2016 წლის ივლისში, ვიქტორია აზარენკამ ოფიციალურად გამოაცხად თავისი ფეხმძიმობის შესახებ. ამ ამბის გამოქვეყნების მომენტში, ბელარუსი ჩოგბურთელი მეექვსე ადგილზე იყო WTA-ის რეიტინგში. რა თქმა უნდა, ამ სიახლით გაიხარეს კონკურენტებმა, რადგან ტურის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, მინიმუმ ერთი წლით გამოვიდა მწყობრიდან.
იძულებითი დასვენების მიუხედავად, ვიქტორიას ვარჯიში არ შეუწყვიტავს და რეგულარულად წერდა თავისი წარმატებების შესახებ სოციალურ
2016 წლის 20 დეკემბერს, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა "ინსტაგრამზე" დადო ფოტო წარწერით: "დღეს ყველაზე რთული ბრძოლა მოვიგე და მთავარ გამარჯვებას მივაღწიე! ჩვენი ვაჟი ჯანმრთელი დაიბადა! ბედნიერი ვარ!" ჩოგბურთელმა შვილს ლეო დაარქვა.
* * *
"დიდი სლემის" ტურნირების ორგზის ჩემპიონი საჩოგბურთო საზოგადოებას თავისი დაბრუნებისთვის ამზადებდა. ასე მაგალითად, უიმბლდონის "ტვიტერზე" მან გამოაქვეყნა შეტყობინება იმის შესახებ, რომ უშუალოდ ამ ტურნირის წინ აპირებს დაბრუნებას.
აღდგენისა და ვარჯიშების პერიოდში, აზარენკამ მოასწრო სამშობლოს მონახულება. ის თვალს ადევნებდა ფედერაციის თასის მატჩს მინსკში ბელარუსის ნაკრების მონაწილეობით. გარდა ამისა, ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ჩოგბურთელი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ეს პრიზი გადაეცემა "წარმოების, სამეცნიერო კვლევის, სოციალურ-კულტურულ, სპორტულ და სხვა სფეროებში უდიდესი წარმატებისთვისთვის".
24 მაისს გამოცხადდა, რომ მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომრის დაბრუნება ივნისში, მალიორკას ტურნირზე შედგება. ტურნირის ორგანიზატორებმა ჩოგბურთელს უაილდ-ქარდი მიანიჭეს.
მალე ამ ახალ ამბავს გამოეხმაურა რაფაელ ნადალი, რომელმაც მიულოცა ბელარუსს და გამოთქვა სიხარული ამ მოვლენის გამო. მსოფლიოს მეორე ჩოგანმა აზარენკას მალიორკას ტურნირისგან სიამოვნების მიღება უსურვა.
27 მაისს კი ვიქტორია დაესწრო როლან გაროსს და გავიდა ფილიპ შატრიეს სახელობის კორტზე ბავშვთა დღის აღსანიშნავად. საჩვენებელი გამოსვლისას, მას კორტის მეორე მხარეს მუყაოს ბურთებისთვის უნდა მოერტყა და უნდა ითქვას, რომ შესანიშნავი ფიზიკური ფორმა აჩვენა.
* * *
ნანატრი დაბრუნების გარდა, ვიქტორიამ აჩვენა ახალ გუნდთან მუშაობის შედეგი. მარტიდან აზარენკას მწვრთნელი გახდა მაიკლ ჯოისი. ოდესღაც ის თავად თამაშობდა ჩოგბურთს პროფესიულ დონეზე. მწვრთნელის რანგში კი უფრო ცნობილი იყო მარია შარაპოვასთან ექვსწლიანი მუშაობით. 2011 წელს, რუსმა მასთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ამის შემდეგ, ჯოისი ხუთი წელი ავარჯიშებდა ამერიკელ ჯესიკა პეგულას, რომელმაც 2013 წლის ივნისში, კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა, როცა 123-ე პოზიციამდე ავიდა.
ახლა, ის ბელარუს ჩოგბურთელს ახალი პროგრამით ავარჯიშებს, რომელიც მიმართულია ფიზიკური მომზადების დახვეწისკენ და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ აღდგენისკენ. სპორტული პროგრამის ამ ელემენტის გაძლიერებისთვის, მიწვეული იქნა ფიზიკური მომზადების ახალი მწვრთნელი ეშკონ რეზაზადე - ფიტნეს-ინსტრუქტორი და ყოფილი ჩოგბურთელი, რომელიც რეგულარულად დებს სოციალურ ქსელში ვიქტორიასთან ვარჯიშის ანგარიშებს.
გარდა ამისა, ჩოგბურთელის გუნდში უკვე დიდი ხანია შრომობს ფიზიოთერაპევტი ჟან-პიერ ბრიუერი, რომელიც ყურადღებით აკვირდება მისი ვარჯიშების პროცესს. აზარენკას თანამშრომლობა საქვეყნოდ ცნობილ სპეციალისტთან არ შემოიფარგლება ორი წლით: ისინი ერთად მუშაობდნენ 2012 და 2013 წლებში ავსტრალიის ღია პირველობაზე, როცა ბელარუსმა ორივეჯერ ტრიუმფს მიაღწია.
* * *
მალიორკას ტურნირი 18-25 ივნისს იმართება სანტა-პონსაში. მისი საპრიზო ფონდია - 226 750 დოლარი. ამ მოვლენისთვის თვალის მიდევნება საინტერესო იქნება, რადგან ვნახავთ უიმბლდონისთვის რამდენიმე საინტერესო ჩოგბურთელის მზადების დონეს. მაგალითად, აზარენკას უიმბლდონი არასოდეს მოუგია. თუ ბელარუსი სპორტსმენის "ინსტაგრამს" შევისწავლით, ცხადი ხდება, რომ ჩოგბურთელს სერიოზული განწყობა აქვს ბალახის სეზონის წინ.
თუ ესპანური ტურნირის მონაწილეებზე ვილაპარაკებთ, აქამდე ბელარუსს მხოლოდ ესტონელ ანეტ კონტავეიტთან უთამაშია, რომელსაც, ბოლო დროს, დიდი პროგრესი აქვს და გასულ კვირას ნოტინგემის ტურნირიც მოიგო.
* * *
ახლა, ვიქტორია აზარენკა აღიარებს, რომ შვილის დაბადების შემდეგ, უფრო მეტად აფასებს ჩოგბურთს. "მას შემდეგ, რაც დედა გავხდი, საჩოგბურთო მატჩების მიმართ დამოკიდებულება ნაკლებად სერიოზული გახდა. მაგრამ მომწონს თამაში. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომ მინდა კორტზე ისევ დაბრუნება. ჩოგბურთი რომ არ მიყვარდეს, არ დავბრუნდებოდი".
წელიწადნახევარიანი პაუზის შემდეგ, ვიქტორია აზარენკას პირველი მატჩის დასრულება ვერ მოხერხდა.
ბელარუსი 23 წლის იაპონელს რისა ოზაკის ხვდებოდა, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში 74-ე ადგილს იკავებს.
აზარენკას ძალიან მაგარი სტარტი გამოუვიდა, თითქოს არც კი ჰქონდა ხანგრძლივი პაუზა კარიერაში - ბელარუსი ძალიან დამაჯერებლად მოქმედებდა საკუთარ მოწოდებაზე, მიღებაზე კი ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა და 4:0 დაწინაურდა. ვიქტორიას ზედიზედ მეხუთე გეიმის აღებაც შეეძლო, მაგრამ ორი ბრეიკ-პოინტის გამოყენება ვერ შეძლო.
სწორედ ამის შემდეგ, იაპონელმა მოახერხა თამაშის გათანაბრება, უფრო თამამად ამოქმედდა მეტოქის მოწოდებაზე. პირველ სეტში მან მოასწრო ორი ბრეიკის შესრულება, მაგრამ პარტია ვერ გადაარჩინა, სამაგიეროდ, მეორე სეტში დომინიერებდა კორტზე. ოზაკიმ საკუთარ მოწოდებაზე ისე ითამაშა, რომ ერთი ბრეიკ-პოინტიც კი არ მისცა მეტოქეს, თავად კი ერთი ბრეიკის წყალობით სეტებში ანგარიში გაათანაბრა - 3:6, 6:4.
საჭირო გახდა მესამე სეტის ჩატარება და იაპონელმა გააგრძელა დომინირება - ხუთ გეიმის შემდეგ, ორმაგი ბრეიკით იყო დაწინაურებული - 4:1 და თითქოს, გამარჯვებაც გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ აზარენკამ ერთი ბრეიკი დაიბრუნა. შემდეგ, ჩოგბურთელებმა გეიმები გაცვალეს და ოზაკის 5:4-ზე მატჩზე უნდა ჩაეწოდებინა, როცა დაბალი ხილვადობის გამო, მსაჯმა თამაშის მეორე დღისთვის გადადება ბრძანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"