უიმბლდონი 2013: SERENA OUT - ახლა მოგება რვავე დარჩენილს შეუძლია

AutoSharing Option
უიმბლდონზე მერვედფინალების დღე იყო და ქალთა ბადეში ისეთი რამ მოხდა, რომ ერთბაშად რვა ჩოგბურთელი გადაიქცა ტურნირის მთავარ ფავორიტად.

დიახ, ლონდონის ნაადრევად დატოვება მოუწევს მოქმედ ჩემპიონსა და უპირობო ფავორიტს სერენა უილიამსს, რომელიც 34-მატჩიანი მოგებათა სერიით იწონებდა თავს. შესაბამისად, მეოთხედფინალში გასულმა ყველა ჩოგბურთელმა მიიღო მთავარი პრიზის მოპოვების შანსი.

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გერმანელი საბინ ლისიცკი, რომელიც ამ სეზონში ბევრს ვერაფერს აჩვენებდა, ამერიკელ მონსტრს დაამარცხებდა. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ გერმანელისთვის უიმბლდონი ყოველთვის საყვარელი ტურნირი იყო და აქ ნახევარფინალში უთამაშია, შარშან კი მარია შარაპოვას მოუგო.
მაგრამ, ამერიკელის დღევანდელი ფორმის გათვალისწინებით, ლისიცკი მაინც ყველას განწირული ეგონა.

მატჩში სასწაულები პირველი სეტის მეხუთე გეიმიდან დაიწყო, როცა 2:2-დან მოყოლებული, გერმანელმა ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და სეტი 6:2 მოიგო. მეორე პარტიის პირველი გეიმიც ლისიცკის დარჩა, მაგრამ აქედან მოყოლებული, მატჩი იმ კალაპოტში ჩადგა, როგორსაც თავიდანვე წინასწარმეტყველებდნენ - უილიამსმა ზედიზედ ცხრა გეიმი მოიგო. ამ სერიამ მას მეორე სეტის მოგება (6:1) და მესამეში 3:0 დაწინაურება მოუტანა. ამის შემდეგ ჩოგბურთელებმა გეიმები გაცვალეს და 4:1-ს ამერიკელი იგებდა.

სავარაუდოდ, სერენა გონებაში ზედიზედ 35-ე მოგებას ზეიმობდა, მაგრამ თავისი გეგმები ჰქონდა გერმანელსაც. ბრწყინვალე ფორჰენდებისა და მეტოქის შეცდომების დახმარებით, საბინმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ ბრეიკი გააკეთა და 5:4 დაწინაურდა, ბოლოს კი მატჩზე ჩააწოდა და არა მარტო ამ უიმბლდონის, არამედ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი სენსაციის ავტორი გახდა. ასე გავიდა გერმანელი ზედიზედ მეოთხედ უიმბლდონის მეოთხედფინალში.

ამ ეტაპზე ლისიცკის მეტოქე ესტონელი კაია კანეპი იქნება, რომელმაც ბრიტანული პუბლიკა გააწბილა, როცა ორ სეტში დაამარცხა ლორა რობსონი - 7:6(6), 7:5. მასპინძელი შეეძლო გამხდარიყო პირველი ბრიტანელი 1984 წლის შემდეგ, ვინც უიმბლდონის მეოთხედფინალში გავიდოდა. და რობსონს ამის შანსი ჰქონდა - პირველ სეტში 5:4-ს იგებდა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. მეორე პარტიაში კანეპიმ გადამწყვეტი ბრეიკი მე-11 გეიმში გააკეთა და შემდეგ მეხუთე მატჩბოლზე დაასრულა მატჩი.

* * *
კანეპის მსგავსად, პირველად ითამაშებს უიმბლდონის მეოთხედფინალში ბელგიელი კირსტენ ფლიპკენსი. მან ურთულესი ბრძოლა გადაიტანა პირველ სეტში ფლავია პენეტას წინააღმდეგ, როცა იტალიელი 5:3-ს იგებდა, 6:5-ზე სეტზე აწვდიდა, მაგრამ ახალგაზრდა ბელგიელმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა და ტაი-ბრეიკზე 7:2 მოიგო. მეორე სეტში კი ნაკლები ბრძოლა იყო და ვეტერანმა აპენინელმა მხოლოდ სამი გეიმი აიღო.

ფლიპკენსის შემდეგი მეტოქე უიმბლდონის 2011 წლის ჩემპიონი პეტრა კვიტოვა იქნება. მანაც ზუსტად იგივე ანგარიშით მოუგო ესპანელ კარლა სუარეს ნავაროს, როგორც ფლიპკენსმა პენეტას - 7:6, 6:3. ეს ჩეხის ზედიზედ მეოთხე მეოთხედფინალია უიმბლდონზე. რაც შეეხება კვიტოვასა და ფლიპკენსის ურთიერთშეხვედრათა დაპირისპირებას, ბელგიელი წინ არის - 2:1. თანაც, ორივე მატჩი კირსტენმა 2013 წელს მოიგო.

სერენას გამოვარდნის შემდეგ ქალთა ბადეში ერთადერთი ამერიკელი შემორჩა - სლოუნ სტივენსი, რომელმაც ამ ტურნირის აღმოჩენას, 19 წლის პუერტორიკოელს მონიკა პუიგს მოუგო - 4:6, 7:5, 6:1. ახლა, კარიერაში პირველად ნახევარფინალში გასასვლელად, სტივენსს ფრანგი მარიონ ბარტოლის დამარცხება დასჭირდება. ამ უკანასკნელმა იტალიელი კარინ კნაპი გამოთიშა ბრძოლას.

1/8-ფინალი
საბინ ლისიცკი (გერ, 23)-სერენა უილიამსი (აშშ, 1) 6:2, 1:6, 6:4; კაია კანეპი (ესტ)-ლორა რობსონი (ბრიტ) 7:6(6), 7:5; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ) 4:6, 6:3, 6:3; ნა ლი (ჩინ, 6)-რობერტა ვინჩი (იტა, 11) 6:2, 6:0; სლოუნ სტივენსი (აშშ, 17)-მონიკა პუიგი (პ-რიკ) 4:6, 7:5, 6:1; მარიონ ბარტოლი (საფ, 15)-კარინ კნაპი (იტა) 6:2, 6:3; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 8)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 19) 7:6(5), 6:3; კირსტენ ფლიპკენსი (ბელ, 20)-ფლავია პენეტა (იტა) 7:6(2), 6:3.

1/4-ფინალი
ლისიცკი (23)-კანეპი; ა. რადვანსკა (4)-ნა ლი (6); სტივენსი (17)-ბარტოლი (15); კვიტოვა (8)-ფლიპკენსი (20).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უიმბლდონი 2013: ყველას უჭირს, სერენა უილიამსის გარდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული