დამარცხებული როჯერი და გადარჩენილი სერენა

AutoSharing Option
როლან გაროსზე მეოთხედფინალების დღე იყო და კაცებისა და ქალების ბადეში თითო ნახევარფინალური წყვილი მივიღეთ.

მამაკაცების მეოთხედფინალები ერთ დროს დაიწყო. რა თქმა უნდა, ესპანური დერბი დავიდ ფერერსა და ტომი რობრედოს შორის საინტერესო იყო, მაგრამ დღის ცენტრალურ შეხვედრად როჯერ ფედერერისა და ჟო-ვილფრიდ ცონგას შეხვედრა მიიჩნეოდა.

ისინი აქამდე 12-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ცხრაჯერ შვეიცარიელმა გაიმარჯვა, მათ შორის, ორივე მატჩში გრუნტზე. როჯერმა წინა წრეში ჟილ სიმონთან ხუთსეტიანი რთული მატჩის შემდეგ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ თავისი შესაძლებლობები, ცონგა კი მატჩამდე სეტის წაუგებლად მივიდა, თუმცა ამ
გზაზე მისი ყველაზე რთული მეტოქე თანამემამულე ჟერემი შარდი იყო.

თანაბარი დასაწყისის შემდეგ ფედერერმა მოუმატა და ზედიზედ სამი გეიმი აიღო. ის დომინირებდა კორტზე, თავისუფლად და მსუბუქად თამაშობდა, მაგრამ 4:3-ზე და 40:15-ზე შეცდომების დაშვება დაიწყო და პირველ სეტში ტაი-ბრეიკამდეც ვერ მიაღწია.

მეორე პარტიაში ბევრი არაფერი შეცვლილა - ფედერერი ისევ ბევრს ცდებოდა, ცონგა კი ძალიან საიმედო თამაშს აჩვენებდა. როგორც ყოველთვის, ის ძალიან სახიფათო იყო შეტევაში და დაცვაშიც ბრწყინვალედ თამაშობდა. ფედერერმა შეძლო მესამე პარტიის სტარტზე დაკარგული ბრეიკის დაბრუნება და გარკვეული ხანი თანაფარდობას ინარჩუნებდა, მაგრამ 3:3-ზე, ადგილობრივი პუბლიკის გასახარად, ჟომ ზედიზედ სამი გეიმი აიღო - 7:5, 6:3, 6:3.

ტომი რობრედო გმირის სტატუსით ხვდებოდა დავიდ ფერერთან მატჩს. 31 წლის ტომიმ ზედიზედ სამი ხუთსეტიანი მატჩი მოიგო ისე, რომ სეტებში 0:2-ით იყო ჩამორჩენილი. მაგრამ მეოთხედფინალისთვის რობრედოს ძალები აღარ ეყო. მან ისევ წააგო პირველი ორი სეტი, მაგრამ მატჩის გადარჩენაზე ლაპარაკი არ ყოფილა - დავიდი ყველა კომპონენტში სჯობდა მეტოქეს, რაც ანგარიშში კარგად გამოიხატა - 6:2, 6:1, 6:1.

ასე რომ, პირველი ნახევარფინალური წყვილი ცონგამ და ფერერმა შეადგინეს. მათ არასოდეს უთამაშიათ როლან გაროსის ფინალში. ასე რომ, ერთ-ერთი მათგანისთვის ეს პირველად მოხდება. სხვათა შორის, ჯერჯერობით არც ერთს ამ ტურნირზე სეტი არ აქვს წაგებული.

* * *
ქალებს შორის პირველი ნახევარფინალური წყვილი სერენა უილიამსმა და სარა ერანიმ შეადგინეს.

რუსმა სვეტლანა კუზნეცოვამ ყველას დაანახვა, რომ უილიამსთან თანაბრად თამაში შეიძლება. პირველი სეტის შემდეგ ყველა დარწმუნებული იყო, რომ ამერიკელისგან განადგურებას ვერც კუზნეცოვა ასცდებოდა. პირველი სეტი სერენამ 6:1 მოიგო, მაგრამ მეორეში უცნაური რამ მოხდა - რუსი 4:0 დაწინაურდა და გაჭირვებით, მაგრამ სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა. ეს იყო უილიამსის პირველი წაგებული სეტი ბოლო 12 შეხვედრაში.

სერენას კრიტიკული მომენტი მესამე სეტის სტარტზე დაუდგა, როცა კუზნეცოვამ 2:0 დაწინაურება შეძლო და მესამე გეიმში ორი ბრეიკ-პოინტი მიიღო. ეს მარათონული გეიმი ამერიკელმა მოიგო და მაშინვე გამოვიდა კრიზისიდან. ამ რთული მომენტის გადალახვის შემდეგ ამერიკელმა ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო და 2003 წლის შემდეგ პირველად გავიდა როლან გაროსის ნახევარფინალში.

შარშან, საფრანგეთის ღიას მეოთხედფინალამდე, იტალიელ სარა ერანის 28-დან 28 მატჩი ჰქონდა წაგებული TOP10-ის წევრებთან და ნავსი სწორედ მაშინ გატეხა. აგნიეშკა რადვანსკასთან მატჩამდე აპენინელს ასევე 0 მოგება და 28 წაგება ჰქონდა რეიტინგის ტოპ-ხუთეულის წევრებთან. ერანიმ ეს გაუგებრობაც გამოასწორა.

ფავორიტად რადვანსკას მიიჩნევდნენ, რომელსაც არც ერთი სეტი არ ჰქონდა წაგებული და ურთიერთშეხვედრებში 6:1-ს უგებდა იტალიელს. საერთო ჯამში, მაყურებელმა თანაბარი თამაში იხილა. პირველი სეტის მოგების შემდეგ ერანის ჩავარდნა დაეწყო, მაგრამ გონს მოეგო და ზედიზედ სამი გეიმი აიღო. 5:4-ზე ის მატჩზე აწოდებდა, მაგრამ რადვანსკამ მოახერხა ტაი-ბრეიკამდე მიღწევა, რომელიც ასევე დაძაბული იყო. პოლონელმა ერთი მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ მეორე შანსი ერანიმ გამოიყენა - 6:4, 7:6(6).

1/4-ფინალი
კაცები

დავიდ ფერერი (ესპ, 4)-ტომი რობრედო (ესპ, 32) 6:2, 6:1, 6:1; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 2) 7:5, 6:3, 6:3.

ქალები
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) 6:1, 3:6, 6:3; სარა ერანი (იტა, 5)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4) 6:4, 7:6(6).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ცუდი ამბავი ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული