მარტინა ჰინგისი მოგებით დაბრუნდა

AutoSharing Option
ამ კვირას მიმდინარე კარლსბადის ტურნირი, პირველ რიგში, იმით იწვევს ყურადღებას, რომ იქ წყვილთა თანრიგში თამაშობს ექვსწვლიანი შემდეგ დიდ ჩოგბურთში დაბრუნებული მარტინა ჰინგისი.

შვეიცარიელი სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვას შეუწყვილდა და გუშინ, პირველი წრე ძალიან დამაჯერებლად გაიარა. ამ დუეტმა 51 წუთში გაანადგურა გერმანელი იულია გორგესისა და ხორვატი დარია იურაკის წყვილი - 6:1, 6:1. ჰინგისმა და ჰანტუხოვამ ხუთი ბრეიკი გააკეთეს და თითქმის უნაკლოდ აწვდიდნენ, რადგან არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვიათ.

მეორე რაუნდში მარტინა ჰინგისი და დანიელა ჰანტუხოვა ამერიკულ დუეტს შეხვდებიან რაკელ კოპს-ჯონსისა და
ებიგეილ სპირსის შემადგენლობით. მათ ბრიტანელი ლორა რობსონისა და ამერიკელი ლაიზა რეიმონდის წყვილს მოუგეს.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტები დაინტერესდნენ - ხომ არ აპირებს მარტინა ჰინგისი უახლოეს მომავალში ერთეულებში გამოსვლას. ამაზე შვეიცარიელმა უპასუხა: "არა. ამისთვის ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო. ტურნირებში მონაწილეობა - ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. ამის უკან დგას 6-8-საათიანი ვარჯიშები. და რაც უფრო ასაკში შედიხარ, მით უფრო რთული ხდება ამის გაკეთება. მე იმ ადამიანებს არ ვეკუთვნი, ვისთვისაც საკმარისია ორი წრის გავლა და მესამეში წაგება".

* * *
კარლსბადის ტურნირზე ერთეულებშიც ბევრი საინტერესო ხდება. მაგალითად, უიმბლდონის შემდეგ პირველად ვიხილეთ კორტზე ბელარუსი ვიქტორია აზარენკა. მან საათსა და 23 წუთში დაამარცხა იტალიელი ფრანჩესკა სკიავონე - 6:2, 6:3. მეორე ნომრად განთესილმა ვიქტორიამ ოთხი ბრეიკი შეასრულა, სკიავონემ კი ვერ შეძლო ორი ბრეიკ-პოინტის გამოყენება.

"უბრალოდ კორტზე გასვლამაც დიდი სიამოვნება და სიხარული მომიტანა. ძალიან მაკლდა სატურნირო პრაქტიკა და ბედნიერი ვარ, რომ ვაკეთებ იმას, რისთვისაც ვვარჯიშობ. რეაბილიტაციის დროს ბევრი ახალი რამ გავიგე და მოხარული ვარ, რომ ახლა, ამ ყველაფრის კორტზე გადატანა შემიძლია. ეს შესანიშნავი გრძნობაა. ამჟამად, უბრალოდ ვცდილობ მუდმივად გავაუმჯობესო საკუთარი თამაში", - განაცხადა აზარენკამ WTA-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

გამარჯვება მოიპოვა სხვა ორმა ფავორიტმა. მესამე ნომრად განთესილმა პეტრა კვიტოვამ გაანადგურა ბრიტანელი ლორა რობსონი - 6:1, 6:2. ჩეხმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ გამარჯვებას კარგი მოწოდების წყალობით მიაღწია - კვიტოვას ანგარიშზე 11 ეისი მოდის.

ასევე მოიგო ტურნირის მეოთხე ნომერმა, იტალიელმა რობერტა ვინჩიმ. მან ამერიკელ ბეტანი მატეკს ორ სეტში სძლია - 6:4, 6:2.

პირველი წრის ცენტრალური მატჩის შემდეგ, კარლსბადის ტურნირი მოქმედი ჩემპიონის გარეშე დარჩა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სერბმა ანა ივანოვიჩმა ორსაათიანი ბრძოლაში სძლია სლოვაკ დომინიკა ციბულკოვას. ამ უკანასკნელმა გასულ კვირას სტენფორდის ტურნირი მოიგო, რაც მის კარგ ფორმაზე მეტყველებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ტიტულის მოგებამ სლოვაკს ბევრი ძალა წაართვა. ივანოვიჩთან მატჩში დომინიკამ 6:4 მოიგო პირველი სეტი, მეორეში კი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, მაგრამ 3:3-დან მისი თამაში მოიშალა და ივანოვიჩმა ზედიზედ რვა გეიმის აღებით წინ გასვლა მოახერხა - 4:6, 6:3, 5:0. ამის შემდეგ, ციბულკოვამ გაბრძოლება სცადა და ზედიზედ სამი გეიმი მოიგო, მაგრამ ივანოვიჩმა შეძლო მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარტინა ჰინგისის მესამედ მოსვლა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული