ამიტომაც დღეს გადავწყვიტეთ, გავიხსენოთ ჩოგბურთის ისტორიაში ჩატარებული საჩვენებელი მატჩები, რომლებშიც ერთმანეთის პირისპირ სხვადასხვა სქესის ჩოგბურთელები წარსდგნენ...
ომამდელი ჩემპიონი და ფული
შორეულ და არც ისე შორეულ წარსულში პლანეტის საუკეთესო ქალ ჩოგბურთელებს არაერთხელ მოუსინჯავთ ძალები მამაკაცთა წინააღმდეგ მატჩებში. ყველაფერი ბანალური მიზეზით - ფულის შოვნით იწყებოდა.
1973 წელს 55 წლის ამერიკელმა ბობი რიგსმა საქვეყნოდ განაცხადა,
მისი პირველი მეტოქე გახდა მარგარეტ სმიტ-კორტი, თავად შეხვედრა კი კალიფორნიის შტატის ქალაქ რამონში 1973 წლის 13 მაისს გაიმართა.
როგორც ჩანს, რიგსი არ ხუმრობდა. ის მთელი მატჩი, ფაქტობრივად, ერთ ადგილას იდგა, იმ დროს, როცა სმიტ-კორტი კორტზე თავქუდმოგლეჯილი დარბოდა. საათიც არ იყო გასული, როცა ტაბლოზე ასეთი რიცხვები დაიწერა - 6:2, 6:1, ბუნებრივია, ვეტერანის სასარგებლოდ.
ამ მატჩისადმი ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ მორიგ სერიას დიდი ხანი ლოდინი არ დასჭირდა. შემდეგმა რიგსის გამოწვევა ბილი ჯინ-კინგმა მიიღო. ამ მატჩის გაპიარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოხდა. მისი საპრიზო ფონდი (100 ათასი დოლარი) მთლიანად გამარჯვებულს ერგებოდა. ეს მაშინ ძალიან დიდი თანხა იყო.
შეხვედრის ტრანსლაცია 37 ქვეყანაში ხორციელდებოდა და მას ჯამში 50-მა მილიონმა ადამიანმა უყურა.
მატჩის ჩასატარებლად მამაკაცების ფორმატი აირჩიეს - სამ მოგებამდე. რიგსთან შესახვედრად კინგი ძალიან სერიოზულად ემზადებოდა. დიდი ჰონორარის მიღების სურვილის გარდა, ბილი ჯინს სექსისტური განწყობა ამოძრავებდა. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ღიად გამოხატავდა თავის ფემინისტურ შეხედულებებს და იბრძოდა ტურში მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის დამკვიდრებისთვის.
ამ ყველაფერმა სასურველი შედეგი მოიტანა. რიგსმა ისევ სცადა ფაქტობრივად ერთ ადგილზე თამაში, მაგრამ ჰიუსტონში, იმ სექტემბრის საღამოს კინგი შეუჩერებელი იყო. მოგებისთვის ხუთი სეტის ჩატარება საჭირო არ გახდა - 6:4, 6:3, 6:3.
ამით კინგმა წერტილი დაუსვა "სქესთა ბრძოლას" - ამ მატჩების მომწყობმა ჯეკ კრეიმერმა შეწყვიტა აქცია. არადა, კინგის დამარცხების შემთხვევაში, რიგსის შემდეგი მეტოქე უნდა ყოფილიყო სახელგანთქმული კრის ევერტი, საპრიზო ფონდად კი მილიონი დოლარი იყო დასახელებული.
ჯიმბო და მარტინა
ქალებსა და მამაკაცებს შორის მატჩებისადმი ინტერესი, რა თქმა უნდა, არ გამქრალა, მაგრამ ამგვარი დაპირისპირების მესამე რაუნდი თითქმის 20 წლის შემდეგ შედგა. კორტის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ იმ მომენტისთვის ლეგენდარული ჩოგბურთელები - მარტინა ნავრატილოვა და ჯიმი კონორსი.
ქალთა უიმბლდონის ცხრაგზის ჩემპიონმა თავდაპირველად ჯონ მაკინროისა და რუმინელ ილიე ნასტასეს მიმართა, მაგრამ ორივემ ქედმაღლური უარი განაცხადა. მაკინროიმ ისიც კი თქვა, რომ მის ღირსებაზე დაბლა დგას ისეთ მეტოქესთან თამაში, რომელიც სუსტ სქესს წარმოადგენს. კონორსმა კი თანხმობა განაცხადა.
ლას ვეგასში გამართული მატჩის პრომოუტერებმა ოპონენტთა დონის ნიველირება სცადეს. კერძოდ, კონორსი კარგავდა მეორე მოწოდების უფლებას, აგრეთვე, კორტის მისი ნახევარი ზომაში უფრო გაზრდილი იყო. ნავრატილოვასთან მატჩის წინ "ჯიმბო" ძალიან ნერვიულობდა და შეხვედრას "ომს" უწოდებდა. თანაც, დაახლოებით ისე იქცეოდა, როგორც 20 წლის ასაკში, როცა მას ეკუთვნოდა საჩოგბურთო ტურში "მთავარი ხულიგანის" დიდება.
გამორიცხული არ არის, ამერიკული ჩოგბურთის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის ამგვარმა განწყობამ შემატა შეხვედრას დიდი მნიშვნელობა. 40 წლის კონორსმა მოიგო - 7:5, 6:2, თან აშკარად არ თამაშობდა სრულ დატვირთვით და მეტოქეს თავისი ოსტატობის გამოვლენის საშუალებას აძლევდა.
მოგვიანებით იგეგმებოდა კონორსისა და იმ მომენტისთვის WTA-ს რეიტინგის პირველი ნომრის - მონიკა სელეშის მატჩი, მაგრამ მისი ჩატარება არ მოხერხდა.
სიგარისა და ლუდის ფონზე
საჩოგბურთო კორტზე ქალებსა და მამაკაცებს შორის ბოლო, ყველაზე შთამბეჭდავ დაპირისპირებას 1998 წელს ჰქონდა ადგილი. 16 წლის სერენა უილიამსი დიდი ნაბიჯებით მიიწევდა საჩოგბურთო მწვერვალებისკენ - უკვე მაშინ, უმცროსი უილიამსი ანცვიფრებდა ყველას თავისი ფიზიკური შესაძლებლობებით.
როგორც ჩანს, ამ ეიფორიამ გონება აუბნია ნორჩ სერენას და მან გაუფრთხილებლად გამოაცხადა, რომ შეუძლია მამაკაცთა რეიტინგის პირველი ასეულის წევრებთან თანაბრად თამაში. ეს განცხადება ავსტრალიის ღია პირველობაზე გაკეთდა და ის ყველამ მოისმინა.
გერმანელმა კარსტენ ბრააშმა, რომელიც ATP-ის რეიტინგის 203-ე ნომერი იყო და იმ მომენტში 30 წელი შეუსრულდა, სერენას ერთი პარტიის თამაში შესთავაზა. ამ შეხვედრას პიკანტურ მომენტს სძენდა ის ფაქტი, რომ წინა დღეს კარსტენი დათვრა და ნაბახუსევიდან პირდაპირ კორტზე ლუდის მეშვეობით გამოდიოდა. შემდეგ კი, ერთ-ერთი პაუზის დროს, სიგარაც კი გააბოლა.
ქცევის ამგვარმა ეპატაჟურმა სტილმა ხელი არ შეუშალა ბრააშს, გაენადგურებინა ქალთა ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი. ნაბახუსევმა გერმანელმა ამერიკელს მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო.
მელბურნის საჩოგბურთო არენის მე-12 კორტზე შეკრებილი პუბლიკა დაშლას აპირებდა, მაგრამ მათ, თურმე, წარმოდგენის მეორე ნაწილი ელოდათ. ვინუსმა სერენას მარცხის გამო რევანში მოითხოვა და ბრააშმა მანდილოსანს უარი ვერ შეჰკადრა. უფრო მეტიც, კარსტენმა ქედმაღლურად გამოაცხადა - კარგად გავხურდი და ბრძოლისთვის მზად ვარო.
უფროს უილიამსთან მატჩის შედეგი ოდნავ უკეთესი იყო - კარსტენმა 6:2 მოიგო და თავის მეტოქეებს ურჩია - უფრო მეტი ევარჯიშათ. რაც შეეხება ამერიკელი დების მამაკაცებთან გაჯიბრების სურვილს, გერმანელმა განაცხადა, რომ არც სერენას, არც ვინუსს და არც სხვა რომელიმე ქალ ჩოგბურთელს ATP-ის TOP 500-ის ნებისმიერ წევრთან მოგების შანსი არ ექნება.
ბრააშს მხარი აუბა ჯონ მაკინროიმ. ლეგენდარული ამერიკელის აზრით, მისი თანამემამულეები, საუკეთესო შემთხვევაში, ბრძოლას მოახვევდნენ თავს იმ მამაკაც ჩოგბურთელებს, რომლებიც რეიტინგის TOP 900-ის მიღმა იმყოფებიან.
ახლა ისევ წარმოიშვა საუბრები იმის შესახებ, რომ სერენა მიუახლოვდა მამაკაცთა ელიტას, მაგრამ მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სავარაუდოდ, აღარ გაიმეორებს 15 წლის წინანდელ მწარე გამოცდილებას.
ასეა თუ ისე, ბრააშმა კარგად დაანახვა დებს, რომ მამაკაცთა და ქალთა ჩოგბურთს შორის მთელი უფსკრულია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"