სტენფორდი სერენას გარეშე
სტენფორდის უნივერსიტეტის საჩოგბურთო ცენტრი მეჩვიდმეტედ მიიღებს წარმომადგენლობით ტურნირს, რომლითაც იხსნება US Open Series - ტურნირების სერია, რომელიც წინ უძღვის აშშ-ის ღია პირველობას. მსოფლიოს პირველი ნომერი სერენა უილიამსი, რომელმაც აქ 2011 და 2012 წლებში მოიგო მთავარი პრიზი, უარი თქვა ტიტულის დაცვაზე და ამიტომაც განთესვ
ის ბრძოლას მეორე წრიდან დაიწყებს და პირველ მეტოქედ შეიძლება ჰყავდეს 2011 წლის როლან გაროსის ჩემპიონი ფრანჩესკა სკიავონე (თუ იტალიელი პირველ წრეში მოუგებს ამერიკელ მელორი ბურდეტს). ტურნირის მეორე ნომერი სამანტა სტოსური პირველ მატჩს ან გერმანელი იულია გორგესის, ან ბელორუსი ოლგა გოვორცოვას წინააღმდეგ ჩაატარებს.
სერენას არყოფნაში ამერიკული პუბლიკის მთავარი იმედი იქნება ჯეიმი ჰემპტონი, რომელიც როლან გაროსსა და ისბორნში წარმატებული გამოსვლის შემდეგ, WTA-ს კლასიფიკაციაში 29-ე ადგილზე გადავიდა და სტენფორდში განთესვის მეოთხე ნომერი მიიღო. გარდა ამისა, კალიფორნიულ ტურნირზე აშშ-ს წარმოადგენენ ვარვარა ლეპჩენკო (მე-6 ნომერი), პერსპექტიული მედისონ კისი და კრისტინა მაკჰეილი, რომელიც სასტარტო რაუნდში შეხვდება მეშვიდე განთესილს ურსულა რადვანსკას.
ასევე განთესილებს შორის არიან დომინიკა ციბულკოვა (3), სორანა კირსტეა (5) და მაგდალენა რიბარიკოვა (8). პირველი წრეში ყველაზე საინტერესო მატჩია დანიელა ჰანტუხოვასა და იანინა ვიკმაიერს შორის.
ბაქოში იოვანოვსკი დაიცავს
მსოფლიოს 38-ე ჩოგანი ბოიანა იოვანოვსკი ბრუნდება აზერბაიჯანის დედაქალაქში შარშანდელი ტიტულის დასაცავად. სერბი პირველ ნომრად არის განთესილი და საწყის რაუნდში უზბეკეთის წარმომადგენელს ნიგინა აბდურაიმოვას შეხვდება.
იოვანოვსკის პირველობაში კონკურენცია შეუძლია გაუწიონ: დონა ვეკიჩმა, შანელ სხეპერსმა, მენდი მინელამ, დებმა - კრისტინა და კაროლინა პლიშკოვებმა, ელინა სვიტოლინამ...
ფედერერი: ცხრა წლის შემდეგ გშტაადში
როჯერ ფედერერი გშტაადის გრუნტზე პირველად გამოვა მას შემდეგ, რაც ეს ტურნირი 2004 წელს მოიგო. უიმბლდონზე განცდილი კრახის შემდეგ შვეიცარიელმა გასულ კვირას ჰამბურგის ნახევარფინალამდე მიაღწია, მაგრამ იქ მოულოდნელი მარცხი იწვნია 114-ე ჩოგანთან, ფედერიკო დელბონისთან. ახლა ნავსის გატეხვას როჯერი სამშობლოში ეცდება.
გშტაადში ის პირველ ნომრად არის განთესილი და მეორე წრიდან დაიწყებს გამოსვლას. მისი პირველი მეტოქე შეიძლება გახდეს თანამემამულე მარკო ჩიუდინელი ან გერმანელი დანიელ ბრანდსი, რომელსაც ჰამბურგის ტურნირზე სამ სეტში მოუგო.
ფედერერს გშტაადში კონკურენციას გაუწევენ თანამემამულე სტანისლას ვავრინკა, სერბი იანკო ტიპსარევიჩი და არგენტინელი ხუან მონაკო. ისინი განთესილთა ტოპ-ოთხეულში შედიან. შვეიცარიაში ასევე გამოვლენ ფელისიანო ლოპესი, ლუკაშ როსოლი, რობერტო ბაუტისტა აგუტი და ფედერიკო დელბონისი.
გასკეს დებიუტი
მსოფლიოს მეცხრე ჩოგანი რიშარ გასკე კარიერაში პირველად აპირებს უმაგში ხორვატიის ღია პირველობაზე გამოსვლას. ფრანგი პირველ ნომრად არის განთესილი და იტალიელების - ანდრეას სეპისა და ფაბიო ფონინის, აგრეთვე, უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვის (2011 წლის ჩემპიონი) მსგავსად, მეორე წრიდან დაიწყებს ბრძოლას. ასევე განთესილთა შორის მოხვდნენ მარტინ კლიჟანი, ფლორიან მაიერი და კარლოს ბერლოკი. აქვეა ფრანგი "შოუმენი" გაელ მონფილსი.
რა თქმა უნდა, გასკეს გარდა, უმაგში დიდ ინტერესს იწვევს ფონინის გამოსვლა, რომელსაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორი ტურნირი აქვს მოგებული (შტუტგარტსა და ჰამბურგში).
ფიშის დაბრუნება
ატლანტას ტურნირის მთავარი მოვლენა ის არის, რომ პროფესიულ ტურს უბრუნდება 2010 და 2011 წლების ჩემპიონი, ამერიკელი მერდი ფიში, რომელსაც გულის ავადმყოფობის გამო ძალიან ბევრი გაუცდა. შარშანდელი აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ ფიში მხოლოდ ორ ტურნირზე გამოჩნდა - ინდიან უელსის მასტერსსა და სავანის "ჩელენჯზე" და სამი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო. ატლანტაში ის მეექვსე ნომრად იქნება განთესილი და პირველ წრეში თანამემამულე მაიკლ რასელს შეხვდება.
ატლანტაში პირველ ნომრად არის განთესილი ჯონ ისნერი. ასევე, კორტზე ვიხილავთ ისეთ ჩოგბურთელებს, როგორებიც არიან კევინ ანდერსონი, ივან დოდიგი, იგორ სისლინგი, იენ სუნ ლუ, ლეიტონ ჰიუიტი...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ივო კარლოვიჩის ტიტულიანი დაბრუნება