უიმბლდონი 2013: ყველას უჭირს სერენა უილიამსის გარდა

AutoSharing Option
ქალების ბადეში თითქმის არ ყოფილა მოულოდნელობები. ალბათ, ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ მერვედფინალში ვერ ვხედავთ ვერც ერთ რუს ჩოგბურთელს. ამ ქვეყნის ბოლო წარმომადგენელი იყო ეკატერინა მაკაროვა, მაგრამ ის სამ სეტში დაამარცხა 2011 წლის ჩემპიონმა პეტრა კვიტოვამ. ჩეხს კარგი პერსპექტივები ეხსნება - ბადეში მის მხარეს აღარც მარია შარაპოვაა და არც ვიქტორია აზარენკა.

სამაგიეროდ, ბადის საპირისპირო მხარეს ისევ შეუჩერებელია სერენა უილიამსი. როგორც მოსალოდნელი იყო, ამერიკელმა ზედიზედ 34-ე მატჩი ძალიან იოლად მოიგო - მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო 42 წლის იაპონელ კიმიკო დატეს. ეს
უკანასკნელი იმითაც კმაყოფილი უნდა იყოს, რომ უიმბლდონის ახალი რეკორდი დაამყარა - მის ასაკში ამ ტურნირის მესამე წრეში არავინ გასულა.

სერენას მეტოქე ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მატჩში ირკვეოდა - სამანტა სტოსური საბინ ლისიცკის წინააღმდეგ. წელს, ავსტრალიელმა კარგი თამაში აჩვენა მისთვის ყველაზე მოუხერხებელ საფარზე - 12 ცდიდან მხოლოდ მეორედ გავიდა მესამე წრეში. თავის მხრივ, ლისიცკისთვის უიმბლდონი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტურნირია - აქ მას მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში უთამაშია. პირველ სეტში სტოსურმა ნაადრევი ბრეიკი გააკეთა და შეინარჩუნა უპირატესობა, მაგრამ შემდეგ, გერმანელმა მოიპოვა სათამაშო ინიციატივა და იოლად მოიგო - 4:6, 6:2, 6:1.

შარშანდელ ფინალისტს აგნიეშკა რადვანსკას გარკვეული პრობლემები შეუქმნა ახალგაზრდა მედისონ კისმა. ამერიკელმა შესანიშნავი შემტევი ჩოგბურთი აჩვენა და "ვინერსების" რაოდენობით თითქმის სამჯერ გაუსწრო მეტოქეს - 67 (!) 23-ის წინააღმდეგ. მაგრამ კისს შეცდომები ჰქონდა ხუთჯერ მეტი (51-10). ამერიკელმა ბრძოლაში დათმო პირველი პარტია, მოიგო მეორე, მესამეში კი გამოცდილი პოლონელი უფრო ზუსტად მოქმედებდა, მნიშვნელოვან მომენტებში ბადესთან წარმატებით გავიდა და მერვედფინალში გავიდა.

არანაკლები პრობლემები ჰქონდა ჩინელ ნა ლის კლარა ზაკოპალოვას წინააღმდეგ. ჩეხმა მოიგო საწყისი სეტი, "მშრალად" წააგო მეორე, მესამეში კი მატჩზე აწვდიდა, მაგრამ აზიელმა გადაარჩინა გეიმი და 8:6 მოიგო გადამწყვეტი პარტია.

ბრიტანელთა მთავარმა იმედმა ლორა რობსონმა ძალიან მძიმე მატჩი ჩაატარა მარინა ერაკოვიჩის წინააღმდეგ. ახალზელანდიელს ძალიან ძლიერი მოწოდება აქვს, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბალახის საფარზე. ერაკოვიჩმა სწრაფად მოიგო პირველი პარტია და მეორეში ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ ლორამ, მაყურებელთა აქტიური მხარდაჭერით, მატჩზე არ ჩააწოდებინა ზელანდიელს, რის შემდეგაც საბოლოოდ მოიპოვა ინიციატივა და საშინაო ტურნირზე პირველად გავიდა მერვედფინალში.

1/16 ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-კიმიკო დატე (იაპ) 6:2, 6:0; საბინ ლისიცკი (გერ, 23)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 14) 4:6, 6:2, 6:1; ლორა რობსონი (ბრიტ)-მარინა ერაკოვიჩი (ზელ) 1:6, 7:5, 6:3; კაია კანეპი (ესტ)-ელისონ რისკე (აშშ) 6:2, 6:3; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4)-მედისონ კისი (აშშ) 7:5, 4:6, 6:3; ცვეტანა პირონკოვა (ბულ)-პეტრა მარტიჩი (ხორ) 6:1, 4:6, 6:2; რობერტა ვინჩი (იტა, 11)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 18) 6:1, 6:4; ნა ლი (ჩინ, 6)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ, 32) 4:6, 6:0, 8:6; მონიკა პუიგი (პ-რიკ)-ევა ბირნეროვა (ჩეხ) 4:6, 6:3, 6:4; სლოუნ სტივენსი (აშშ, 17)-პეტრა ჩეტკოვსკა (ჩეხ) 7:6(3), 0:6, 6:4; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 8)-ეკატერინა მაკაროვა (რუს, 25) 6:3, 2:6, 6:3.

1/8 ფინალი
ს. უილიამსი (1)-ლისიცკი (23); რობსონი-კანეპი; ა. რადვანსკა (4)-პირონკოვა; ვინჩი (11)-ნა ლი (6); პუიგი-სტივენსი (17); ბარტოლი (15)-კნაპი; კვიტოვა (8)-სუარეს ნავარო (19); ფლიპკენსი (20)-პენეტა (იტა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უიმბლდონი 2013: ქალთა ბადე ღარიბდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული