ივო კარლოვიჩის ტიტულიანი დაბრუნება

AutoSharing Option
ჰამბურგის ტურნირის პარალელურად, გასულ კვირას, კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში ჰარდის საფარზე იმართებოდა ტურნირი.

ეს ქალაქი ATP-ის დონის შეჯიბრს 1997-2002 წლებში მასპინძლობდა და 11-წლიანი შესვენების შემდეგ დიდი ჩოგბურთი კოლუმბიაში დაბრუნდა. მაღალრეიტინგიანი ჩოგბურთელებიდან იქ მხოლოდ იანკო ტიპსარევიჩი ჩავიდა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ კლასიფიკაციის საუკეთესო ათეულში იკავებდა ადგილს. TOP 20-დან ბოგოტაში სხვა ჩოგბურთელი არ ჩასულა, უფრო მეტიც, TOP 50-დან კოლუმბიელებს პატივი მხოლოდ კევინ ანდერსონმა დასდო.

ტიპსარევიჩმა კოლუმბიაში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო, მაგრამ შემდეგ, ადგილობრივი პუბლიკის გასახარად, ალეხანდრო ფალასთან წააგო. საბოლოოდ, კოლუმბიელი ფინალში გავიდა,
როცა ტიპსარევიჩის შემდეგ ვაშეკ პოსპიშილი დაამარცხა.

გადამწყვეტ მატჩში ფალას მეტოქე იყო ივო კარლოვიჩი, რომელმაც ზაფხულში მძიმე ვირუსული მენინგიტი გადაიტანა. ამის შესახებ ხორვატმა კოლუმბიაში ილაპარაკა:

"ექიმი დარწმუნებული არ იყო, რომ შევძლებდი ასი პროცენტით გამოჯანმრთელებას. დიდი ხანი უგონო მდგომარეობაში ვიყავი. საკუთარ სახელს ვერ ვიხსენებდი და არ ვიცოდი, რომელი წელი იყო. მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ გავიხსენე ჩემი სახელი".

მიუხედავად ამისა, ივომ შეძლო ივლისში ჩოგბურთში დაბრუნება და ნიუპორტის ტურნირის მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც წააგო ჯონ ისნერთან. ბოგოტა მისთვის მეორე ტურნირი იყო დაბრუნების შემდეგ და აქ მან შეძლო ფინალში გასვლა (პირველად სამწლინახევრიანი შესვენების შემდეგ).

რა თქმა უნდა, გადამწყვეტ მატჩში პუბლიკა ფალას მხარეს იყო, მაგრამ ამან მასპინძელს არ უშველა. კარლოვიჩმა მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ დაუთმო და 16 ეისის ხარჯზე გაიმარჯვა - 6:3, 7:6(4).

კარლოვიჩისთვის ეს არის მეხუთე ტიტული კარიერაში და პირველი 2008 წლის შემდეგ. სხვათა შორის, წელს ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ATP-ის ტურნირს იგებს 30 წელს გადაცილებული ჩოგბურთელი. ამ სეზონში ორ-ორი ტიტული აიღეს 31 წლის დავიდ ფერერმა და ნიკოლა მაუმ, თითოჯერ გაიმარჯვეს 30 წლის ტომი რობრედომ, 32 წლის ალბერტ მონტანიესმა, 31 წლის ფელისიანო ლოპესმა, 30 წლის კარლოს ბერლოკმა და 35 წლის ტომი ჰაასმა.

ავსტრიაში მასპინძელმა მოიგო
შვედეთის ბაშტადის გარდა, გასულ კვირას ქალ ჩოგბურთელებს ავსტრიის ბად-გაშტაინი მასპინძლობდა. აქ განთესვის პირველი ნომერი მიიღო გერმანელმა მონა ბარტელმა, ბადის ქვედა მხარეს კი ფავორიტად მიიჩნეოდა მისი თანამემამულე ანიკა ბეკი.

სინამდვილეში, გერმანელი ჩოგბურთელები შორს იყვნენ ოპტიმალური ფორმისგან და ორივე მეოთხედფინალიდან ჩამოშორდა ბრძოლას - შესაბამისად, წააგო ლიზა-მარია მოზერთან და კარინ კნაპთან. ლიდერების გარეშე ბადეში სიტუაცია ძალიან აირია. პირველ დღეებში სტატისტიკის მოყვარულთა ყურადღება მიპყრობილი იყო არანჩა რუსისკენ.

ჰოლანდიელმა, როგორც იქნა, შეწყვიტა WTA-ს ტურნირებზე 17-მატჩიანი მოუგებელი სერია - მან შეძლო დაძაბულ ბრძოლაში მარია-ტერეზა ტორო ფლორის დამარცხება - 7:5, 5:7, 6:4. მადაზე მოსულმა არანჩამ კიდევ ერთი წრე გაიარა, მაგრამ შემდეგ წააგო ავსტრიელ ივონ მოისბურგერთან - 1:6, 6:7. საბოლოოდ, მოისბურგერი მშობლიურ ტურნირზე კარიერაში მეორედ გავიდა ფინალში, ამასთან, არც ერთი სეტი არ წაუგია.

ბადის ზედა მხარეს კარგი გარღვევა გამოუვიდა იუნიორ უკრაინელ ელინა სვიტოლინას. 18 წლის ჩოგბურთელმა ასაკთან შეუსაბამო ძალიან კარგი დონე აჩვენა. სვიტოლინამ მძიმე ბრძოლაში მოუგო მეექვსე ნომრად განთესილ სამხრეთაფრიკელ შანელ სხეპერსს (7:5, 1:6, 6:1), შემდეგ გაანადგურა ავსტრიელი პატრისია მაირ-ახლაიტნერი - 6:3, 6:0. უკრაინელს WTA-ს ფინალში პირველად გასვლის კარგი შანსი მიეცა, მაგრამ მის გზაზე ანდრეა ჰლავაჩკოვა აღმოჩნდა. მათი შეხვედრა ტურნირის მშვენება აღმოჩნდა. ჩოგბურთელებმა ფინალის საგზურის გათამაშებას ორსაათნახევარი მოანდომეს და დრამატულ ბრძოლაში ჩეხმა მოიგო - 7:5, 6:7(1), 6:4.

ვისაც არ უნდა მოეგო ფინალში, მისთვის ეს იქნებოდა კარიერაში პირველი ტიტული. ყველა ფაქტი მოისბურგერის სასარგებლოდ ლაპარაკობდა. ჯერ ერთი, ივონი საკუთარი მაყურებლის წინაშე თამაშობდა, გარდა ამისა, ნახევარფინალში მან ნაკლები ენერგია დახარჯა. ფინალის პირველი პარტია თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და მისი დასასრული გადამწყვეტი აღმოჩნდა. ავსტრიელმა აიღო სეტი, მეორე პარტიისთვის კი მის მეტოქეს ძალები აღარ შერჩა. მოისბურგერმა დამაჯერებლად მოიგო - 7:5, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ხორვატი და მოლდოველი ჩოგბურთელები საკუთარი მატჩების შეგნებულად წაგებაში არიან ეჭვმიტანილნი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული