აშშ-ის ღია პირველობა: 17-გზის სერენა

AutoSharing Option
ამერიკელმა სერენა უილიამსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დღეისთვის WTA-ს ტურის საუკეთესო მოთამაშეა. მან თითქმის სამსაათიან ბრძოლაში მოუგო ვიქტორია აზარენკას.

პირველად ეს ჩოგბურთელები ხუთი წლის წინ, ავსტრალიის ღიაზე შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ უილიამსმა ორ სეტში გაიმარჯვა. მას შემდეგ ისინი კიდევ 14-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ურთიერთშეხვედრათა ანგარიში იყო 12:3 ამერიკელის სასარგებლოდ. თუმცა ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ წელს ჩატარებული სამი მატჩიდან ორი ბელორუსმა ჩოგბურთელმა მოიგო.

რაც შეეხება მათ მიერ ფინალამდე განვლილ გზას, უილიამსმა ძალიან დამაჯერებლად ითამაშა და ექვსი მატჩის მოგებას შვიდ საათზე
მეტი მოანდომა. აზარენკას უფრო იოლი ბადე ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში, ფინალამდე ბოლო ორ ეტაპზე განუთესავ ჩოგბურთელებს შეხვდა. საერთო ჯამში, ბელორუსმა ორი სეტი წააგო ტურნირზე - მას გაუჭირდა დისტანციის შუაში ალიზ კორნესთან და ანა ივანოვიჩთან მატჩებში.

ფინალი ძლიერი ქარის თანხლებით მიმდინარეობდა. თავდაპირველად, რთულ პირობებს უკეთ ალღო ამერიკელმა აუღო და პირველი შვიდი გათამაშებიდან ექვსი თავის სასარგებლოდ დაასრულა. ამან წარმოშვა აზრი იმის შესახებ, რომ ფინალში შეიძლება ბრძოლა არ შემდგარიყო, მაგრამ ვიქტორიამ მალე დაიწყო უამინდობის თავის სასარგებლოდ გამოყენება და მეტოქისთვის კორტის მეორე მხარეს რთული ბურთების გადაგდება.

ამერიკელმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა და მეტოქეს ბრეიკის დაბრუნების საშუალება მისცა.

მალე რთულ პირობებს ამერიკელიც შეეჩვია და თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. მცირე უპირატესობა ბელორუსს ჰქონდა. მეათე გეიმში სერენას მოწოდებაზე ის ხუთჯერ იყო ორი ბურთით დაშორებული ბრეიკთან და ვიქტორიამ ვერ შეძლო გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა. სამაგიეროდ, ეს გააკეთა სერენამ, რომელმაც რამდენიმე უმაღლესი დონის გათამაშება შემოგვთავაზა, ზედიზედ რვა ქულა აიღო და თითქმის ერთსაათიანი ბრძოლის შემდეგ გამოსტაცა სეტი მეტოქეს.

ქალებს შორის ამერიკის ღია პირველობის ზედიზედ 18 ფინალში გამარჯვებული ხდებოდა ის ჩოგბურთელი, რომელიც პირველ სეტს იგებდა. ასე რომ, სტატისტიკა სერენას მხარეს იყო და ის გამყარდა მეორე პარტიის პირველივე გეიმში უილიამსის ბრეიკით. ამერიკელმა ეს არ იკმარა და მეორედაც აიღო მეტოქის მოწოდება, რაშიც აზარენკა დაეხმარა, რომელმაც სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა.

უილიამსის წინააღმდეგ ასეთი ჩამორჩენის გაბათილება შეუძლებელი ჩანდა და თითქოს ფინალმა ინტრიგა დაკარგა, მაგრამ, როგორც გაირკვა, ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყებოდა. 1:4-ის შემდეგ ბელორუსმა შესანიშნავი ტემპი აკრიფა და შესამჩნევად გააუმჯობესა თავისი თამაში. მან მაშინვე დაიბრუნა ერთი დაკარგულ მოწოდება, მეორეს გადარჩენა კი მაშინ მოუწია, როცა მეტოქე ტიტულზე აწვდიდა.

აზარენკა შესანიშნავად მოქმედებდა უკანა ხაზზე და იგერიებდა მეტოქის ურთულეს მოწოდებებს. თუმცა ამ გადარჩენის შემდეგ მან ისევ წააგო თავისი მოწოდება და კვლავ ლამაზ სტილში გააკეთა კიდევ ერთი ბრეიკი, რამაც პარტია ტაი-ბრეიკზე გადაიყვანა.

მე-13 გეიმი ძალიან დაძაბული გამოვიდა. ბოლოსკენ ჩოგბურთელები არანორმალურ ტემპს აჩვენებდნენ. უილიამსმა ორმაგი სეტბოლი მოიგერია, მაგრამ მესამეზე შეცდომა დაუშვა.

მესამე სეტის სტარტისთვის ჩოგბურთელებს უკვე ორი საათი ჰქონდათ გატარებული კორტზე. შესაბამისად, ლაპარაკი იყო არა მხოლოდ სათამაშო და ფსიქოლოგიურ, არამედ ფიზიკურ გამძლეობაზეც. თავიდან აზარენკა კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ სეტის შუაში გამოჩნდა, რომ კიდევ ერთი პარტიის მაღალ დონეზე ჩატარებას ის ვერ შეძლებდა.

თავის მხრივ, სერენას სათამაშო მომზადების მხრივ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. მას უკვე ყველაფერი გამოსდიოდა და აზარენკამ მეორე პარტიის ბედის შემოტრიალება ვერ შეძლო - 7:5, 6:7(6), 6:1.

ამერიკელმა კარიერაში "დიდი სლემის" მე-17 ტიტული მოიგო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ სამ ჩოგბურთელს ჩამორჩება: გერმანელ შტეფი გრაფს (22 ტიტული) და ამერიკელებს - მარტინა ნავრატილოვასა და კრის ევერტს (18-18 ტიტული).

სხვათა შორის, ამ ტურნირზე უმცროსმა უილიამსმა სარეკორდო ჰონორარი მოიპოვა - 3,6 მილიონი დოლარი მიიღო. თასის აღებისთვის მან 2.6 მილიონი დაიმსახურა, გარდა ამისა, დამატებით მილიონიანი ბონუსი დაიმსახურა ამერიკული ტურნირების სერიის მოგებისთვის.

1/2-ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 2) 7:5, 6:7(6), 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აშშ-ის ღია პირველობა: შარშანაც ასე იყო
მკითხველის კომენტარები / 1 /
მარგარეტ კორტს 24 სლემი აქ მოგებული
dondon
15:14 10-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული