თითქოს ასე უნდა მომხდარიყო მეორე სეტშიც, მაგრამ, მოულოდნელად, მინელამ მეტოქის მოწოდება აიღო და 2:0 დაწინაურდა. ის ახლოს იყო მესამე გეიმის მოგებასთან, მაგრამ სერენა დროზე მოეგო გონს, მომდევნო 18 ქულიდან 15 აიღო და
ასეთი დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად (სერენამ 57 წუთში მოიგო), მატჩის შემდეგ უმცროსი უილიამსი გაბრაზებული ჩანდა: "უკმაყოფილო ვარ. არ მაქვს შეგრძნება, რომ ჩემი საუკეთესო თამაში ვაჩვენე. მეორე სეტში წაგებულმა მოწოდებამ ძალიან გამანაწყენა".
სერენამ თავისი მოგებათა სერია 32 მატჩამდე აიყვანა. სულ მან უიმბლდონზე 76-ე მატჩი ჩაატარა და 68-ე გამარჯვება მიითვალა.
უიმბლდონის შარშანდელმა ჩემპიონმა აგნიეშკა რადვანსკამ კიდევ უფრო იოლი გამარჯვება მოიპოვა - 55 წუთში გაანადგურა ავსტრიელი ივონ მოისბურგერი - 6:1, 6:1. პოლონელმა ექვსი ბრეიკის გაკეთება შეძლო, მისმა მეტოქემ კი ჯამში აღებული ორი გეიმიდან ერთ-ერთში რადვანსკას მოწოდებაზე იხეირა.
ზუსტად ასეთი ანგარიშით მოიგო თავისი მატჩი ჩინელმა ნა ლიმ - მან ჰოლანდიელი მიხაელა კრაიჩეკი არ დაინდო.
* * *
დღის ერთ-ერთი გმირი აღმოჩნდა იაპონელი კიმიკო დატე. 42 წლის ვეტერანი ეთამაშებოდა 18 წლის გერმანელ დებიუტანტს კარინა ვიტჰოერტს, რომელიც აზიელ ჩოგბურთელს, ფაქტობრივად, შვილად ეკუთვნის. "დედამ" "შვილი" არ დაინდო და 44 წუთში მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო თინეიჯერს.
დატე გახდა მეორე ყველაზე ასაკოვანი ქალი ჩოგბურთელი უიმბლდონის ისტორიაში, ვინც პირველი რაუნდი გადალახა. რეკორდსმენია ლეგენდარული ამერიკელი მარტინა ნავრატილოვა, რომელმაც 2004 წელს 47 (!) წლის ასაკში გააღწია მეორე რაუნდში.
* * *
ტურნირს გამოეთიშა მეათე ნომრად განთესილი რუსი მარია კირილენკო, თუმცა მის მარცხს სენსაციად ვერ მოვნათლავთ. კირილენკომ ორ სეტში დათმო პირველი წრე ბრიტანელ ლორა რობსონთან, რომელიც უკვე სერიოზული ანგარიშგასაწევი ძალაა და WTA-ს ელიტაში მოხვედრას ლამობს.
რობსონმა ძალიან მაღალი დონის თამაში აჩვენა და რუსს არანაირი შანსი არ დაუტოვა. 19 წლის ბრიტანელმა რვა ეისი და 31 "ვინერსი" მიითვალა, რაც მის კარგ ფორმაზე მეტყველებს. პირველ სეტში როსბონმა 4:3-ზე გააკეთა ბრეიკი და შემდეგ სეტზე წარმატებით ჩააწოდა. მეორე პარტიაში მასპინძელი 4:1 დაწინაურდა და მართალია, მეტოქეს დაწევის საშუალება მისცა, მაგრამ ბოლოს მაინც მიიყვანა საქმე ლოგიკურ დასასრულამდე - 6:3, 6:4. მატჩი მხოლოდ საათი და რვა წუთი გაგრძელდა.
* * *
დაბოლოს, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ერთი შეხვედრა. თითქოს რუსი ოლგა პუჩკოვასა და ჰოლანდიელი არანჩა რუსის მატჩი არაფრით იყო გამორჩეული. პუჩკოვამ მოიგო შეხვედრა 6:4, 6:2 და მეორე წრეში გავიდა, ამ მატჩმა კი ჩვენი ყურადღება იმით მიიქცია, რომ ჰოლანდიელმა პროფესიულ ტურში ზედიზედ მეჩვიდმეტე (!) მარცხი განიცადა.
არანჩას ბოლო მოგება 2012 წლის 19 აგვისტოთი თარიღდება, როცა შვეიცარიელი რომინა ოპრანდი დაამარცხა. სწორედ იქიდან იღებს სათავეს ჰოლანდიელის უიღბლო სერია. არადა, 22 წლის რუსი ერთ დროს იმედისმომცემ ჩოგბურთელად მიიჩნეოდა. მას კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვება 2011 წელს, როლან გაროსზე ჰქონდა - მაშინ სამ სეტში დაამარცხა ბელგიელი კიმ კლაისტერსი. ის იყო ლეგენდარული მატჩი, რადგან არანჩა 3:6, 2:5-ს აგებდა, ორი მატჩ-ბოლი მოიგერია და ამის შემდეგ, ბოლო 12 გეიმიდან 11-ის აღება და შეხვედრის მოგება შეძლო.
სხვათა შორის, ზედიზედ 17 წაგება არ არის რეკორდი. ამერიკელმა სენდი კოლინზმა 1984-87 წლებში ზედიზედ 21 მარცხი მოაგროვა. ასევე მიჯრით 21 წაგებაა სარეკორდო მამაკაცებს შორის - 1999-2000 წლებში ასეთი "შავი" სერია ჰქონდა ამერიკელ ვინსენტ სპეიდის.
I წრე
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-მენდი მინელა (ლუქ) 6:1, 6:3; კაროლინ გარსია (საფ)-ჟიე ჟენგი (ჩინ) 6:3, 6:4; კიმიკო დატე (იაპ)-კარინა ვიტეოფტი (გერ) 6:0, 6:2; ალექსანდრა კადანტუ (რუმ)-ტამირა პაჩეკი (ავსტრია, 28) 6:2, 7:5; საბინ ლისიცკი (გერ, 23)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა) 6:1, 6:2; ელენა ვესნინა (რუს)-ანდრეა ჰლავაჩკოვა (ჩეხ) 6:2, 7:5; ოლგა პუჩკოვა (რუს)-არანჩა რუსი (ჰოლ) 6:4, 6:2; სამანტა სტოსური (ავსტრა, 14)-ანა შმიედლოვა (სლოვაკ) 6:1, 6:3; ლორა რობსონი (ბრიტ)-მარია კირილენკო (რუს, 10) 6:3, 6:4; მარიანა დუკე-მარინო (კოლ)-იულია გორგესი (გერ) 6:4, 6:7(3), 7:5; მარინა ერაკოვიჩი (ზელ)-აიუმი მორიტა (იაპ) 4:6, 6:0, 7:5; შუაი პენგი (ჩინ, 24)-ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ) 6:3, 6:2; ელისონ რისკე (აშშ)-რომინა ოპრანდი (შვეიც, 31) 6:7(5), 7:5: 3:1 უარი; ურსულა რადვანსკა (პოლ)-მელორი ბურდეტი (აშშ) 7:6(3), 4:6, 6:2; კაია კანეპი (ესტ)-ტარა მური (ბრიტ) 7:5, 5:7, 7:5; ანჟელიკ კერბერი (გერ, 7)-ბეტანი მატეკი (აშშ) 6:3, 6:4; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4)-ივონ მოისბურგერი (ავსტრია) 6:1, 6:1; მატილდ იოჰანსონი (საფ)-ტიმეა ბაბოში (უნგ) 4:6, 6:1, 6:3; მედისონ კისი (აშშ)-ჰიზერ უოტსონი (ბრიტ) 6:3, 7:5; მონა ბარტელი (გერ, 30)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ) 6:3, 4:6, 7:5; ცვეტანა პირონკოვა (ბულ)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 21) 6:0, 6:1; ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ)-მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ) 5:7, 6:0, 6:1; პეტრა მარტიჩი (ხორ)-ანა ტატიშვილი (საქ) 6:1, 1:6, 6:3; კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ)-ნადია პეტროვა (რუს, 13) 6:3, 6:2; რობერტა ვინჩი (იტა, 11)-შანელ სხეპერსი (ს. აფრ) 6:2, 6:1; იანა ჩეპელოვა (სლოვაკ)-კრისტინა პლიშკოვა (ჩეხ) 6:4, 6:1; მარია-ტერეზა ტორო-ფლორი (ესპ)-ირინა კამელია ბეგუ (რუმ) 6:3, 6:4; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 18)-მარია ელენა კამერინი (იტა) 6:4, 4:6, 6:4; კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ, 32)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ) 6:4, 6:3; ანიკა ბეკი (გერ)-ნინა ბრატჩიკოვა (რუს) 6:3, 6:2; სიმონა ჰალეპი (რუმ)-ოლგა გოვორცოვა (ბლრ) 6:2, 3:6, 6:3; ნა ლი (ჩინ, 6)-მიხაელა კრაიჩეკი (ჰოლ) 6:1, 6:1.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უიმბლდონი 2013: სენსაცია ქალებშიც იყო