უიმბლდონი 2013: ენდი მარეი იოლად იგებს

AutoSharing Option
ორი დღეა, ლონდონური წვიმა სერიოზულად აფერხებს უიმბლდონის მსვლელობას. , ტურნირზე მესამე რაუნდი უნდა დაწყებულიყო, მაგრამ, სანამ ეს მოხდებოდა, წინა დღიდან გადმოტანილი მეორე წრის მატჩები იყო დასასრულებული.

სათამაშო დღის დროულად დაწყება წვიმის გამო არ მოხერხდა, თუმცა, მოგვიანებით გამოიდარა და ჩოგბურთელები წინა დღეს დაწყებული მატჩების დასრულებას შეუდგნენ. ამ მხრივ, ყველაზე დიდ ინტერესს სლოვენიელი გრეგა ჟემლიასა და ბულგარელი გრიგორ დიმიტროვის მატჩი იწვევდა. შეხვედრა მაშინ შეწყდა, როცა მეხუთე სეტში ჟემლია 9:8 იყო დაწინაურებული, მოწოდებაზე კი ბულგარელი ჩოგბურთელი იდგა.

მე-18 გეიმში ხუთი გათამაშების შემდეგ, ჟემლიამ
მატჩბოლი მიიღო (30:40), მაგრამ ისევ გაწვიმდა. ჩოგბურთელებმა კორტი არ დატოვეს, 12 წუთში კი თამაში განაახლეს და დიმიტროვმა გადაარჩინა გეიმი - 9:9. ახლა უკვე სლოვენიელს დაუდგა მძიმე მომენტი თავის მოწოდებაზე, მაგრამ 30:40-დან იხსნა თავისი გეიმი - 10:9. დიმიტროვმა ცუდად დაიწყო მეოცე გეიმი - 0:30 ჩამორჩა, შემდეგ გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ რიგით მეექვსე მატჩბოლი მისცა მეტოქეს, რომელმაც ეს შანსი გამოიყენა - წინ გასულ ბულგარელს კარგი შემოვლითი დარტყმა შესთავაზა და რიგით 54-ე "ვინერსით" დაასრულა ოთხსაათიანი მარათონი. ჟემლიას შემდეგი მეტოქე არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო იქნება.

კიდევ ერთ გადადებულ შეხვედრაში გაირკვა მესამე წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩის მეტოქე - სერბი ამ ეტაპზე ფრანგ ჟერემი შარდის შეხვდება, რომელმაც 23 ეისის დახმარებით ოთხ სეტში მოუგო გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს.

ასევე მეორე მატჩს ატარებდა ტურნირზე გერმანელი ტომი ჰაასი. 35 წლის ჩოგბურთელი აგრძელებს ამ სეზონში ბრწყინვალე გამოსვლას. მან ტაივანელი ჯიმი ვანგი საათნახევარში გაანადგურა - 6:3, 6:2, 7:5. მთელი მატჩის განმავლობაში, გერმანელს არც ერთი ბრეიკ-პოინტის მოგერიება არ დასჭირვებია და 2009 წლის შემდეგ, პირველად გავიდა უიმბლდონის 1/16 ფინალში. ჰაასმა შესანიშნავი შემტევი ჩოგბურთი ითამაშა და 44 "ვინერსი" მიითვალა, ამასთან, მხოლოდ რვა უნებლიე შეცდომა დაუშვა. მესამე წრეში ტომი ესპანელ ფელისიანო ლოპესს შეხვდება, ვისაც ერთი კვირის წინ, ისტბურნის ტურნირზე სძლია.

რეიტინგის TOP4-ის ორი წევრი ვიხილეთ კორტზე. მეოთხე ნომერი, ესპანელი დავიდ ფერერი მეორე წრის მატჩს თამაშობდა თანამემამულე რობერტო ბაუტისტა აგუტის წინააღმდეგ. ვერ ვიტყვით, რომ როლან გაროსის ფინალისტს იოლი მატჩი ჰქონდა. მან 43 წუთი მოანდომა პირველი სეტის მოგებას - 6:3, მეორე პარტია კი იგივე ანგარიშით დათმო. შეხვედრის კულმინაცია გახდა მესამე სეტი, სადაც ფერერმა უმნიშვნელოვანესი ტაი-ბრეიკი თავის სასარგებლოდ დაასრულა, ხოლო მეოთხე სეტში მე-11 გეიმში გააკეთა გადამწყვეტი ბრეიკი და გაჭირვებით გაიკვლია გზა მესამე რაუნდამდე, სადაც მისი მეტოქე უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვი იქნება.

* * *
გადავიდეთ მესამე წრის მატჩებზე. როჯერ ფედერერის ძლევის შემდეგ, უკრაინელ სერგეი სტახოვსკის არ გამოადგა "მოწოდება-ბადესთან გასვლის" სტილი ავსტრიელი იურგენ მელცერის წინააღმდეგ. თან, ამ უიმბლდონზე ერთ-ერთი მთავარი სენსაციის ავტორს ბევრი წუნი ჰქონდა. თუ ფედერერთან მატჩში მან პირველი მოწოდებით ქულების 72 პროცენტი აიღო და ბადესთან 65 პროცენტის სიზუსტით ითამაშა, , ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 65 და 58 პროცენტს უდრიდა.

სტახოვსკიმ მატჩის შემდეგ აღიარა, რომ მელცერი უფრო მეტ ბურთს უბრუნებდა, ვიდრე ფედერერი და თამაშის მსვლელობისას ტაქტიკის გადაწყობა მართებდა, მაგრამ ეს ვერ გააკეთა. პირველ სეტში გადამწყვეტი ბრეიკი მელცერმა მეტოქის დახმარებით აიღო, როცა უკრაინელმა ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა. სტახოვსკის ერთადერთი გამონათება მეორე სეტში ჰქონდა, რომელიც 30 წუთში მოიგო, მაგრამ მესამე პარტიიდან მელცერმა ისევ მრავალფეროვანი თამაში შესთავაზა მეტოქეს და მის უპირატესობაში ეჭვი არავის შეპარვია.

მელცერი მერვედფინალში პოლონელ იერჟი იანოვიჩს შეხვდება, რომელმაც 30 ეისი ჩააწოდა ესპანელი ნიკოლას ალმაგროს წინააღმდეგ და 7:6, 6:3, 6:4 მოიგო. ახალგაზრდა პოლონელი პირველად თამაშობდა უიმბლდონის ცენტრალურ კორტზე და პირველად გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხე რაუნდში.

TOP4-ის მეორე წევრი, რომელსაც მოუწია თამაში, ბრიტანელი ენდი მარეი იყო. ის გადახურულ ცენტრალურ კორტზე ეთამაშებოდა ესპანელ ტომი რობრედოს და ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო "მშრალი" ანგარიშით - 6:2, 6:4, 7:5. საინტერესოა, რომ ამ მატჩამდე ბრიტანელი 2:3-ს აგებდა ესპანელთან ურთიერთშეხვედრებში. რობერდომ ერთი ბრეიკის შესრულება შეძლო, რასაც ენდიმ ხუთი საკუთარი ბრეიკით უპასუხა. ბრიტანელს შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდა - 9 ეისი, 40 "ვინერსი" და მხოლოდ 14 უნებლიე შეცდომა.

მარეის მეტოქე რუსი მიხაილ იუჟნისა და სერბი ვიქტორ ტროიცკის მატჩში უნდა გარკვეულიყო, მაგრამ ეს და კიდევ სამი მატჩი დღეისთვის გადაიდო.

II წრე
ჟერემი შარდი (საფ, 28)-იან-ლენარ შტრუფი (გერ) 6:2, 5:7, 7:6(6), 7:6(4); ტომი ჰაასი (გერ, 13)-ჯიმი ვანგი (ტაივ) 6:3, 6:2, 7:5; დავიდ ფერერი (ესპ, 4)-რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ) 6:3, 3:6, 7:6(4), 7:5; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 26)-სანტიაგო ხირალდო (კოლ) 6:4, 7:5, 6:3; გრეგა ჟემლია (სლოვენ)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 29) 3:6, 7:6(4), 3:6, 6:4, 11:9.

1/16 ფინალი
ადრიან მანარინო (საფ)-დასტინ ბრაუნი (გერ) 6:4, 6:2, 7:5; იერჟი იანოვიჩი (პოლ, 24)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 15) 7:6(6), 6:3, 6:4; იურგენ მელცერი (ავსტრია)-სერგეი სტახოვსკი (უკრ) 6:2, 2:6, 7:5, 6:3; ენდი მარეი (ბრიტ, 2)-ტომი რობრედო (ესპ, 32) 6:2, 6:4, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უიმბლდონი 2013: ლონდონში პირველად გაწვიმდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული