უიმბლდონი 2013: სენსაცია ქალებშიც იყო

AutoSharing Option
სანამ ნადალის მარცხს ვნახავდით, ქალებს შორის პირველი სენსაციის ავტორი გახდა პუერტორიკოელი თინეიჯერი მონიკა პუიგი, რომელმაც WTA-ს რეიტინგის ტოპ-ხუთეულის წევრი სარა ერანი გამოთიშა ბრძოლას. თან ეს ძალიან იოლად გააკეთა - საათსა და 22 წუთში 38 "ვინერსი" მიითვალა და ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. არადა, 19 წლის ჩოგბურთელისთვის ეს იყო პირველი ტურნირი კარიერაში ბალახის კორტზე.

ეს გახლავთ მესამე შემთხვევა ისტორიაში, როცა ქალებს შორის TOP5-ის წევრი პირველივე წრეში ეთიშება ტურნირს. 2000 წელს ასეთი რამ მარტინა ჰინგისს დაემართა, 2010 წელს - ფრანჩესკა სკიავონეს.

ერანი, რომელიც
შარშანდელი როლან გაროსის ფინალისტია და "დიდი სლემის" ბოლო ხუთ ტურნირზე სამჯერ გავიდა ნახევარფინალში, შარშანაც უცნაურად გამოეთიშა უიმბლდონს - 0:6, 4:6 წააგო ყაზახ იაროსლავა შვედოვასთან, თან პირველ სეტში ისე დამარცხდა, რომ ერთი ქულაც ვერ აიღო!

სარას უიმბლდონის წინ, არც ერთ "გასახურებელ" ტურნირში არ მიუღია მონაწილეობა. ის აპირებდა ისტბურნში თამაშს, მაგრამ ტრავმის გამო გამოიტანა განაცხადი. თუმცა ერანის ტრავმის არანაირი ნიშანწყალი არ ემჩნეოდა.

გაჭირვებული მარია და გადარჩენილი ვიქტორია
გაჭირვებით დაიწყო მარია შარაპოვამ ტიტულისკენ გზა. წილისყრამ მას მეტოქედ WTA-ს კლასიფიკაციის 37-ნომერი კრისტინა მლადენოვიჩი არგუნა, რომელიც კარგი მოწოდებითა და აგრესიული თამაშით არის ცნობილი. მან ამ თვისებების გამოყენება პირველივე წუთებიდან დაიწყო და შარაპოვა ვერაფრით მოერგო მეტოქის ჩაწოდებებს - მიღებაზე მისი ყოველი მეორე დარტყმა აუტში მიდიოდა. რუსს საკუთარი მოწოდება შველოდა და ასეთ თამაშში, ლოგიკურად, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა.

მე-13 გეიმიც თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. მლადენოვიჩს მოწოდება გაუფუჭდა, სამაგიეროდ, მარიამ უნებლიე შეცდომებს უმატა. ტაი-ბრეიკის გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა გათამაშება 6:5-ზე. სეტბოლზე შარაპოვამ რამდენიმე "მკვდარი" ბურთი მოიგერია და მეტოქეს შეცდომა დააშვებინა. ამის შემდეგ ინციატივა რუსის მხარეს გადავიდა.

მეოთხე გეიმში მან პირველი ბრეიკი გააკეთა მატჩში, შემდეგ კიდევ შვიდი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ მათი რეალიზება ვერ შეძლო და რთულად, მაგრამ მაინც მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.

სულ სხვა სახის პრობლემები შეექმნა ტურნირის მეორე ნომერს ვიქტორია აზარენკას. მან პირველი სეტი 6:1 მოუგო პორტუგალიელ მარია ჟოაო კოლერს, მეორე სეტში 2:0 დაწინაურდა, როცა უხერხულად დაეცა კორტზე და ტკივილისგან ისეთი ემოცია გამოხატა, რომ ყველას ეგონა - უიმბლდონი ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს დაემშვიდობებოდა.

"არ ვიცი, რა მოხდა, - განაცხადა აზარენკამ. - ძალიან ემოციური მომენტი იყო, რადგან მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა. თავიდან ძალიან მეტკინა, სიარული არ შემეძლო, მაგრამ თამაშის გაგრძელება შევძელი".

ექიმმა ბელორუსს დახმარება აღმოუჩინა და ვიკამ ფეხზე სახვევით გააგრძელა თამაში. ის პერიოდულად კოჭლობდა და მოწოდებისას პრობლემები ექმნებოდა, მაგრამ მაინც დამაჯერებლად მიიყვანა მატჩი გამარჯვებამდე - 6:1, 6:2. ვიქტორიას მეორე მეტოქე იტალიელი ფლავია პენეტა იქნება და ფავორიტს ორი დღე აქვს აღდგენისთვის.

ქალები

I წრე

მონიკა პუიგი (პ-რიკ)-სარა ერანი (იტა, 5) 6:3, 6:2; სილვია სოლერ-ესპინოსა (ესპ)-მისაკი დოი (იაპ) 1:6, 6:4, 6:1; ლესია ცურენკო (უკრ)-ლარა არუაბარენა (ესპ) 6:1, 6:3; ევა ბირნეროვა (ჩეხ)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ, 26) 6:2, 4:6, 6:4; სლოუნ სტივენსი (აშშ, 17)-ჯეიმი ჰემპტონი (აშშ) 6:3, 6:3; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ)-პოლინ პარმენტიე (საფ) 6:3, 6:2; პეტრა ჩეტკოვსკა (ჩეხ)-დონა ვეკიჩი (ხორ) 6:3, 6:1; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 9)-ესტრელა კაბესა კანდელა (ესპ) 6:0, 6:2; მარიონ ბარტოლი (საფ, 15)-ელინა სვიტოლინა (უკრ) 6:3, 7:5; კრისტინა მაკჰეილი (აშშ)-ალექსა გლეტჩი (აშშ) 6:4, 6:4; კამილა ჯორჯი (იტა)-სამანტა მარეი (ბრიტ) 6:3, 6:4; სორანა კირსტეა (რუმ, 22)-სტეფანი ფოგელი (შვეიც) 7:5, 7:6(3); ლუსი საფაროვა (ჩეხ, 27)-ლორენ დევისი (აშშ) 6:4, 6:0; კარინ კნაპი (იტა)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ) 6:3, 6:4; მიშელ ლარშერ დე ბრიტუ (პორ)-მელანი ოუდინი (აშშ) 7:6(7), 1:6, 6:4; მარია შარაპოვა (რუს, 3)-კრისტინა მლადენოვიჩი (საფ) 7:6(5), 6:3; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 8)-კოკო ვანდევეგე (აშშ) 6:1, 5:7, 6:4; იაროსლავა შვედოვა (ყაზ)-კიკი ბერტენსი (ჰოლ) 6:4, 6:3; გარბინ მუგურუსა (ესპ)-ენ კეოტავონგი (ბრიტ) 6:4, 6:0; ეკატერინა მაკაროვა (რუს, 25)-იოჰანა ლარსონი (შვედ) 6:3, 6:3; კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 19)-ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ) 6:2, 6:2; მირიანა ლუჩიჩი (ხორ)-სოფია არვიდსონი (შვედ) 6:1, 6:4; იუჯინ ბუშარი (კან)-გალინა ვოსკობოევა (ყაზ) 5:7, 7:6(5), 6:4; ანა ივანოვიჩი (სერ, 12)-ვირჟინ რაზანო (საფ) 7:6(1), 6:0; ელენა იანკოვიჩი (სერ, 16)-იოანა კონტა (ბრიტ) 6:2, 7:5; ვესნა დოლონცი (სერ)-იანინა ვიკმაიერი (ბელ) 3:6, 6:2, 6:4; ბოიანა იოვანოვსკი (სერ)-აილა ტომლიანოვიჩი (ხორ) 3:6, 6:1, 9:7; კირსტენ ფლიპკენსი (ბელ, 20)-იულია პუტინცევა (ყაზ) 7:5, 6:4; ალიზ კორნე (საფ, 29)-ვანია კინგი (აშშ) 4:6, 6:3, 6:1; სუ-ვეი ჰსიე (ტაივ)-ტატიანა მარია (გერ) 6:1, 6:0; ფლავია პენეტა (იტა)-ელენა ბალტაჩა (ბრიტ) 6:4, 6:1; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 2)-მარია ჟოაო კოლერი (პორ) 6:1, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერენა უილიამსმა და მარია შარაპოვამ ერთმანეთს ომი გამოუცხადეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული