები. ასპარეზობის ნახევარფინალურ და ფინალურ მატჩებზე მასპინძლებმა და ხელბურთის მსოფლიო ფედერაციამ დოჰაში მოიწვიეს ეროვნული ფედერაციების პრეზიდენტები და პასუხს ამ კითხვაზე სწორედ ისინ გასცემდნენ.

როგორც საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ გვითხრა, მოწვეულებმა ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.

1-ლი თებერვალი ჩემპიონატის დასკვნითი დღე იყო. პირველი, მეორე და მესამეადგილოსნების გამოსავლენ მატჩებამდე გაფართოებული პრესკონფერეცია მოეწყო ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციისა და საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელების მონაწილეობით. აღინიშნა ასპარეზობის ჩატარების მაღალი დონე. იმავე არენაზე, ლუსაილში ჩემპიონატი საზეიმოდ დაიხურა.

ახალი გამარჯვებული საფრანგეთია, უკვე მეხუთედ. ფინალისტი ყატარი, სხვათა შორის, პირველი არაევროპული გუნდია, ვაჟ ხელბურთელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი რომ გახდა.

წინა გათამაშების გამარჯვებული ესპანეთი ამ ტიტულს ჯერ კიდევ ნახევარფინალში გამოეთხოვა, პოლონეთთან მატჩში კი მესამე საპრიზო ადგილიც დათმო. მომდევნო, 25-ე ჩემპიონატს საფრანგეთი უმასპინძლებს 2017 წელს და აქვე უნდა ითქვას: ყატარზე სწორება, ორგანიზების თვალსაზრისით, დიდი სპორტული ტრადიციების ფრანგებს, ალბათ, გაუჭირდებათ.

მს. ჩემპიონატი
მე-3 ადგილისთვის
პოლონეთი-ესპანეთი დ.დ. 29:28

ფინალი
ყატარი-საფრანგეთი 22:25

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული