ალექსანდრე მეტრეველი: ჩოგბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება

AutoSharing Option
ბოლო რამდენიმე წელიწადია, ქართულ ჩოგბურთში ტრადიციების ასაღორძინებლად სასიკეთო ნაბიჯები გადაიდგა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის "მზიურში" მწყობრში ჩადგა საჩოგბურთო კომპლექსი, რომელიც ამ ცოტა ხნის წინათ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას გადაეცა.

ჩვენი ქვეყნის ქალთა ნაკრები ფედერაციის თასზე ევროაფრიკული მეორე ზონიდან პირველში აღზევდა, ხოლო დევისის თასზე ამავე ზონის მესამედან მეორეში გადმოინაცვლა ვაჟთა ნაკრებმა.

მსოფლიო კლასიფიკაციის პირველ ასეულში მკვიდრად მოიკიდეს ფეხი ნიკოლოზ ბასილაშვილმა (ერთეულებში) და ოქსანა კალაშნიკოვამ (წყვილებში).

ახალგაზრდა ჩოგბურთელებმაც საერთაშორისო სარბიელზე არაერთ წარმატებას მიაღწიეს. ამას წინათ კი
შევიტყვეთ, რომ 26 ივლისს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია რიგგარეშე ყრილობაზე ახალ პრეზიდენტს აირჩევს. ამ საკითხში უკეთ გასარკვევად ფედერაციის ამჟამინდელ თავკაც ალექსანდრე მეტრეველს შევეხმიანეთ.

- განსაკუთრებელი არაფერი ხდება: ახალი პრეზიდენტი გვეყოლება - ცნობილი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია. - გვითხრა მან. - ისე ნუ გამიგებთ, თითქოს გადადგომას ვინმე მაიძულებდეს. პირიქით, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ფედერაციის წევრებთან, სპორტის სამინისტროსა და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან.

ხვიჩა მაქაცარიას კანდიდატურის ფედერაციის პრეზიდენტად წარდგენა ჩემი ინიციატივაა. იგი ფედერაციაში ჩემს მოსვლამდე ამ ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტი იყო, ჰყავს ჩოგბურთელი ქალიშვილი - ანა მაქაცარია, რომელიც ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენია.

მეხუთე წელიწადია, ფედერაციას ვხელმძღვანელობ. ამ ხნის განმავლობაში კერძო სექტორიდან არათუ დახმარების, უბრალოდ, ჩვენთან ურთიერთობის სურვილიც არავის ჰქონია. და აი, გამოჩნდა პიროვნება, რომელმაც გადაწყვიტა, გვერდში დაუდგეს ქართულ ჩოგბურთს.

წლეულს თელავში ოთხი 15.000-იანი ტურნირი ჩავატარეთ - ერთი ქალებისა და სამი ვაჟებისთვის.

ყველა შეჯიბრება ხვიჩა მაქაცარიამ დააფინანსა. იგი მზად არის, სპორტის ამ სახეობისთვის სხვა ხარჯებიც გაიღოს. კერძოდ, სამეგრელოში კეთილმოაწყოს ჩოგბურთის კორტები და იქ საერთაშორისო ტურნირებიც ჩაატაროს.

ფედერაცია საკუთარი სახსრებით ყველაფერს ვერ გასწვდება, მით უმეტეს, როცა წლეულს ბიუჯეტი შეგვიმცირდა. ასე რომც არ ყოფილიყო, ამ ნაბიჯს მაინც გადავდგამდი და ეს მართებული იქნებოდა, რადგან, ვფიქრობ, ქართული ჩოგბურთისთვის ასე აჯობებს.

კანდიდატურების წარმოდგენის ვადა ამოიწურა. რაც შეეხება პრეზიდენტის პოსტიდან ჩემს გადადგომას, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საყვარელ სპორტის სახეობას ზურგს შევაქცევ - ისევ ჩოგბურთში ვრჩები და მის განვითარება-პოპულარიზაციისთვის ვიზრუნებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტავ ბევრი ხელმძღვანელი იყოს, შენისთანა სულისკვეთების.
სოსო
17:04 25-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული