უიმბლდონი 2013: ციფრები ლაპარაკობენ

AutoSharing Option
"დიდი სლემის" რიგით მესამე ტურნირის - უიმბლდონის წინ, გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო სტასტისტიკურ ფაქტს ფავორიტებთან დაკავშირებით.

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი, 1)
- "დიდი სლემის" ტურნირებზე ბოლო სამი გამარჯვება (აშშ-ის ღია-2011, ავსტრალიის ღია-2012, 13) ჯოკოვიჩმა პირველი ჩოგანის რანგში მოიპოვა;
- მამაკაცებს შორის პირველ ნომრად განთესილმა ჩოგბურთელმა უკანასკნელად უიმბლდონი 2007 წელს მოიგო (როჯერ ფედერერი);
- "დიდი სლემის" ბოლო 12 ტურნირზე ჯოკოვიჩი ნახევარფინალამდე მიდიოდა. უფრო გრძელი ამგვარი სერია მხოლოდ ფედერერს ჰქონდა (23);
- "დიდი სლემის" ყველა ტურნირიდან, ჯოკოვიჩს ერთზე მეტი მხოლოდ ავსტრალიის ღია აქვს მოგებული
(4).

ენდი მარეი (ბრიტანეთი, 2)
- მარეი შეიძლება გახდეს ბოლო 77 წლის განმავლობაში პირველი ბრიტანელი, რომელიც უიმბლდონზე გაიმარჯვებს. შორეულ 1936 წელს, საშინაო კორტები დაიპყრო ფრედ პერიმ;
- გასულ წელს, ენდიმ შეწყვიტა ბრიტანელთა 76-წლიანი უიღბლო სერია და უიმბლდონის ფინალში გავიდა. ბოლოს ეს გააკეთა ბანი ოსტინმა (1938);
- "დიდი სლემის" ბოლო ოთხი ტურნირიდან მარეიმ სამში ფინალამდე მიაღწია. 2013 წლის როლან გაროსზე მან ზურგის ტრავმის გამო არ ითამაშა;
- XXI საუკუნეში მხოლოდ ორჯერ მოიგო უიმბლდონი "ქუინზ ქლაბის" ტურნირის გამარჯვებულმა: 2002 წელს ლეიტონ ჰიუიტმა და 2008 წელს - რაფაელ ნადალმა;

როჯერ ფედერერი (შვეიცარია, 3)
- როჯერ ფედერერს შეუძლია გახდეს ისტორიაში უიმბლდონის რვაგზის გამარჯვებული. ახლა, მის ანგარიშზე შვიდი მოგებაა. ასეთივე შედეგი აქვთ პიტ სამპრასს (XX საუკუნე) და უილიამ რენშოუს (XIX საუკუნე);
- როჯერს მოგებული აქვს "დიდი სლემის" 17 ტურნირი. თავისი პირველი გამარჯვება მან ზუსტად ათი წლის წინ, სწორედ უიმბლდონზე იზეიმა;
- ფედერერი შეიძლება გახდეს მეოთხე ჩოგბურთელი ისტორიაში, ვინც "დიდი სლემის" ტურნირები 10 ან მეტი წლის სხვაობით მოიგო. აქამდე ეს გააკეთეს პიტ სამპრასმა, ბორის ბეკერმა და ანდრე აგასიმ;
- ფედერერს შეუძლია 25-ედ გავიდეს "დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალში.

რაფაელ ნადალი (ესპანეთი, 5)
- წლევანდელი უიმბლდონი პირველია "დიდი სლემის" სერიის ტურნირებიდან, როცა რაფა ვერ მოხვდა TOP4-ში. 2003 წლის უიმბლდონიდან 2005 წლის ავსტრალიის ღიამდე ნადალი არ შედიოდა განთესილთა შორის, რის შემდეგაც, მუდმივად ტოპ-ოთხეულში ეკავა ადგილი;
- მეხუთე ნომრად განთესილ ჩოგბურთელს უიმბლდონი არასოდეს მოუგია;
- TOP4-ის მიღმა მყოფი ბოლო ჩოგბურთელი, რომელმაც უიმბლდონი მოიგო, ხორვატი გორან ივანიშევიჩია (2001);
- მხოლოდ მატს ვილანდერმა (როლან გაროსი-1982) და მიხაელ შტიხმა (უიმბლდონი-1991) იზეიმეს საბოლოო წარმატება მაშინ, როცა ტურნირის მსვლელობისას დაამარცხეს TOP4-ის სამი წევრი;
- ბიორნ ბორგს სამჯერ აქვს მოგებული ერთ სეზონში როლან გაროსი და უიმბლდონი (1978, 79, 80). ნადალის ანგარიშზე ორი ასეთი დუბლია - 2008 და 2010 წლებში;
- რაფამ ითამაშა იმ ცხრავე ტურნირის ფინალში, რომელშიც ამ სეზონში მონაწილეობა მიიღო. აქედან შვიდჯერ ესპანელმა ტიტული მოიპოვა.

სერენა უილიამსი (აშშ, 1)
- სერენას მეექვსედ შეუძლია უიმბლდონის მოგება, რითაც გაასწრებს თავის უფროს დას - ვინუსს, რომელსაც ლონდონში ხუთი ტიტული აქვს. მხოლოდ მარტინა ნავრატილოვა (9) და შტეფი გრაფი (7) იმარჯვებდნენ უფრო ხშირად;
- უმცროს უილიამსს "დიდი სლემის" ტურნირებზე მე-17 ტრიუმფის შანსი აქვს. ამ მაჩვენებლით ლიდერობს შტეფი გრაფი - 22 ტიტული;
- ბოლო ჩოგბურთელი, რომელმაც ერთ წელს როლან გაროსი და უიმბლდონი მოიგო, სერენა უილიამსი იყო 2002 წელს;
- ამერიკელს 16-დან ექვსი "დიდი სლემი" აქვს მოგებული მაშინ, როცა პირველ ნომრად იყო განთესილი;
- სერენა ბოლო ხუთ უიმბლდონზე ოთხჯერ გავიდა ფინალში და სამჯერ გაიმარჯვა;
- უმცროსმა უილიამსმა ამ სეზონში მოიგო ბოლო ხუთი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო;
- ამ მომენტისთვის, ამერიკელის დაუმარცხებელი სერია 31 მატჩს უტოლდება. WTA-ის სტატისტიკის თანახმად, უფრო გრძელი სერია ორ ჩოგბურთელს ჰქონდა - ვინუს უილიამსსა (35) და ჟუსტინ ანენს (32).

ვიქტორია აზარენკა (ბელარუსი, 2)
- 2012 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, აზარენკამ "დიდი სლემის" სამი ტურნირის ფინალამდე მიაღწია. ასეთივე შედეგები აქვთ სერენა უილიამსსა და მარია შარაპოვას;
- ბელარუსს შეუძლია ზედიზედ მეხუთედ მიაღწიოს "დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალს;
- დიდი სლემის" ბოლო ხუთი ტურნირიდან სამში აზარენკა სერენა უილიამსთან მარცხდებოდა.

მარია შარაპოვა (რუსეთი, 3)
- 2004 წელს, მარიამ მოიგო თავისი პირველი უიმბლდონი, თან ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა - 17 წლის და 75 დღის. ამ მხრივ, რეკორდი ეკუთვნის მარტინა ჰინგისს (16 წლის და 279 დღის);
- შარაპოვას მოგებული აქვს "დიდი სლემის" ტურნირებზე რვა ფინალიდან ოთხი;
- რუსი ერთ-ერთია იმ სამ ჩოგბურთელთაგან, ვისაც სერენა უილიამსი "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში დაუმარცხებია. სხვა ორი ჩოგბურთელი გახლავთ - ვინუს უილიამსი და სამანტა სტოსური;
- ბოლოს, მესამე ნომრად განთესილმა ჩოგბურთელმა უიმბლდონი 1999 წელს მოიგო. ეს გააკეთა ლინდსი დავენპორტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ყველაზე პრესტიჟული და ყველაზე გამორჩეული საჩოგბურთო ტურნირი
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნოვაკმა 2011 ში მოიგო
rafa
23:04 25-06-2013
0
ციფრები კი არა ახალი მწვრთნელი სჭირდება! - ფედერერს როგორც კი პრობლემები ექმნებოდა ეგრევე მწვრთნელს იცვლიდა!
brola
21:18 25-06-2013
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული